title
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 10 ოქტომბერს აღინიშნება და მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. მსოფლიო დღის მიმდინარე წლის თემაა „ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველასათვის: მოდი, ვაქციოთ რეალობად!”
ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO-ს) პრიორიტეტია მისი დაარსების დღიდან (1948 წ.); განსაკუთრებული მნიშვნელობა კი COVID-19-ის პანდემიის პირობებში მიენიჭა.
საზოგადოებისათვის ფსიქოლოგიური გამოწვევა აღმოჩნდა როგორც COVID-19-თან დაკავშირებული შიში და გაურკვევლობა, ასევე COVID-19-ის გავრცელების პრევენციისაკენ მიმართული ისეთი ზომები, როგორიცაა კარანტინი და იზოლაცია. პანდემიამ განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ჯანდაცვის და ფრონტის წინა ხაზზე მყოფ პერსონალზე, სტუდენტებზე, მარტო მცხოვრებ ადამიანებზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებზე.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გაღრმავებას ხელი შეუწყო სოციალურ-ეკონომიკურმა ფაქტორებმაც. მოსალოდნელია, რომ შრომის პირობების არასტაბილურობამ, უმუშევრობამ და მომავლის წინასწარ განსაზღვრის შეუძლებლობამ, ათწლეულების წინ გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე განვითარებული პრობლემების მსგავსად გამოწვიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გაღრმავება.
COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან 18 თვეზე მეტი გავიდა. ზოგიერთ ქვეყანაში ცხოვრება ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება, თუმცა რიგ ქვეყნებში COBVID-19-ის გავრცელება და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ოჯახებსა და საზოგადოებაზე. სწორედ ამ დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმთელობაზე ზრუნვას.
ჯანმოს მიერ 2020 წლის შუა პერიოდში განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქიკური, ნევროლოგოიური და ნივითიერებადამოკიდებულებაზე არსებული სერვისები მნიშვნელოვნად შეფერხდა პანდემიის დროს.
თუმცა, არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი. 2021 წლის მაისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე ქვეყნების მთავრობებმა აღიარეს, რომ აუცილებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და მხარი დაუჭირეს ჯანმო-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის ყოვლისმომცველ 2013-2030 წლების სამოქმედო გეგმას და იმსჯელეს განახლებული გეგმის განხორციელების გეგმებსა და პროგრესის შეფასების ინდიკატორებზე.
დროა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების ლიდერებმა გააძლიერონ ძალისხმევა, რათა ფსიქიკური ჯამრთელობის ხარისხიანი სერვისები ყველასათვის რეალობად იქცეს. ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე ისაშუალებას აძლევეს მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს განიხილონ, თუ რა ნაბიჯები იდგმება და რა არის სამომავლო გეგმები ამ მიზნის მისაღწევად.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მიზანი არამხოლოდ თემის ადვოკატირებაა, მისი მიზანია დაეხმაროს ადამიანებს იზრუნონ საკუთარი და სხვა ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მიმდინარე კამპანიის მასალებში აქცენტი კეთდება ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთერთ ყველაზე გავრცელებულ მდგომარეობაზე - დეპრესიაზე.
#WorldMentalHealthDay
#ფსიქიკურიჯანმრთელობისდღე
წყარო:
1. https://www.who.int/campaigns/world-mental-health-day/2021/about
2. https://www.euro.who.int/en/health-topics/noncommunicable-diseases/mental-health/news/news/2020/8/whoeurope-to-establish-a-mental-health-coalition-to-support-system-reforms-and-covid-19-recovery?fbclid=IwAR1roJFQp7AhXV0RwrnwoLQ_1lie9llWNY11p7M-cWcCmNprCqMAueP-cHs
დეპრესია
ფაქტები
• დეპრესია გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა. გლობალურად, ზრდასრულთა 5% იტანჯება დეპრესიით
• მსოფლიოში, დეპრესია უნარშეზრუდულობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია
• ქალები კაცებთან შედარებით მეტად იტანჯებიან დეპრესიით
• დეპრესია თვითმკვლელობის ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია
• არსებობს დეპრესიის მკურნალობის ეფექტური საშუალებები
მიმოხილვა
დეპრესია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით 3.8% (ზრდასრულების 5% და 60 წელზე მეტი ასაკის 5.7%) უვლინდება.
გლობალურად, დაახლოებით 280 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება ამ მდგომარეობით და აბსოლუტურად განსხვავდება გუნება-განწყობილების ცვლილებებისა და ხანმოკლე ემოციური პასუხებისაგან, რომელიც ადამიანებს უჩნდებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში.
დეპრესია ხანგრძლივი, საშუალო და მძიმე ინტენსივობის მდგომარეობაა, რომელიც შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სერიოზული პრობლემა გახდეს. ადამიანი, რომელსაც დეპრესია უვლინდება, სამსახურში, სკოლასა თუ ოჯახში შესაბამისად ვერ ფუნქციონირებს. ამავდროულად, დეპრესიამ შესაძლოა ადამიანი თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს. ყოველწლიურად, დაახლოებით 700 000 ადამიანი იღუპება სუიციდით. ის, 15-29 წლის ასაკში სიკვდილობის მეოთხე წამყვანი მიზეზიზია.
მართალია, ცნობილია დეპრესიის მკურნალობის ეფექტური საშუალებები, თუმცა, დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში 75% არ ღებულობს შესაბამის მკურნალობას. დეპრესიის ეფექტური მკურნალობის ბარიერებს წარმოადგენს: რესურსების ნაკლებობა, ჯანდაცვის შესაბამისი სერვისების მიმწოდებლების ნაკლებობა და მენტალურ დარღვევებთან დაკავშირებული სტიგმა
მკურნალობისთვის სხვა, შესაძლო ბარიერი, სიტუაციის არასწორი შეფასებაა. ნებისმიერი შემოსავლის ქვეყანაში, ხშირად, დეპრესიის მქონე პირების დიაგნოსტირება არასწორად ხდება; შესაძლოა, ანტიდეპრესანტებით უმკურნალონ ადამიანს, რომელსაც არ აქვს დეპრესია.
ტიპები და სიმპტომები
დეპრესია შესაძლოა გამოვლინდეს გუნება-განწყობილების დაქვეითებით (სევდა, გაღიზიანება, სიცარიელის შეგრძნება), მოვლენებისადმი ინტერესის დაკარგვით; ენერგიის შემცირებით, რაც ხასიათდება დაქვეითებული აქტივობით მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში. დეპრესიული ადამიანები ხშირად იტანჯებიან შფოთვით, ძილის და მადის დარღევით; აწუხებთ დანაშაულის გრძნობა და დაბალი თვითშეფასება, უიმედოობა და სიკვდილზე და/ან თვითმკვლელობაზე ფიქრი.
ზოგჯერ შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, დაღლილობა, სისუსტე. თუმცა, ეს სიმპტომები არ არის გამოწვეული სხვა სამედიცინო მდგომარეობით.
დეპრესიული ეპიზოდის დროს ადამიანი განიცდის მნიშვნელოვან სირთულეებს პირად, ოჯახურ, სოციალურ, პროფესიულ და/ან ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
სიმპტომების სიხშირისა და სიმძიმის მიხედვით დეპრესიული პერიოდები იყოფა მსუბუქ, საშუალო და მძმე ეპიზოდებად.
განწყობის დარღვევის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მათ შორის:
• დეპრესიული აშლილობის ერთი ეპიზოდი - გულისხმობს, რომ ადამიანს გამოუვლინდა დეპრესიის პირველი და ერთადერთი ეპიზოდი;
• განმეორებითი დეპრესიული აშლილობა - ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს მინიმუმ ორი დეპრესიული ეპიზოდის ისტორია; და
• ბიპოლარული აფექტური აშლილობა - ამ ტიპის დეპრესია როგორც წესი, ხასიათდება დეპრესიული და მანიაკალური ეპიზოდების მონაცვლეობით. მანიაკალური ეპიზოდები ვლინდება ამაღლებული და გაღიზიანებული განწყობით, ჰიპერაქტივობით, მოჭარბებული საუბრით, მომატებული თვითშეფასებითა და ძილის მოთხოვნის შემცირებით, ყურადღების გაფანტვით და იმპულსური ქცევებით.
ხელშემწყობი ფაქტორები და პრევენცია
დეპრესია სოციალური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედების შედეგია. ადამიანები, რომელთაც უარყოფითი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ (უმუშევრობა, ახლობლის გარდაცვალება, ფსიქოლოგიური ტრავმა), მეტად არიან მიდრეკლნი დეპრესიისადმი, რაც თავის მხრივ ართულებს ამ კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებისეულ სიტუაციას.
დეპრესიასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის არსებობს ურთიერთკავშირი. მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიონ დეპრესია და პირიქით.
პრევენციულ პროგრამებს დეპრესიის შემცირება შეუძლიათ. ეფექტური საზოგადოებრივი მიდგომები მოიცავს სკოლებზე დაფუძნებულ პროგრამებს, რომელიც ორიენტირებულია ბავშვებსა და მოზარდებში დანერგოს პოზიტიური აზროვნება. მშობლებზე (რომელთა შვილებსაც ქცევითი პრობლემები აქვთ) მიმართული ინტერვენცია არამარტო მათში ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს, არამედ დადებითად აისახება მათი შვილების გამოსავალზეც. დეპრესიის პრევენციისთვის ასევე შესაძლოა ეფექტური იყოს ხანდაზმულებზე მიმართული სავარჯიშო პროგრამებიც.
დიაგნოზი და მკურნალობა
საშუალო და მძიმე დეპრესიისთვის არსებობს ეფექტური მკურნალობა. ჯანდაცვის პროვაიდერებს შეუძლიათ ინდივიდებს შესთავაზონ ფსიქოლოგიური მკურნალობა (როგორიცაა ქცევითი გააქტიურება, შემეცნებითი ქცევითი თერაპია, ინტერპერსონალური ფსიქოთერაპია) ან ანტიდეპრესანტული მედიკამენტები. ამავდროულად, ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლებმა უნდა გაითვალისწინონ ანტიდეპრესანტული მედიკამენტების შესაძლო გვერდითი ეფექტები, ნებმისმიერი სხვა ინტერვენციის გამოყენების შეასძლებლობა და ინდივიდუალური თავისებურებები. სხვა ტიპის ფსიქოლოგიური ჩარევის ფორმატი მოიცავს პროფესიონალების ან თერაპევტების ზედამხედველობით მიწოდებულ ინდივიდუალურ და/ან ჯგუფურ ფსიქოლოგიურ მკურნალობას. ფსიქოლოგიური მკურნალობა ეფექტურია მსუბუქი დეპრესიისას, ანტიდეპრესანტები კი შეაძლოა ეფექტური იყოს საშუალო/მძიმე ფორმების შემთხვევაში, თუმცა ბავშვებში მათი გამოყენება არაა მიზანშეწონილი, ხოლო მოზრდილებში უნდა დაინიშნოს სიფრთხილით.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხი
ჯანმო-ს ფსიქიკური ჯანმრთელობის 2013-2030 წლების სამოქმედო გეგმა ხაზს უსვამს ნაბიჯებს, რომლებიც საჭიროა ფსიქიკური აშლილობის, მათ შორის დეპრესიის მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი ჩარევის უზრუნველსაყოფად.
დეპრესია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რომელსაც მოიცავს WHO ფსიქიკური ჯანმრთელობის Gap სამოქმედო პროგრამა (mhGAP). პროგრამის მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს ფსიქიკური, ნევროლოგიური და წამალდამოკიდებულების პრობლემების მქონეთათვის სერვისების გაზრდაში, მენტალურ ჯანმრთელობაზე არასპეციალიზირებული ჯანდაცვის პროფესიონალების ჩართვით.
პროგრამა ამტკიცებს, რომ შესაბამისი მკურნალობით, ფსიქოლოგიური დახმარებითა და მედიკამენტებით, ფსიქიკური აშლილობის (მათ შორის დეპრესიის) მქონე ათობით მილიონი პირი შეძლებს დაიწყოს ნორმალური ცხოვრება - მაშინაც კი, როდესაც რესურსები შეზღუდულია.
მომზადებულია შემდეგი წყაროს მიხედვით:
https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/depression