Logo

თამბაქოს კონტროლი

title

თამბაქოს კონტროლი

 თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკა

 

„არსებობს უამრავი სამედიცინო და მეცნიერული საბუთი იმისა, რომ

 სიგარეტის მოხმარება იწვევს ფილტვის კიბოს, გულის დაადვადებებს,

ემფიზემას და სხვა სერიოზულ დაავადებებს მწეველებში...

არ არსებობს  სიგარეტის უსაფრთხო ფორმა...“ ფილიპ

მორისის თამბაქოს კომპანია [i] (1999 წელი)

 

 

უკლებლივ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. თავისუფალია არჩევანი როგორც თამბაქოს მოხმარებაზე ასევე, მოხმარებისგან თავის შეკავებაზე. თუმცა, არჩევანის თავისუფლება არ გულისხმობს სხვებისთვის ზიანის მიყენების უფლებას. თამბაქოს მოხმარებისაგან კი ზიანი მწეველთან ერთად ადგებათ იმათ, ვინც არ მოიხმარს თამბაქოს, მაგრამ ხვდება გარემოში სადაც სხვები ეწევიან.

საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა 2003 წლიდან არსებობს, თუმცა მისი აღსრულება წლების განმავლობაში შესაბამისად ვერ ხორციელდებოდა. მოუხედავად არსებული კანონმდებლობისა, სულ რამოდენიმე თვის წინაც კი მწეველებს შეეძლოთ მოეწიათ და თავი კომფორტულად ეგრძნოთ თითქმის ყველგან და ყოველთვის. შედეგიც სახეზეა. საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებისგან 11 000 ადამიანი, მათ შორის 3000 პასიური მწეველი იღუპება (პასიური მწეველია ადამიანი, რომელიც არ მოიხმარს თამბაქოს, მაგრამ ჩაისუნთქავს თამბაქოს კვამლით დაბინძურებულ ჰაერს).

2013 წელს საზოგადოების თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან დაცვისა და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მიზნით, საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში დაიგეგმა ცვლილებების შეტანა; მკაცრდება რეგულაციები და კანონის აღსრულების მექანიზმი ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა თამბაქოთი ვაჭრობა სასწავლო დაწესებულებებთან, არასრულწლოვნებზე გაყიდვა, მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  ტრანსპორტში, სასწავლო, სამედიცინო დაწესებულებებში... იზარდება ფასი სიგარეტზე...

კანონმდებლობაში თამბაქოს კონტროლის კუთხით მიმდინარე ცვლილებმა თამბაქოს მომხმარებლებში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ცვლილებებს მწეველების უფლებების დარღვევად მიიჩნევს; ზოგის აზრით მომატებული ფასი სიგარეტზე  სახელმწიფოს მხრიდან მათი „გაძარცვის“ მორიგი ხერხია... თუმცა, კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების მიზანი არათუ მწეველების შევიწროება, არამედ მათი, ისევე როგორც არამწეველების ჯანმრთელობის დაცვაა.

მსოფლიოს ისტორიაში  თამბაქოს კონტროლის პირველ მცდელობებს  ადგილი  ჯერ კიდევ მანამ ქონდა, სანამ ცივილიზებული სამყარო თამბაქოს მავნებლობის შესახებ აღმოჩენებს გააკეთებდა. თავდაპირველად, თამბაქოს მოხმარების აღკვეთის  მცდელობებს  მორალური საფუძველი უფრო ქონდა, ვიდრე წუხილები ჯანმრთელობაზე, თუმცა, სასჯელი ხშირად უმკაცრესი იყო. ცნობილია, რომ მე-17 საუკუნის დასაწყისში, თამბაქოთი ვაჭრობის გამო ირანის შაჰმა სეფიმ 2 ვაჭარი სიცოცხლეს  სასტიკი ხერხით გამოასალმა - მათ ცხელი ტყვია ჩაასხეს პირში. ახალი, მაგრამ მალევე მსოფლიოს სენად ქცეული ჩვევა არც ჩვენს მეზობელ ქვეყანას, რუსეთს, მიუღია ხელგაშლილად.  რუსეთის მეფე ალექსიმ (1634 წელს) თამბაქოს მოხმარების პირველ შემთხვევაზე სასჯელად გამათრახება, ცხვირის მოჭრა  და გაციმბირება, მეორე შემთხვევაზე კი სიკვდილით დასჯა დააწესა. მკაცრი იყო  ჩინეთის 1634 წლის რეგულაციებიც თამბაქოს დისტრიბუციასა და გამოყენებაზე და დეკაპიტაციას (თავის მოჭრა) განსაზღვრავდა[ii]. თამბაქოს კონტროლის ერთ-ერთ პირველ მცდელობას ადგილი ქონდა ინგლისშიც (1604წ): პირველი გადასახადები თამბაქოზე ინგლისის მეფემ ჯეიმს პირველმა დააწესა.  მიუხედავად მკაცრი სასჯელისა, თამბაქოს ინდუსტრიამ მაინც შეძლო ფეხის მოკიდება სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. აქ თამბაქო  მე-18 საუკუნეში შემოვიდა და არათუ იკრძალებოდა, არამედ  უკვე მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში მეთამბაქოებაც განვითარდა.[iii]

მართალია არამიზანმიმართული, მაგრამ ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც  ნიკოტნის შემცველი ნაწარმის გაყიდვების რეგულაციას ითვალისწინებდა, მიღებული იყო აშშ-ში - „ფედერალური კანონი საკვებსა და წამლებზე“ (Federal Food and Drugs Act-1906 ). ის ფალსიფიცირებული მედიკამენტებისა და საკვების გაყიდვას კრძალავდა და  ეტიკეტებზე მათი შემადგენლობის დაწერას მოითხოვდა. რამდენადაც,  ნიკოტინი ნარკოტიკული ნივთიერებების სიაში შედიოდა, ამ კანონით შესაძლებელი ხდებოდა ნიკოტინის შემცველი ნაწარმის (თამბაქოს) გაყიდვების რეგულირება.  თამბაქოს ინდუსტრიამ, თავისი უკვე მრავალმილიონიანი ბიზნესისთვის მუქარა იგრძნო, თუმცა საფრთხე მარტივად აიცილა.  კერძოდ, მათი ლობირებით ნიკოტინი ამოღებულ იქნა მედიკამენტების სიიდან იმის ნიადაგზე, რომ ის არ გამოიყენებოდა დაავადებების პრევენციის, მკურნალობის ან/და მდგომარეობის შესამსუბუქებლად [iv].

მეოცე საუკუნის დასაწყისი ის პერიოდია, როცა ზოგიერთ ქვეყანაში, თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით თამბაქოს წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა გაჩაღდა. საქართველო ამ ქვეყნების რიგს მოგვიანებით შეურთდა, თუმცა არცთუ ისე დიდი წარმატებით. საზოგადოების ინფორმირება თამბაქოთი გამოწვეული ზიანის შესახებ, ერთ-ერთი პირველი წარმატებული  გადაწყვეტილება იყო თამბაქოს კონტროლის საკითხებზე. მაგალითად, სიგარეტის კოლოფებზე პირველ გამაფრთხილებელ წარწერას „სიგარეტი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის“ (1965 წელი, აშშ) მომხმარებლების მკვეთრი შემცირება მოყვა(თუმცა ინდუსტრიამ თავისი სწორად გათვლილი ტაქტიკით მალევე შეძლო არამარტო მათი დაბრუნებაარამედ მომხმარებელთა რიცხვის გაზრდაც). მართალია,მეოცე საუკუნის პირველი ნახევარში სხვადასხვა ქვეყნებში (ინგლისი, შოტლანდია, ირლანია, კანადა, ავსტრალია...) უკვე იკრძალება სიგარეტის რეკლამირება რადიოთი,  ტელევიზიით, მაგრამ არამწეველთა უფლებები ჯერაც უკანა პლანზეა.[v] თამბაქოს ინდუსტრიას კანონმდებლობა კომფორტულ ზღვარს აძლევს სამუშაოდ და  გაყიდვების გასაზრდელად. მაგალითად, ა.შ.შ-ის კანონმდებლობით „რამდენადაც თამბაქოს კომპანიების რეკლამებსა და სიგარეტის კოლოფებს დატანილი ქონდათ გამაფრთხილებელი წარწერა, მათ არ ეხებოდათ სხვა ვალდებულება და აკრძალვა. არანაირ კანონს არ შეეძლო მოწევის აკრძალვა არცერთ საჯარო სივრცეში ჯანმრთელობის დაცვის საბაბით[vi]“. ამ პერიოდში სიგარეტის კვამლი ფაქტიურად ავსებს ყველა საჯარო სივრცეს, რასაც უფრო და უფრო მეტი არამწეველი აპროტესტებს.[vii]

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მასშტაბური მოძრაობის ლიდერი აცხადებდა:  „არამწეველებს სუფთა  და სასარგებლო ჰაერზე ისეთივე უფლება აქვთ,  როგორც მწეველებს ე.წ.“უფლება“ მოწევაზე, რომელსაც მე განვმარტავდი როგორც „უფლება დაბინძურებაზე“. დროა, აიკრძალოს მოწევა ყველა საჯარო დაწესებულებაში...“. თამბაქოს ინდუსტრიის შეფასებით, არამწეველთა უფლებების დასაცავად წამოწყებული ეს მასობრივი მოძრაობები იყო „თამბაქოს ინდუსტრიის სიცოხლისუნარანობაზე მოქმედი ყველაზე საშიში ფაქტორი, რომელიც ოდესმე ყოფილა“.[viii]

არამწეველთა უფლებების დასაცავად მიმართულმა მოძრაობამ შედეგი გამოიღო. პირველი კანონი, რომელიც მოითხოვდა მწეველთა და არამწეველთა სეპარაციას ძალაში შევიდა 1975 წელს (მინესოტაში) - აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (გამონაკლისი იყო მწეველთათვის გამოყოფლი ადგილები)...[ix]

ამგვარად, მეოცე საუკუნე ის პერიოდია, როცა მსოფლიოს საზოგადოების დიდი ნაწილი თამბაქოს მავნებლობის შესახებ ინფორმაციას ფლობს და ბევრ ქვეყანაში თამბაქოს საწინააღმდეგოდ მიმართული აქტიური ბრძოლაა გაჩაღებული. თუმცა, ამ ფონზე, თამბაქოს ინდუსტრიის მარკეტინგულმა კომპანიებმა მაინც შეძლო ფრთხილად და ჭკვიანურად გათვლილი ნაბიჯების წყალობით თამბაქოს თავისუფალი მოხმარების, როგორც  ნორმის პოპულარიზაცია: დღეს მსოფლიოში 852 მილიონი მწეველია.[x]

თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკა ის მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომელიც ცვლის საზოგადოებაში მოწევის როგორც ნორმად აღქმის საკითხს, მოზრდილების ქცევასა და ჩვევებს; ახდენს მოწევის დაწყების პრევენციას. მაგ, 2002–2003 წლებში,  ნიუ იორკში, თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის დანერგვას, სიგარეტზე ფასის მომატებას, მედია კამპანიებს ზრდასრულ მწეველებში მოწევის სიხშირის 11%–ით  შემცირება მოყვა (თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის შედეგად 1წლის განმავლობაში დაახლოებით 140 000 მწეველმა დაანება თავი მოწევას).[xi]

ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიასა და გერმანიაში ჩატარებულმა 26 კვლევამ ერთხელაც დაადასტურა თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის ეფექტურობა. ამ კვლევებმა უჩვენა, რომ მოწევის აკრძალვა სამუშაო ადგილებზე   იწვევს მწეველ თანამშრომლებში მწეველების რაოდენობის შემცირებას 3,8-%-ით; ხოლო იმათში, ვინც აგრძელებს მოწევას სიგარეტის დღიური რაოდენობის შემცირებას 3.1 ღერით;  [xii].

სიგარეტზე ფასის ან გადასახადის ზრდა თამბაქოს კონტროლის სტრატეგიის წარმატებულობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აღმოჩნდა, რომ სიგარეტზე ფასის ზრდის პარალელურად მცირდება მწეველობა მოზარდებში, ახალგაზრდებსა და დაბალი სოციო–ეკონომიკური სტატუსის პირებში[xiii]. კვლევების მიხედვით, სიგარეტის რეალური ფასის ყოველი 10%-ით ზრდა  ამცირებს სიგარეტის მოხმარებას მოზრდილებში დაახლოებით 3-5%-ით, ახალგაზრდებში-  3,5%-ით და ბავშვებში 6-7%-ით [xiv]აქვე მოვიყვანთ თამბაქოს ინდუსტრიის შიდა მიმოწერიდან ამონარიდსსიგარეტის მოხმარების თავის დანებებაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორი სიგარეტის ფასია და არა კუპრის დონე სიგარეტში “ (ფილიპ მორისი)[xv].

რაც შეეხება თამბაქოს ინდუსტრიის ხელში მოზარდებსა და ახალგაზრდებზე მიმართულ ერთ–ერთი ძლიერ იარაღს – თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციას და რეკლამირებას: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით,  თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა იწვევს თამბაქოს მოხმარების შემცირებას საშუალოდ 7%-ით, ზოგიერთ ქვეყანაში კი 16-%-ით.[xvi]

მართალია, ცივილიზებული სამყარო  აქტიურად ებრძვის თამბაქოს, თუმცა ჯერაც არ არსებობს კანონი, რომელიც შეზღუდავს თამბაქოს კომპანიებს თავიანთი ნაწარმის გაყიდვაში მსოფლიოს გარშემო: სიგარეტი მზადდება, რეკლამირდება, იყიდება და დიდ ზიანს აყენებს საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, თამბაქოს კონტროლის საკითხებში წარმატებული ქვეყნების მაგალითები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქართველოში 2013 წლიდან დაწყებული პროცესი  რეალურად  ქმედითია და დაიცავს არამხოლოდ არამწეველების, არამედ მწეველი ადამიანების ჯანმრთელობას, მოახდენს ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარების დაწყების პრევენციას და ქვეყანაში თამბაქოსთან დაკავშირებული ზიანის შემცირებას.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

 



[i] http://www.intheknowzone.com/substance-abuse-topics/tobacco/history.html

[ii] http://www.intheknowzone.com/substance-abuse-topics/tobacco/history.html

[iii] http://www.ashwales.org/creo_files/upload/documents/tobacco_factsheets_for_teachers.pdf

[iv] http://www.intheknowzone.com/substance-abuse-topics/tobacco/history.html

[v] http://www.no-smoke.org/pdf/internationalbarsandrestaurants.pß

[vi] http://www.intheknowzone.com/substance-abuse-topics/tobacco/history.html

[vii] http://healthliteracy.worlded.org/docs/tobacco/Unit1/2history_of.html

[viii] http://www.intheknowzone.com/substance-abuse-topics/tobacco/history.html

[ix] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2722043/

[xi] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15914827

[xii] http://www.bmj.com/content/325/7357/188

[xiii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3228562/

[xiv] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs339/en/

[xv] http://tobacco.cleartheair.org.hk/wp-content/uploads/2008/01/raising-cigarette-taxes.pdf

[xvi] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs339/en/