Logo

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე,2022

title  ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა 1948 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციის ძალაში შესვლის თარიღს უკავშირდება. ჯანმო ყოველწლიურად ირჩევს პრიორიტეტულ თემას და ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემებსა და მათი  გადაჭრის გზებზე. უკანასკნელ წლებში ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საყოველთაო ჯანდაცვა: ყველასათვის, ყველგან (2019), ექთნებისა და ბებიაქალების ღვაწლი და დამსახურება მსოფლიო მედიცინის წინაშე (2020), უფრო სამართლიანი და ჯანმრთელი სამყარო (2021). 2022 წელს პირველად ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ეძღვნება პლანეტაზე მიმდინარე გლობალური მოვლენებს და  ადამიანის მოსახლეობის ჯანმრთელობას და აერთიანებს სამ მიმართულებას: პანდემია, კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება.


შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სამყარო, სადაც სუფთა ჰაერი, წყალი და საკვები ყველასთვის ხელმისაწვდომია? სადაც ეკონომიკა ორიენტირებულია ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე? სადაც  ქალაქებში სიცოცხლე სჩქეფს და ადამიანებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი და პლანეტის ჯანმრთელობა?


პანდემიის, დაბინძურებული პლანეტის, დაავადებების (როგორიცაა კიბო, ასთმა, გულის დაავადებები და სხვ.) მზარდი გავრცელების პირობებში, 2022 წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ყურადღებას ამახვილებს გადაუდებელი ქმედებების აუცილებლობაზე ადამიანებისა და პლანეტის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოების შესაქმნელად.


ჯანმო-ს შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად, 13 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება გარემოს მავნე ზემოქმედებით გამოწვეული მიზეზებით, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია. აღნიშნულ მიზეზებს შორისაა კლიმატის კრიზისი, რომელიც კაცობრიობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. კლიმატის კრიზისი ჯანმრთელობის კრიზისიცაა.


კლიმატის და ჯანმრთელობის კრიზისს იწვევს ჩვენი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში. წიაღისეული საწვავის წვის შედეგად ადამიანების 90%-ზე მეტი სუნთქავს არაჯანსაღ ჰაერს. გლობალური დათბობის პირობებში, კოღოები დაავადებებს სულ უფრო შორს და მეტი სისწრაფით ავრცელებენ. ამინდის ექსტრემალური მოვლენების, ნიადაგის დეგრადაციისა და წყლის დეფიციტის გამო, ადამინებს უწევთ საკუთარი საცხოვრისის დატოვება და იძულებითი გადაადგილება, ყოველივე აღნიშნული კი, მავნე გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე. დაბინძურებულია გარემო; პლასტმასის ნარჩენები გვხვდება ყველაზე ღრმა ოკეანეების ფსკერსა და ყველაზე მაღალ მთებშიც, რაც გავლენას ახდენს ჩვენი კვების ჯაჭვზე. არაჯანსაღი საკვებისა და სასმელების მწარმოებელები, ერთის მხრივ, ხელს უწყობენ სიმსუქნის, კიბოს და გულის დაავადებების მაჩვენებლების ზრდას და, ამავდროულად, გლობალურად, სათბურის აირების ემისიების მესამედს გამოყოფენ.


მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიამ მეცნიერების ძალა დაგვანახა, მან ასევე ხაზი გაუსვა ჩვენს სამყაროში არსებულ უთანასწორობას. პანდემიამ გამოავლინა სუსტი წერტილები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ხაზი გაუსვა მდგრადი კეთილდღეობის მქონე საზოგადოებების ჩამოყალიბების აუცილებლობას ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, ეკოლოგიური საკითხების საზღვრების დარღვევის გარეშე. ეკონომიკის ამჟამინდელი დიზაინი შემოსავლის, სიმდიდრისა და ძალაუფლების არათანაბარ განაწილებას იწვევს. შედეგად, ბევრი ადამიანი კვლავ სიღარიბესა და არასტაბილურ გარემოში ცხოვრობს. ეკონომიკური კეთილდღეობის მიზანია ადამიანების კეთილდღეობა, თანასწორობა და ეკოლოგიური მდგრადობა. ეს მიზნები აისახება გრძელვადიან ინვესტიციებში, კეთილდღეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ბიუჯეტირებაში, სოციალური დაცვის, სამართლებრივი და ფინანსური განვითარების სტრატეგიებში. პლანეტისა და ადამიანის ჯანმრთელობის დესტრუქციის არსებული ციკლების გაწყვეტა მოითხოვს საკანონმდებლო ქმედებას, სისტემურ რეფორმას და ჯანსაღი არჩევანის გასაკეთებლად ინდივიდების მხარდაჭერას და სტიმულირებას.


რა შეიძლება გააკეთო ჩვენი პლანეტის და ჯანმრთელობის დასაცავად?



მთავრობებმა:


•    ყველა გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტი მიანიჭეთ გრძელვადიან კეთილდღეობას მოსახლეობისათვის და ეკოლოგიურ სტაბილურობას;
•    ყველა ბიზნესის, ორგანიზაციის, სოციალური და ეკოლოგიური მიზნების დასახვისას პრიორიტეტი მიანიჭეთ კეთილდღეობას;
•    შეინარჩუნეთ წიაღისეული საწვავი, შეაჩერეთ ახალი საბადოების ძიება, შექმენით და განახორციელეთ სუფთა ენერგიის წარმოებისა და გამოყენების პოლიტიკა;
•    შეაჩერეთ წიაღისეული საწვავის სუბსიდირება, მოახდინეთ ამ სუბსიდიების რეინვესტირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით;
•    დაბეგრეთ გარემოს დამაბინძურებელი საქმიანობა. წაახალისეთ ნახშირორჟანგის შემცირება;
•    გამოიყენეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის გაიდლაინები;
•    მოახდინეთ ჯანდაცვის ობიექტების ელექტრიფიცირება განახლებადი ენერგიით;
•    შეამცირეთ ჰაერის დაბინძურების დონე, რათა შემცირდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის, ფილტვის კიბოს, სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, მათ შორის ასთმის, ტვირთი;
•    დაბეგრეთ დიდი რაოდენობით მარილის, შაქრისა და არაჯანსაღი  ცხიმების შემცველი პროდუქტები;
•    გაატარეთ პოლიტიკა საკვები ნარჩენების შესამცირებლად;
•    მიმართეთ სოფლის მეურნეობის სუბსიდიები მდგრადი და ჯანსაღი საკვების წარმოებისკენ;
•    ქალაქებში შექმენით მწვანე სივრცეები, ხელი შეუწყვეთ ფიზიკურ აქტივობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას;
•    აიღეთ ვალდებულება! შეუერთდით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის „მწვანე მანიფესტს“;
•    თამბაქო აბინძურებს პლანეტას და ჩვენ ფილტვებს. შექმენით ქალაქები თამბაქოს კვამლის გარეშე და დაბეგრეთ თამბაქო;
•    შეიმუშავეთ პოლიტიკა პლასტმასისა და სხვა ნარჩენების შესამცირებლად;
•    მოახდინეთ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ინტეგრირება კლიმატის პოლიტიკასა და ქმედებებში, რათა გაუმჯობესდეს კლიმატური კრიზისისთვის მზადყოფნა და საპასუხო რეაგირება.

ორგანიზაციებმა:


•    სამუშაო საათების შემდეგ გამორთეთ განათება;
•    მხარი დაუჭირეთ დისტანციურ მუშაობას, როდესაც ეს შესაძლებელია;
•    სამუშაო ადგილებიდან ამოიღეთ მზა, არაჯანსაღი, შეფუთული საკვები;
•    შეამცირეთ სათბურის აირების ემისიებით დაბინძურება თქვენს საქმიანობებში;
•    დაიცავით, ხელი შეუწყვეთ და მხარი დაუჭირეთ ძუძუთი კვებას. დედის რძე ყველაზე ჯანსაღი საკვებია ჩვილებისთვის;
•    თანამშრომლებისთვის უზრუნველყავით ხელმისაწვდომობა უსაფრთხო სასმელ წყალზე.
ჯანდაცვის მუშაკებმა და სამედიცნო დაწესებულებებმა:
•    მხარი დაუჭირეთ სამედიცინო ნარჩენების შემცირებისკენ მიმართულ ღონისძიებებს;
•    სამედიცინო დაწესებულებები მოამარაგეთ ადგილობრივი წარმოების საკვებით და უზრუნველყავით ჯანსაღი საკვების არჩევანი, შეამცირეთ გაზიანი სასმელებითა და არაჯანსაღი საკვებით მომარაგება;
•    მოახდინეთ სამედიცინო დაწესებულებების დეკარბონიზაცია;
•    შეიმუშავეთ ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობები;
•    უზრუნველყავით სამედიცინო დაწესებულებების უსაფრთხო სასმელი წყლით მომარაგება;
•    მხარი დაუჭირეთ ეკოლოგიურად სუფთა, ადვილად გადამუშავებადი და განმეორებითი გამოყენებისთვის გამიზნული პროდუქციის შეძენას;
•    ადვოკატირება გაუწიეთ, რომ ჯანმრთელობა იყოს კლიმატის ცვლილებების პოლიტიკის მთავარი შემადგენელი კომპონენტი.

ქალაქის მერებმა:



•    ხელი შეუწყვეთ ენერგო-ეფექტური შენობების მშენებლობას;
•    უზრუნველყავით საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამონაბოლქვის გარეშე;
•    შექმენით ახალი ველო- და საფეხმავლო ბილიკები;
•    დაიცავით ბიო-მრავალფეროვნება, ხელი შეუწყვეთ ახალი პარკებისა და ბაღების გაშენებას;
•    მუნიციპალური საქმიანობისთვის გამოიყენეთ განახლებადი ენერგია;
•    უზრუნველყავით დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისა და ჯანდაცვის დაწესებულებების მომარაგება სუფთა, ხელმისაწვდომი ენერგიით;
•    ითანამშრომლეთ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან, მხარი დაუჭირეთ მათ მდგრად განვითარებას;
•    დაარეგულირეთ არაჯანსაღი საკვებითა და სასმელით ვაჭრობა საზოგადოებრივ ადგილებში.

საზოგადოებამ:



•    გააზიარეთ საკუთარი ისტორია: ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა;
•    აიმაღლეთ ხმა და საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად მოითხოვეთ კლიმატის კუთხით ქმედებების განხორციელება;
•    იმოქმედეთ, გახდით სხვების შთაგონების წყარო - შემოუერთდით ჩვენს ხუთ-პუნქტიან გეგმას:
o    სამსახურში იარეთ ფეხით ან ველოსიპედით სულ მცირე კვირაში ერთხელ. აირჩიეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
o    გადადით განახლებადი ენერგიის მიმწოდებლებზე; არ გაათბოთ თქვენი საცხოვრისის ოთახები 21.50C-ზე მეტად. გამორთეთ სინათლე, თუ ოთახში არ იმყოფებით;
o    შეიძინეთ ადგილობრივი წარმოების სურსათი და თავიდან აიცილეთ არაჯანსაღი საკვების და სასმელის მიღება;
o    თამბაქო მკვლელი და გარემოს დამაბინძურებელია. შეწყვიტეთ მისი მოხმარება;
o    იყიდეთ ნაკლები პლასტმასის ნაწარმი; გამოიყენეთ ბიო-დეგრადირებადი სასურსათო ჩანთები.



ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული პანდემია



ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულმა პანდემიამ მრავალი გამოწვევა შექმნა როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ დონზე. COVID-19-თან გამკლავება მრავალი ქვეყნის პრიორიტეტად იქცა და მნიშვნელოვანი გავლენა იქონია არა მხოლოდ ჯანდაცვის, ასევე განათლების, ეკონომიკის, ტურიზმის, გარემოს და სხვა სექტორებზე. უმუშევრობის დონის ზრდისა და სხვადასხვა სექტორის სერვისებსა და პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირების გამო დამატებით 34 მილიონი ადამიანი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. მომავალში ომისა და პანდემიის თანხვედრის გამო რეცესია კიდევ უფრო გამწვავდება, რაც სოციალურ უთანასწორობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.
განსაკუთრებით საყურადღებოა პანდემიის უარყოფითი შედეგების გამო ადამიანების ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანი - ოფიციალური მონაცემებით 490 მილიონ ადამიანზე მეტი დაავადდა, ხოლო 6.1 მილიონზე მეტი გარდაიცვალა COVID-19-ით ან მასთან ასოცირებული გართულებების შედეგად. შეფასებითი მაჩვენებელით გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკაზე მინიმუმ 3.5-ჯერ მეტია.
მიმდინარე პანდემიის ერთ-ერთი ნეგატიური თანმხლები პროცესია ასევე დეზინფორმაცია, რისკის კომუნიკაციის ნაკლოვანებები, ანტივაქსერული მოძრაობის გაძლიერება და ყალბი სიახლეების გავრცელება.
პანდემიამ აჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის ხელმისაწვდომობა, უნივერსალური და საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამები; ეპიდ-კონტროლისათვის აუცილებელი ღონისძიებების (ტესტირება, გამოვლენა, ეპიდ-ზედამხედველობა, მიდევნება და კონტაქტების მონიტორინგი) უწყვეტი განხორციელება; ინვესტირება ჯანმრთელობასა და მეცნიერულ კვლევებში ბიოტექნოლოგიური მიღწევების გასაძლიერებლად; ჯანმრთელობის ხელშეწყობის ინტერვენციები. თვალსაჩინო გახდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სექტორის გაძლიერების და მდგრადობის მნიშვნელობა.
მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე სლოგანით „ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა“ და გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვირა სლოგანით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხი: ახალი მომავლის შენება“ ერთსა და იმავე პერიოდში აღინიშნება და ერთსა და იმავე მნიშვნელოვან საკითხებს ეძღვნება.  გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვირა ხაზს უსვამს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა COVID-19-ზე რეაგირების გაძლიერება, კლიმატური კატასტროფების თავიდან აცილება, ჯანმრთელობის თანასწორობის მიღწევა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციებისა და თემების გაძლიერება, მომავალი პანდემიების პრევენცია და სხვ.

კლიმატის ცვლილება და ჯანმო-ს მანიფესტი „COVID-19-ის შემდეგ ჯანსაღად აღდგენის კონკრეტული ღონისძიებები“



გლობალური დათბობა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემა და გამოწვევაა, იგი რადიკალურად ცვლის ჩვენს ირგვლივ გარემოსა და ყოველდღიურობას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანები ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ რესურსს მოიხმარენ, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს როგორც კლიმატს, ასევე პლანეტას.
ატმოსფეროში სათბურის აირების მკვეთრმა მატებამ ტემპერატურის შესამჩნევი მატება გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა ადამიანის არსებობას; არსებული და მოსალოდნელი კატაკლიზმები პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე. კლიმატის ცვლილებამ შეიძლება შეცვალოს ურთიერთობა ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემასა და სხვადასხვა პათოგენებს შორის.


ჯანმო-ს მანიფესტი „COVID-19-ის შემდეგ ჯანსაღად აღდგენის კონკრეტული ღონისძიებები“ მოიცავს 80-ზე მეტი ღონისძიებას და მიზნად ისახავს უფრო ჯანმრთელი, მიმზიდველი და მწვანე მსოფლიოს შექმნას და, ამავდროულად, COVID-19-ის ზემოქმედებით დაზარალებული ეკონომიკის შენარჩუნებასა და აღორძინებაში ინვესტირებას.
პანდემიამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო მჭიდრო კავშირი ბუნებასა და ჯანმრთელობას შორის და გამოავლინა ჩვენი სისტემების მოწყლვადობა. პანდემიამ ასევე მოგვცა უნიკალური შესაძლებლობა, რომ ვისწრაფვოდეთ უფრო უკეთესი, მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა და თანასწორი გარემოსკენ.
ჯანმომ ასევე შეიმუშავა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მითითებები ჯანდაცვისა და სხვა პროფესიების წარმომადგენელთა დასაცავად და დაიწყო გლობალური ინიციატივის - ხელების ჰიგიენა ყველასათვის - განხორციელება, რომლის მიზანია მიღწეულ იქნას ხელების ჰიგიენა მსოფლიოს მასშტაბით, რათა მოხდეს COVID-19-ის პრევენცია.


მანიფესტის ჯანმრთელი, „მწვანე“ აღდგენის ძირითადი ღონისძიებები:



1.    დაიცავით და გაუფრთხილდით ადამიანის ჯანმრთელობის წყაროს - ბუნებას;
2.    ჩადეთ ინვესტიციები საბაზისო სამედიცინო სერვისებში - წყლით და სანიტარიით დაწყებული და ეკოლოგიურად სუფთა ენერგომომარაგებით დამთავრებული;
3.    უზრუნველყავით სწრაფი გადასვლა ჯანსაღ ენერგეტიკაზე;
4.    ხელი შეუწყვეთ ჯანსაღი და მდგრადი სასურსათო სისტემების განვითარებას;
5.    ააშენეთ ჯანსაღი ქალაქები;
6.    შეწყვიტეთ გადასახადების გადამხდელთა ფულის გამოყენება დაბინძურების დასაფინანსებლად (შეწყვიტეთ წიაღისეული საწვავის სუბსიდირება). განახორციელეთ ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიის (მზის, ჰიდრო- და ქარის გამოყენებით წარმოებული ელექტროენერგია) სუბსიდირება და/ან გადასახადისგან განთავისუფლება. ჩართეთ გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობის ორიენტირები ფინანსური აღდგენის პაკეტებში.

ჯანმო-ს გლობალური სტრატეგია  „ჯანმთელობა, გარემო და კლიმატის ცვლილება“, გლაზგოს სამიტი
2021 წლის 10 მაისს ჯანმრთელობის 72-ე მსოფლიო ასამბლეაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ჯანმოს გლობალური სტრატეგია ჯანმრთელობას, გარემოსთან და კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში: ცვლილება, რომელიც საჭიროა ცხოვრების და კეთილდღეობის მდგრადობის გასაუმჯობესებლად ჯანმრთელი გარემოს საშუალებით
სტრატეგია ეყრდნობა ექვს სტრატეგიულ მიზანს:
I.    პირველადი პრევენცია: რისკ-გფაქტორებსა და ჯანმრთელობის დეტერმინანტების გაუმჯობესებისკენ მიმართული ჯანმრთელობის ხელშემწყობი ღონისძიებების მასშტაბების და დაფინანსების ზრდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესაბამისად;
II.    დარგთაშორისი ღონისძიებები: ჯანმრთელობის დეტერმინანტების გაუმჯობესებისკენ მიმართული ქმედებების განხორციელება ყველა ყველა სფეროში მაღალ პოლიტიკურ დონეზე;
III.    ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება: ჯანდაცვის სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლის უნარების გაძლიერება; ხელმძღვანელობის, მმართველობის და კოორდინაციის ფუნქციების განმტკიცება;
IV.    მხარდაჭერის გაძლიერება: მმართველობის და პოლიტიკური და სოციალური მხარდაჭერის გაუმჯობესებული მექანიზმების შექმნა;
V.    გაძლიერებული მტკიცებულებები და კომუნიკაცია: მტკიცებულებების ბაზის შექმნა, რომლის საფუძველზეს უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები და განხორციელდეს ინვესტიციები;
VI.    მონიტორინგი: ქმედებების მუდმივი მონიტორინგი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.
ჯანმრთელობის 72-ე  მსოფლიო ასამბლეაზე მოწოდებული ქმედებები, რომლებიც მოიცავს დარგთაშორის  პრიორიტეტებს - კლიმატის ცვლილებას, ჯანმრთელობასა და გარემოს:
•    ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება პრევენციის, რისკის შეფასების, მართვის და კომუნიკაციის მიმართულებების გაძლიერებით; დარგთაშორისი ღონისძიებების გატარება მთავრობის ყველა დონეზე ჯანმრთელობასა და გარემოსთან დაკავშირებული მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ჯანმოს ჯანმრთელობის, გარემოსა და კლიმატის ცვლილების გლობალური სტრატეგიის შესაბამისად;
•    დარგთაშორისი მმართველობის მექანიზმების შემუშავება შესაბამისი პოლიტიკის შესაქმნელად, რომელიც გაითვალისწინებს განვითარებისა და დარგობრივი პოლიტიკის ზემოქმედებას ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს ჯანმრთელობის, გარემოს და კლიმატის ცვლილების საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს კოორდინირებულ ქმედებებს და დადებით გავლენას მოახდენს ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე;
•    უფრო ჯანმრთელი და მწვანე გარემოს შექმნის ღონისძიებების ხელშეწყობა COVID-19 პანდემიის საპასუხოდ;
•    ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის განხორციელების ხელშეწყობა ზოონოზური დაავადებების, ანტიმიკრობული რეზისტენტულობის, ჯანმრთელობის გარემოსდაცვითი დეტერმინანტების და საკვების უსაფრთხოების პრობლემის მოსაგვარებლად.

გლაზგოს კლიმატის სამიტი 2021 წელს გაიმართა ქალაქ გლაზგოში. სამიტის მთავარი მიზანი კლიმატის შესახებ პარიზის 2015 წლის შეთანხმების შესრულების შედეგების შეჯამება, ხოლო ძირითადი ამოცანა დედამიწის გლობალური დათბობისგან გადარჩენა და მრეწველობის ტემპერატურის ზრდის 1.5oC-მდე შეზღუდვა იყო. გლაზგოს კლიმატის შეთანხმება იმეორებს პარიზის შეთანხმების მიზანს - 2050 წლამდე  გლობალური ტემპერატურის ნაზარდი 2oC-ს არ გადააჭარბებს, ითვალისწინებს-რა აუცილებლობას, რომ ნაზრდი 1.5oC-მდე შეიზღუდოს.
ჯანმო-მ, მთავრობებსა და პარტნიორებთან ერთად, ჯანმრთელობასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, წარმოადგინა საკვანძო შეტყობინებები, რომლებიც მოიცავს კლიმატისა და ჯანმრთელობის მოწყლვადობის შეფასებას, ეროვნული პროფილების შემუშავებას, ადრეულ ეტაპზე გაფრთხილების ხელშეწყობას, გაძლიერებული ადაპტაციის, შერბილებისა და მედეგობის ღონისძიებების, ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიასა და ტრანსპორტზე გადასვლის, ბუნების დაცვის და მხარდამჭერი დაფინანსების გამოყოფის ადვოკატირებას.

გამოყენებული წყაროები:
https://www.who.int/campaigns/world-health-day/2022
https://www.who.int/campaigns/world-health-day/2022/recommended-actions-to-protect-our-planet-our-health
https://www.who.int/campaigns/world-health-day/2022/campaign-toolkit
https://www.who.int/news-room/featurestories/detail/who-manifesto-for-a-healthy-recovery-from-covid-19
https://www.who.int/news-room/featurestories/detail/actionables-for-a-healthy-recovery-from-covid-19  
https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/339151/WHO-2019-nCoV-HCW_advice-2021.1eng.pdf?sequence=1&isAllowed=y  
https://www.who.int/publications/i/item/considerations-for-public-health-and-social-measures-in-theworkplace-in-the-context-of-covid-19
https://www.who.int/water_sanitation_health/sanitation-waste/sanitation/hand-hygiene-for-all/en
https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/324775/WHO-PRP-18.1-eng.pdf, https://www.who.int/about/whatwe-do/thirteenth-general-programme-of-work-2019---2023
https://www.who.int/news-room/featurestories/detail/who-manifesto-for-a-healthy-recovery-from-covid-19
https://www.who.int/news-room/featurestories/detail/actionables-for-a-healthy-recovery-from-covid-19
https://www.who.int/news-room/q-a-detail/one-health
https://www.who.int/publications/i/item/cop26-key-messages