title
ნარინჯისფერი მსოფლიო - აქტიური ქმედების 16 დღე
2020 წლის 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. მისი ძირითადი გზავნილია:
„დაფინანსება, რეაგირება, პრევენცია, მონაცემთა შეგროვება“
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის წლევანდელი თემატიკა ახალი კორონა ვირუსის - COVID-19- ის პანდემიის პირობებში ქალთა, გოგონებისა და ოჯახური ძალადობის შემთხვევების პრევენციას, გამოვლენას და სწრაფ რეაგირაბას ეძღვნება.
COVID-19- ის პანდემიის პირობებში ქალთა მიმართ ძალადობა - ჩრდილოვან პანდემიად იქცა!
მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის - COVID-19- ის პანდემიის შემდგომ ქალთა, გოგონებისა და ოჯახური ძალადობის შემთხვევები მატულობს. ვინაიდან, COVID-19- ის კრიზისის გამო ჯანდაცვის სერვისევისები და სოციალური დახმარების სამსახურები (ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები, ნდობის და დახმარების ცხელი ხაზები) გადაიტვირთვა, მათ მიაღწიეს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ვეღარ აუდიან მოთხოვნებს, მნიშვნელოვანია, ოჯახური და ქალთა მიმართ ძალადობის საპრევენციო ღონისძიებების პრიორიტეტად აღიარება და COVID-19-ის რეაგირების ჩარჩოში ჩართვა.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი: „ქალებისა და გოგონების მიმართ სექსუალური ძალადობა საუკუნეების განმავლობაში დომინირებს კაცობრიობაში . არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გენდერული უთანასწორობა გაუპატიურების კულტურას ამკვიდრებს და ძალაუფლების დისბალანს იწვევს."
წელს გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივით კამპანია - „აღმოვფხრათ ქალთა მიმართ ძალადობა“- რამდენიმე წელზეა გათვლილი და COVID-19 კრიზისის პირობებში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შემცირებასა და ძალადობის მსხვერპლთა აუცილებელი მომსახურეობის უზრუნველყოფაზე ფოკუსირდება.
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ყველას ვალდებულებაა. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გაეროს ქალთა ფონდმა შეიმუშავა 10 ძირითადი რეკომენდაცია, რომელთა ხანხორციელება ხელს შეუწყობს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას, პანდემიის დროსაც კი, კერძოდ:
მოუსმინეთ და დაუჯერეთ ძალადობის მსხვერპლს
ასწავლეთ მომავალ თაობას და ისწავლეთ მათგან
რეაგირებისა და მომსახურების მისაღებად განახორციელეთ ზარი
მიიღეთ თანხმობა
შეაფასეთ ძალადობის შედეგები და გამონახეთ დახმარების გზები
დაიწყეთ საუბარი
უარყავით გაუპატიურების კულტურა
დააფინანსეთ ქალთა ორგანიზაციები
დააკისრეთ პასუხისმგებლობა ერთმანეთს
მოიძიეთ მონაცემები
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. 1999 წლის 17 დეკემბერს კი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური პრობლემაა და ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარღვევაა. მას არა აქვს კულტურული, გეოგრაფიული, რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური თუ ეროვნული საზღვრები და ყველაზე ხშირად ჩაკეტილი სოციალური წყობისთვისაა დამახასიათებელი. ამ პრობლემას აქვს უაღრესად სერიოზული შედეგები არა მარტო ძალადობის მსხვერპლი ქალების ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე, არამედ იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვებზე, ოჯახებსა და საზოგადოებაზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგაშო სტატისტიკა ასეთია:
მსოფლიოში ყოველი სამი ქალიდან ერთი ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას განიცდის;
დაქორწინებული ქალების მხოლოდ 52% დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი სექსუალური ურთიერთობის, კონტრაცეპციისა, თუ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ;
მსოფლიოში 18 წლამდე დაქორწინებული 750 მილიონი ქალია ცოცხალი, 200 მილიონ ქალს ბავშვობაში წინადაცვეთის პროცედურა აქვს ჩატარებული;
2017 წელს მსოფლიოში ყოველი 2 მოკლული ქალიდან ერთი ოჯახური ძალადობის ან სექსუალური პარტნიორის მსხვერპლი იყო;
ტრეფიკინგის მსხვერპლთა 71% არის ქალი ან გოგონა, საიდანაც 4-დან 3 სექსუალურ ექსპლუატაციას განიცდის;
რეპროდუქციული ასაკის ქალებში ძალადობისა და კიბოს მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ტოლია და აღემატება საგზაო შემთხვევებისა და მალარიის მიზეზით დაღუპულ ქალთა მაჩვენებელს.
უკანასკნელ წლებში ქართული საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობისადმი უფრო გახსნილი და შეუწყნარებელი გახდა, თუმცა ამ პრობლემის სიმწვავე არ განელებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ქალზე ძალადობის მინიმუმ 7479 შემთხვევა მოხდა. ოჯახში ძალადობის შემთხვევებიდან მსხვერპლი 7479 ქალი იყო, ხოლო კაცი 1561. რაც შეეხება მოძალადეებს, მოძალადე 7030 შემთხვევაში იყო კაცი, ხოლო 1524 შემთხვევაში ქალი. ამასთან, 2019 წლის განმავლობაში 10266 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. აღნიშნული მონაცემების შესაბამისად, შსს-ს ყველაზე ხშირად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში მიმართავენ, ყველაზე იშვიათად კი სექსუალური ძალადობის დროს. 2019 წლის განმავლობაში აღრიცხული შემთხვევების დიფერენცირება ძალადობის სახეების შესაბამისად: ფსიქოლოგიური - 9445 , ფიზიკური -2582 , ეკონომიკური - 255, უგულებელყოფა - 155, იძულება -121 , სექსუალური - 33. ოჯახში ძალადობის შემთხვევებში პოლიციას ყველაზე ხშირად თბილისში, აჭარასა და იმერეთში მიმართავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სტატისტიკის ზრდა უწყებაში მიმართვიანობის ზრდით არის განპირობებული, რაც შს სამინისტროს მიერ დაწყებული სოციალური კამპანიის შედეგია. სამართალდამცავები ადეკვატურად რეაგირებენ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, შესაბამისად მათ მიმართ ნდობის ხარისხიც გაზრდილია.
მსოფლიოში სამი ქალიდან ერთი სიცოცხლის განმავლობაში ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას განიცდის. ეს მსოფლიო მასშტაბის ჩრდილოვანი პანდემიაა, რომლის შეჩერება და პრევენცია შესაძლებელია. თუმცა არ არსებობს სამკურნალო მედიკამენტი და ვაქცინა. ვებრძვით არა დაავადების მაპროვოცირებელ რისკის ფაქტორებსა და ვირუსს, არამედ ძალადობის ჩამდენ დამნაშავეს ან საზოგადოებას. ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო კამპანია მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისკენ და მოუწოდებს მსოფლიოს ერთიანი ძალისხმევით ებრძოლონ ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას.
ჩვენი მოქალაქეობრივი აქტივობითა და პროფესიული მოვალეობების სათანადოდ შესრულებით თითოეულ ჩვენგანს შეგვწევს ძალა წვლილი შევიტანოთ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის საქმეში.
https://www.un.org/en/observances/ending-violence-against-women-day
https://www.unwomen.org/en/news/stories/2020/11/compilation-take-action-to-help-end-violence-against-women
https://info.police.ge/page?id=248&parent_id=102