title
წყარო: National Cancer Survivors Day Foundation
კიბოს გადარჩენილთა დღე - ეს სიცოცხლის ყოველწლიური უძვირფასესი ზეიმია, რომელიც ივნისის პირველ კვირას კიბოს გადარჩენილთა ეროვნული დღის ფონდის ეგიდით მთელ მსოფლიოში, ათასობით თემსა და ქვეყანაში აღინიშნება. წელს ამ დღის დაარსების 33 წლისთავია.
მსოფლიოში დღეისათვის 32 მილიონზე მეტი კიბოს გადარჩენილი ადამიანი ცხოვრობს. ძნელად მოიძებნება პირი, ვის ცხოვრებაზეც უშუალოდ ან ირიბად არ იმოქმედა ამ დაავადებამ. აღნიშნულ დღეს მსოფლიოში ათასობით ადამიანი იკრიბება, რათა პატივი მიაგოს კიბოს გადარჩენილ ადამიანებს, გაამხნევონ კიბოს დიაგნოზის მქონე ადამიანები, და დაანახოს მსოფლიოს, რომ კიბოს დიაგნოზის შემდეგ სიცოცხლე შეიძლება ნაყოფიერი, სასარგებლო და შთამაგონებელიც კი იყოს.
კიბოს გადარჩენილთა ეროვნული დღის ფონდი - National Cancer Survivors Day Foundation (NCSD) წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მთავარი მისიაა კიბოს გადარჩენასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა, კიბოს გადარჩენილთა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
NCSD სთავაზობს შესაძლებლობას ყველა ადამიანს კიბოს დიაგნოზით, მათ შორის 17 მილიონ კიბოს დიაგნოზით გადარჩენილ ამერიკელ პაციენტს, დაუკავშირდნენ ერთმანეთს, აღნიშნონ გამარჯვება, აღნიშნონ იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც მათ მხარს უჭერდა ამ გზის გავლისას. ასევე, ამ დღის აღნიშვნის მიზანია ყურადღება გამახვილდეს კიბოს გადარჩენაში მიმდინარე გამოწვევებზე, რათა ხელი შეუწყონ მეტი რესურსის მობილიზებას, კვლევას და მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავებას კიბოს დიაგნოზით გადარჩენილი პაციენტებისთვის, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
კიბოს გადარჩენილთა რიცხვი უწყვეტად იზრდება და, შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ მოსახლეობის ყოველდღიური საჭიროებების მოგვარება. გარდა სერიოზული დაავადებისა, სიმსივნით გადარჩენილ პაციენტებს უხდებათ წამლების გაზრდილ ფასებთან, არასაკმარისი სადაზღვევო დაფარვის, სამუშაოს პოვნის ან სამუშაოს შენარჩუნების სირთულეებთან გამკლავება და მიმდინარე ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ფინანსურ გამოწვევებთან ბრძოლა, რომელიც გრძელდება მკურნალობის დასრულების შემდეგაც.
კიბოს მკურნალობაში მეცნიერებმა უდიდესს პროგრესს მიაღწიეს და ახლა მთავარია, ჩვენ ვიზრუნოთ, პაციენტები არ იყვენენ დავიწყებულნი, მას შემდეგ, რაც აქტიური მკურნალობის პერიოდი ჩაივლის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უერთდება კიბოს გადარჩენილთა დღის მოწოდებას „კიბოს დიაგნოზის შემდგომ ცხოვრება ღირებულია და კიბოს გადარჩენილთა ცხოვრების უკეთესი ხარისხისათვის ბრძოლა მნიშვნელოვანია! მოდით კიბოს გადარჩენილთა დღეს ერთად #ვიზეიმოთსიცოცხლე და გავზარდოთ ცნობიერება კიბოსგან გადარჩენის გამოწვევებზე“. #NCSD2020
საქართველოში მოქმედებს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოზე გამოკვლევას. პროგრამის ფარგლებში სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. სკრინინგის მიზანია აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე. კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარებისა და სიკვდილობის რისკის მკვეთრ შემცირებას.
ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება 40-70 წლის ასაკის ქალებში. პროგრამა უზრუნველყოფს: მამოგრაფიას, ექიმის მიერ ძუძუს ხელით გასინჯვას და საჭიროების შემთხვევაში, სხვა გამოკვლევებს.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება 25-60 წლის ასაკის ქალებში.
პროგრამა უზრუნველყოფს: პაპ–ტესტის ჩატარებას და საჭიროების შემთხვევაში სხვა გამოკვლევებს.
ჩაიტარეთ კიბოს სკრინინგი! დარწმუნდით, რომ ჯანმრთელი ხართ ან დროულად გამოავლინეთ დაავადება, რაც შედეგიანი მკურნალობისა და თქვენი სრულფასოვანი ცხოვრების გარანტი იქნება!
ცხელი ხაზი: 116001
Facebook:
https://www.facebook.com/cancerscreening2019/
წყარო: https://www.ncsd.org/news-1/spread-the-news