Logo

საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული, 18 -24 იანვარი , 2021

title

იანვარი - საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ინფორმირებულობის ამაღლების თვე

ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქალს იცავს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან!

საშვილოსნოს ყელის კიბოს პირველადი პრევენციის მიზნით ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქციანაცია უნდა ჩატარდეს . საქართველოში აპვ ვაქცინაცია სავალდებულო პორფილაქტიკური აცრების სიაში შედის. აცრა ტარდება 10-11-12 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი ორ-დოზიანია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა. ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა და ის ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში (პოლიკლინიკებში).

ვაქცინაცია არ ცვლის სკრინინგს; ვაქცინაციის დანერგვის შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგული პროგრამები ჩვეულებრივად გრძელდება.

ძირითადი ფაქტები ადამიანის პაპილომა ვირუსის შესახებ

·      ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) ვირუსთა ჯგუფია, რომელიც ძალზე გავრცელებულია მსოფლიოში.

·      ცნობილია ადამიანის პაპილომა ვირუსის ასზე მეტი გენოტიპი, რომელთაგან 13 კიბოს გამომწვევია.

·      HPV ძირითადად სქესობრივი კონტაქტის გზით გადაეცემა და ადამიანთა უმეტესობა სქესობრივი აქტივობის დაწყებიდან ძალიან მოკლე დროში ინფიცირდება.

·      HPV ვირუსის ორი გენოტიპი (16 და 18) იწვევს საშვლოსნოს ყელის კიბოს და საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების 70%-ს.

მიმოხილვა

ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) რეპროდუქციული ტრაქტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია. სქესობრივად აქტიური ქალებისა და მამაკაცების უმეტესობა ინფიცირდება ცხოვრების რაღაც ეტაპზე და შესაძლებელია აგრეთვე განმეორებითი ინფიცირებაც. ინფექციის შეძენის ყველაზე მაღალი ალბათობა, როგორც ქალების ასევე მამაკაცებისთვის,  სქესობრივი აქტივობის დაწყების პერიოდზე მოდის.

პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი გენოტიპია ცნობილი. მათ ორ დიდ ჯგუფად ყოფენ: დაბალი რისკისა და მაღალი რისკის გენოტიპებად. დაბალი რისკის (HPV 6, 11, 42, 43, 44 და სხვა არაონკოგენური) გენოტიპები მახვილწვერა კონდილომას იწვევენ, მაგრამ ნაკლებად ასოცირდებია სასქესო ორგანოების კიბოს წინარე დაავადებებსა და კიბოსთან. მაღალი რისკის გენოტიპებია (ასეთია 13 ტიპი): HPV 16,  18,  31,  33,  35,  39,  45,  51, 52, 56, 58, 59, 66, 68). ონკოგენურ ტიპებს შორის ყველაზე ხშირია მე-16 და მე-18 ტიპები. მე-16 ტიპზე მოდის საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარი, ხოლო მე-18 ტიპზე – 10-12%. პაპილომა ვირუსების სხვა ონკოგენური ტიპებია 31, 33, 45, 52, 58, რომელთაგან თითოეული ასოცირებულია გენიტალური სიმსივნეების 2-4%-თან. რაც შეეხება მე-6 და მე-11 ტიპებს, რომლებიც პაპილომა ვირუსების ძალიან ხშირი და გავრცელებული ტიპებია, ისინი არ იწვევს სიმსივნეებს და ასოცირებულა გენიტალური მეჭეჭების განვითარებასთან.

დიაგნოსტიკა

აპვ-დიაგნოსტიკა ითვალისწინებს:

Ø  უშუალოდ ვირუსის გამოვლენას . HPV-DNA სინჯის მეშვეობით შესაძლებელია ვირუსის მაღალი რისკის ქვეტიპების არსებობის დადგენა აღნიშნული სინჯით სკრინინგის შედეგად საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებს გამოავლენენ ადრეულ სტადიაში ვიდრე ვირუსი საშვილოსნოს ყელის უჯრედებს დააზიანებს აღნიშნული სინჯით შესაძლებელია დაავადების პირველი ნიშნების ადრეულ ეტაპზე ამოცნობა და ეფექტური მკურნალობა .

 

Ø  PAP-ტესტი საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის ციტოლოგიური გამოკვლევაა. ის რეკომენდებულია ყველა ქალისთვის, ვინც სქესობრივ ცხოვრებას ეწევა. ტესტი გამოავლენს ინტრაეპითელურ დაზიანებას, ავთვისებიან პროცესს ან მიკროორგანიზმებით (ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებით) გამოწვეულ   უჯრედულ ცვლილებებს. თუ ნაცხში პათოლოგიური უჯრედები აღმოჩნდა, უნდა მოხდეს მათი შეფასება-განსაზღვრა პათოლოგიის სიმძიმის მიხედვით.

 

ცერვიკალური ნაცხის ციტოლოგიური ანალიზით კლასიფიცირდება საშვილოსნოს ყელის  შიდა ეპითელური ნეოპლაზია (CIN). CIN დაჯგუფებულია სამ კატეგორიად:

CIN 1: მსუბუქი დისპლაზია, CIN 2: საშუალო დისპლაზია და CIN 3: მძიმე დისპლაზია ადგილობრივი ადენოკარცინომა.

 

ნიშნები და სიმპტომები

HPV-ით ინფიცირება ხშირად არ იწვევს რაიმე სიმპტომს ან დაავადებას და სპონტანურად გაივლის. თუმცა პაპილომა ვირუსის ცალკეულ გენოტიპებს (განსაკუთრებით მე- 16 და მე-18) შეუძლიათ გამოიწვიონ კიბოსწინარე დაავადებები, წყლულები. ასეთი არანამკურნალები წყლულების კიბოდ გარდაქმნის რისკი დიდია.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმპტომებს გვიანი გამოვლენა ახასიათებთ, როცა კიბო უკვე შორსწასულია და ვლინდება შემდეგი სახით:

·                     არარეგულარული, ინტერმენსტრუალური სისხლდენა ან სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს.

·                     ტკივილი ზურგის, ფეხის ან მენჯის არეში.

·                     გადაღლა, წონის ან მადის დაკარგვა.

·                     ვაგინალური დისკომფორტი ან სუნიანი გამონადენი.

დაავადების შემდგომ ფაზაში შეიძლება გამოვლინდეს უფრო მძიმე სიმპტომები.

 

როგორ მივყავართ ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირებას საშვილოსნოს ყელის კიბომდე

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსით ინფიცირება ჩვეულებრივ თავისით გაივლის და უხშირესად პრეკანცერული წყლულები სპონტანურად ალაგდება ხოლმე, თუმცა ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი, რომ პაპილომა ვირუსული ინფექცია გარდაიქმნება ქრონიკულ, კიბოსწინარე წყლულად და გადაგვარდება აგრესიულ დააავდებად - საშვილოსნოს ყელის კიბოდ. ნორმალური იმუნური სისტემის მქონე ქალებში ეს პროცესი შეიძლება 15-20 წელი გაგრძელდეს, ხოლო დაზიანებული იმუნური სისტემის შემთხვევაში ეს პერიოდი უფრო მოკლეა - 5-10 წელი.

HPV პერსისიტენციისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკის ფაქტორები

·                     სქესობრივი ურთიერთობების ნაადრევი დაწყება

·                     მრავალი სქესობრივი პარტნიორის ყოლა

·                     თამბაქოს მოხმარება

·                     იმუნური სუპრესია (მაგალითად ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსული ინფექციის (აივ ინფექცია) მქონე პირები არიან პაპილომა ვირუსის ინფექციის  მაღალი რისკის ქვეშ და აქვთ HPV-ს გენოტიპების ფართო სპექტრი).

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიცია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს და აპვ-თან ასოცირებულ დაავადებებს  საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ პრობლემად მიიჩნევს და კვლავ ადასტურებს მის რეკომენდაციას აპვ-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის ეროვნულ სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის თაობაზე.

ჯანმო აღიარებს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს და აპვ-თან დაკავშირებული დაავადებების პრევენცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტია. ვაქცინაციის სახელმწიფო სტრატეგიის რენტაბელობის გათვალისწინებით, შესაძლებელია  მისი პროგრამული დანერგვა ქვეყნის და რეგიონის დონეზე.  

ორივე აპვ-ს ბივალენტური და კვადრავალენტური ვაქცინა  უსაფრთხოა და გამოირჩევა ეფექტურობით.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით 2020 წელს გლობალურად საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზი 604 000 ქალს დაესვა და დაახლოებით 342 000 ქალი გარდაიცვალა.

ჩაუტარეთ თქვენს გოგონებს აცრები, რომელიც მოზრდილობაში ჩატარებულ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგთან ერთად მათ დაიცავს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისაგან.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: www.ncdc.ge ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

https://www.who.int/health-topics/cervical-cancer#tab=tab_1