Logo

26 ივნისი - ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე „მეტი ცოდნით უკეთესი ზრუნვისთვის“ , 2020

title

გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ  26 ივნისი  გამოცხადებულია ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ. ეს დღე ყოველწლიურად  1987 წლიდან  აღინიშნება და მისი მიზანია   საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ ნარკოტიკების მოხმარება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, უარყოფით გავლენას ახდენს ურთიერთობებზე, ხელს უშლის სრულფასოვანი განათლების მიღებასა და დასაქმებას. ნარკოტიკების მოხმარება განსაკუთრებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს ახალგაზრდებისათვის. ეს დღე მოუწოდებს ყველას გააძლიერონ თანამშრომლობა და ქმედებები ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან თავისუფალი საერთაშორისო საზოგადოების მისაღწევად .   

2020 წლის კამპანია აღინიშნება სლოგანით:  „მეტი ცოდნით უკეთესი ზრუნვისათვის“,  რომლის მიზანია  ნარკომანიასა და  ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ გლობალური პრობლემებზე ყურადღების გამახვილება, საზოგადოების  ინფორმირებულობის დონის ამაღლება და ხაზგასმა იმისა, თუ რა როლი შეუძლია შეასრულოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ნარკოტიკებთან წინააღმდეგ ბრძოლაში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, მმართველობის მიმართულებით.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC)  მოუწოდებს მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორს და წევრ ქვეყნებს ჩაერთონ სოციალურ მედია კამპანიაში ამ დღის აღნიშვნის ხაზგასმისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით.   

https://www.un.org/en/events/drugabuseday/     


სიტუაცია საქართველოში

გაეროს მიერ ჩატარებული კვლევის პირველადი მონაცემებით საქართველო 15-დან 64 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ინექციური ნარკოტიკების მოხმარების გავრცელების დონით, შესწავლილ 220 ქვეყანას შორის მესამე ადგილზეა 

ევროპის ალკოჰოლისა და სხვა ნარკოტიკების სასკოლო პროექტის (ESPAD 2019)  – 2019 წლის მონაცემებით 16 წლის ქართველ მოსწავლეებში სიცოცხლის განმავლობაში მარიხუანას მოხმარება 14,5%-ია (ბიჭი – 22,7%, გოგონა – 7,4%); უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში – 10% (ბიჭი – 16,4%, გოგონა – 4.5%); უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში კი – 10% (ბიჭი – 13,1%, გოგონა–7.5%). მარიხუანის გარდა ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკებია ინჰალანტები 5,2%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს (ბიჭი-5,3%,გოგონა- 5,2%), უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში გაუსინჯავს 2,9%-ს (ბიჭი - 2.5%, გოგონა - 1.4%), მაგიური სოკოები სიცოცხლის განმავლობაში გაუსინჯავს 2,1%-ს (ბიჭი-2,4%, გოგონა 1,9%) ასევე გვხვდება ექსტაზის, მეტამფეტამინის, ამფეტამინის, კოკაინის, ჰეროინის მოხმარების შემთხვევები.