Logo

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი - ძალისხმევათა მხარდაჭერა ადამიანის, ცხოველებისა და გარემოს ჯანმრთელობის სფეროებში

title

2019 წლის 1 ნოემბერს 11:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ერთიანი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სლოგანით
ძალისხმევათა მხარდაჭერა ადამიანის, ცხოველებისა და გარემოს ჯანმრთელობის სფეროებში
შეხვედრას დაესწრებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ანტიმიკრობული რეზისტენტობის საერთაშორისო ცენტრის(კოპენჰაგენი, დანია) წარმომადგენლები.
2018 წელს, ცენტრი შეუერთდა აღნიშნულ გლობალურ ინიციატივას და უკვე მეორედ ატარებს ერთიანი ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს.
შეხვედრაზე განხილულ იქნება ზოონოზური ინფექციებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებისადმი ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები იმსჯელებენ ერთიანი ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებზე და დაიგეგმება საქართველოში აღნიშნული მიდგომით გასატარებელი ღონისძიებები.
ერთიანი ჯანმრთელობის კონცეფცია გაერთიანებულ ჭრილში აღიქვამს ადამიანს, ცხოველებსა და მათთან დაკავშირებულ ეკოსისტემას, შესაბამისად, აღნიშნული მიდგომა აუცილებელია ზოონოზური დაავადებების ჭეშმარიტი ტვირთის განსაზღვრისა და შემცირებისათვის.
საქართველოსთვის აღნიშნული კონცეფცია ახალი არ არის. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს წლების განმავლობაში აკავშირებს მჭიდრო თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის დაქვემდებარებულ უწყებებთან - სურსათის ეროვნული სააგენტოსა (NFA) და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასთან(LMA).
მიმდინარე წელს, აქცენტი გაკეთდება ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე (ამრ). მოგეხსენებათ, რომ ამრ-ი ევროკავშირის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტია. ამრ-თან ბრძოლის ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა გლობალური სტრატეგიაა, რომელიც ეფუძნება მულტიდისციპლინურ თანამშრომლობასა და კომუნიკაციას მედიცინის, ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის სექტორებს შორის. ამრ-ის საწინააღმდეგო გლობალური სამოქმედო გეგმა შემუშავებულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. აღნიშნული სამოქმედო გეგმა ერთხმად მიღებულ იქნა 2015 წლის მაისში ჯანმო-ს მსოფლიო ანსამბლეაზე. საქართველოს ამრ-ის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიაც, რომელიც დამტკიცებულია 2017 წლის 11 იანვრის მთავრობის განკარგულებით, ეფუძნება ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომას და სხვა საკითხებთან ერთად, სოფლის მეურნეობასა და ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების გამოყენების შესწავლას და მათ შეზღუდვაზე ამახვილებს ყურადღებას.
ვებ გვერდი: www.ncdc.ge
ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)
საკონტაქტო პირები: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, ამბროსი კეკელიძე 599 94 64 31
მისამართი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, #99