Logo

ტრანსპორტი, გარემო და ჯანმრთელობა

title

ტრანსპორტი, გარემო და ჯანმრთელობა

ტრანსპორტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, გადაადგილების, დასვენების, ეკონომიკური, ეკოსისტემებსა  და ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის თვალსაზრისით.

ტრანსპორტი  გავლენას ახდენს, კერძოდ:

• ჰაერის ხარისხზე: ავტომობილების გამონაბოლქვი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე.

• იწვევს ხმაურსა და ვიბრაციას;

• ემისიებისა და ნახშირორჟანგის (CO2) დიდი რაოდენობით გამოყოფის გამო ზეგავლენას ახდენს კლიმატზე;

• მანქანებისა და მისი ნაწილების ნარჩენები ქმნის პრობლემებს ნაგავსაყრელებზე.

• გადატვირთული საგზაო მოძრაობის გამო წარმოიქნება საცობები, საცობებში დაკარგული დრო ზემოქმედებს საერთო პროდუქტიულობაზე და  იწვევს გარემოს დაბინძურებას.

• საგზაო–სატრანსპორტო ტრავმატიზმი. საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად მსოფლიოში 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება, 50 მილიონზე მეტი კი, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებს და ინვალიდდება.

• ენერგეტიკული უსაფრთხოება: დამოკიდებულება  სხვადასხვა სახის საწვავზე და ბენზინზე აისახება ეროვნულ ენერგეტიკულ  უსაფრთხოებაზე.

• ეკონომიკური ეფექტურობა: ავტოტრანპორტის მოხმარებაზე დახარჯული თანხა ამცირებს კაპიტალს სხვა ინვესტიციებისათვის.

• ვიზუალური  იძულებითი ზემოქმედება: მანქანები, გზები და მანქანების გასაჩერებელი ადგილები ცვლის ქალაქების სილამაზეს და თვითმყოფადობას.

•სივრცითი/გეგმარებითი პრობლემები და  საცხოვრებელი ფართების შემცირება: გზები და მანქანების გასაჩერებლი ადგილები  ქალაქებში საჭიროებს  დიდი რაოდენობით ურბანულ სივრცეს.

თანამედროვე ქალაქებში უნდა მოხდეს ადაპტირება სოციალური და დემოგრაფიული ცვლილებების მიმართ, რომელიც განპირობებულია მოსახლეობის დაბერებითა და იმიგრაციით, ასევე ეკოლოგიური ცვლილებებითა და ამინდის ექსტრემალური მოვლენებით.

ადაპტაციის პროცესი XXI საუკუნის ქალაქებში არ მოიცავს მხოლოდ სატრანსპორტო სისტემების და ინფრასტრუქტურას, არამედ საცხოვრებელ ზონირებასა და სივრცით დაგეგმვას, გამწვანებას და დაცულ ტერიტორიებს, ნაკრძალებს, ასევე მომსახურების გაწევას საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც  ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, ბავშვებისა და განსაკუთრებით მოხუცებისათვის.

ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, გაერთიანებული  ერების ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის  (WHO/Euro)  ერთობლივი ხელმძღვანელობით გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის მე-3 მაღალი დონის მინისტერიალზე  ლონდონში 1999 წლის  16-18 ივნისს,  მიღებულ იქნა ქარტია ტრანსპორტის, გარემოსა და  ჯანმრთელობის შესახებ და დაიგეგმა   შემდეგი ქმედებების განსაზღვისათვის მაღალი დონის პირველი შეხვედრა ტრანსპორტის, გარემოსა და ჯანმრთელობის სექტორების წარმომადგენლებისათვის ჟენევაში 2001 წლის  4 მაისს. 

ტრანსპორტის, გარემოსა და ჯანმრთელობის სექტორების წარმომადგენელთა მე- 2 შეხვედრა გაიმართა 2002 წლის 5 ივლისს ჟენევაში, მე-3 მაღალი დონის  შეხვედრა გაიმართა 2009 წლის  22-23 იანვარს ამსტერდამში, ჰოლანდია,  ხოლო  2014 წლის 14-16 აპრილს   საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა მე-4 მაღალი დონის შეხვედრა.

     ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის პან-ევროპული პროგრამა

ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის პან-ევროპული პროგრამის ეგიდით გაერთიანებული  ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის  (WHO/Euro)  ერთობლივი ხელმძღვანელობით 2009 წელს ამსტერდამში გამართულ შეხვედრის დროს UNECE  და WHO/Euro-ს წევრმა სახელმწიფოების მინისტრებმა  და მაღალი დონის  სახელმწიფო მოხელეებმა  ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის  სექტორებიდან დაადასტურეს რეგიონში მდგრადი და ჯანსაღი ტრანსპორტის უზრუნველყოფის მიმართ თავიანთი პოლიტიკური ვალდებულებები და მიიღეს ამსტერდამის დეკლარაცია (სატრანსპორტო საშუალებების არჩევანი ჯანმრთელობის, გარემოს დაცვისა და კეთილდღეობისათვის, ტრანსპორტიდან ემისიების  და ხმაურის შემცირება), რომელშიც მკაცრად არის განსაზღვრული მისი განხორციელების ხელშემწყობი მექანიზმები.

ამტერდამში საფუძველი ჩაეყარა ესტაფეტის დაწყებას, როგორც ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს პან-ევროპული პროგრამის განხორციელების მექანიზმს 2009-2014 წლებში. ქალაქებში უსაფრთხო და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ფეხით სიარულისა და ველოსიპედით მგზავრობისათვის უნდა  ხელი შეეწყოს მიუნიციპალიტეტების მიერ საველოსიპედო და საფეხმავლო  არსებული ინფრასტრუქტურის შესწავლა/შეფასებას, გაუმჯობესებას და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ქალაქში მოძრაობის ჯანსაღი წესის დანერგვასთან დაკავშირებით.

ხოლო 2014 წლის 14-16 აპრილს   საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა მე-4 მაღალი დონის შეხვედრა, ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის პან-ევროპული პროგრამის მინისტერიალი ეგიდით „დინამიურ ქალაქში, მთავარი ადამიანია“. შეხვედრას ესწრებოდა დელეგატები 56 ქვეყნიდან, მიღებულ იქნა პარიზის დეკლარაცია.

პარიზის დეკლარაციაში გათვალისწინებულია პრიორიტეტული მიზნების განხორციელების  გზები და ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სექტორების ინტეგრირების აუცილებლობა. ასევე, მინისტერიალის მიზანს ევროპის რეგიონში მდგრადი და უსაფრთხო ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობისთვის ერთიანი სტრატეგიული მიდგომის ჩამოყალიბება წარმოადგენდა და ის სამი სექტორის, ჯანდაცვის, გარემოსა და ტრანსპორტის სფეროების ინტეგრაციას ითვალისწინებს.  მინისტერიალის მონაწილეებმა ასევე განიხილეს „მწვანე“ ტრანსპორტის განვითარების შესაძლებლობები, რაც ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს და შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობას. მინისტერიალი გაიმართა ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის პანევროპული პროგრამის (THE PEP), საფრანგეთის მთავრობის, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ორგანიზებით.

პანევროპული პროგრამის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ  განისაზღვრა გრძელვადიანი კონცეპტუალური ხედვა „PEP 2020“ როგორც "მწვანე და ჯანსაღი მობილურობა და სატრანსპორტო მდგრადი განვითარება ყველასათვის", რომლის საბოლოო მიზანია პარტნიორობა და ხელშეწყობა ინტეგრირებული პოლიტიკის განხორციელებლად   ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სექტორებს შორის, ერთობლივი  და თანაბარი ძალისხმებვით  „მწვანე“ და ჯანსაღი  ტრანსპორტისა და მობილობისათვის. 

 

ახალიგლობალური „მწვანე“შეთანხმება

2008 წლის უკანასკნელმა ფინანსურმა კრიზისმა, რომელმაც საგრძნობლად შეასუსტა ბევრი დიდი ქვეყნის ეკონომიკა დააფიქრა მსოფლიო საზოგადოება, რომ განვითარება უნდა იყოს უფრო მდგრადი. 2009 წელს გაეროს მიერ გამოცხადდა ახალი გლობალური „მწვანე“ შეთანხმების „Global Green New Deal“ (GGND) კონცეფცია, რომელიც ორიენტირებულია სამ ფართო ამოცანაზე:

• შეიტანოს წვლილი მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის, სამუშაო ადგილების შექმნისა და დაუცველი ჯგუფების სოციალური დაცვის საკითხებში;

• ხელი შეუწყოს ინკლუზიურ და მდგრად ზრდას, ასევე ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევას, განსაკუთრებით კი უკიდურესი სიღარიბის დაძლევას 2015 წლისთვის;

• გარდა ამისა, შეამციროს ნახშირბადზე დამოკიდებულება და ეკოსისტემის  დეგრადაცია, რაც მსოფლიო ეკონომიკის მდგრადობის მთავარ რისკებს წარმოადგენს.

მრავალი სპეციალისტის აზრით, მწვანე ეკონომიკა ექვს მთავარ სექტორს მოიცავს:

1. განახლებადი ენერგია (მზის, ქარის, გეოთერმული, საზღვაო, მათ შორის ტალღების, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია);

2. მწვანე შენობები (ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე პროდუქტები და მასალები);

3.სუფთა ტრანსპორტი (ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰიბრიდული და ელექტრო სატრანსპორტო საშუალებები);

4. წყლის მართვა (წყლის და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის ლანდშაფტი, წყლის გამოყენება);

5. ნარჩენების მართვა (უტილიზაცია,  მუნიციპალური ნარჩენი მასალების გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, გაწმენდა);

6. მიწის მართვა (ორგანული სოფლის მეურნეობა, ურბანული ტყეები და პარკები, ტყეების განაშენიანება).

ახალი გლობალური შეთანხმება, რეკომენდაციას უწევს მთავრობებს მოახდინონ ეკონომიკის ტრანსფორმაცია  „მწვანე“ეკონომიკისკენ, გამოიყენონ პოლიტიკური და ეკონომოკური ინსტრუმენტები, რასაც უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს განახლებად ენერგიაზე გადასვლას, მდგრადი სატრანსპორტო საშუალებების გაზრდასა და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

 

     ტრანპორტით ჰაერის დაბინძურების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე 

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება ნახშირჟანგით, ნახშირწყალბადებით, აზოტის  ჟანგეულებით, გოგირდის  ორჟანგით, ჭვარტლით, ბენზ(ა)პირენით, ჰაერში შეწონილი წვრილდისპერსიული მყარი ნაწილაკებით(PM10 , PM2,5 ) და ა.შ. დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომლებიც გამონაბოლქვ აირთან ერთად ხვდება ატმოსფეროში, რეალურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის  ჯანმრთელობას და პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესების ზრდის ტენდენციასთან. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის პოტენციურ რისკ ფაქტორს. დაავადებების სპექტრი საკმაოდ ფართოა და ძირითადად დამოკიდებულია ჰაერში დამბინძურებლების სახეობაზე, კონცენტრაციაზე, ექსპოზიციის ხანგრძლივობასა და ორგანიზმის მდგომარეობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ზემოქმედება შედარებით მაღალი რისკის ჯგუფის მოსახლეობაზე - ბავშვებსა და ორსულ ქალებზე.

მოსახლეობის ჯანმრთელობის, ეკოსისტემებისა და მატერიალური ფასეულობების მდგომარეობაზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უარყოფითი ზემოქმედება დაკავშირებულია სოციალურ-ეკონომიკურ ხარჯებთანაც, კერძოდ, ავადობისა და სიკვლდიანობის ზრდა, მკურნალობისა და პროფილაქტიკური მედიცინის ხარჯების ზრდა, შრომისუნარიანი ზრდასრული მოსახლეობის ავადმყოფობის ხარჯზე სამუშაო დღეების დაკარგვა და შესაბამისად, ეკონომიკური ზარალის მიღება, ეკოსისტემების განადგურება, მოსავლიანობის შემცირება, შენობების და ისტორიული ძეგლების დაზიანება, ტურისტული ადგილების ესთეტიკური ღირებულების გაუარესება და  ა.შ.

ჯანმო-ს მონაცემების მიხედვით, ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს 2 მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზს ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით. მტვრის ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასევე, ალერგიებისა და  ფილტვის კიბოს განვითარების რისკს და გლობალურად ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები სიკვდილიანობის[1]  მესამე მიზეზია და  იწვევს 3,2 მილიონი ადამიანის (10,6%) სიკვდილს, ხოლო  სიკვდილიანობის პირველი მიზეზია დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის.

ასევე,  ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული  დაავადებები  გლობალურად სიკვდილიანობის მე-4 მიზეზია და იწვევს 3 მილიონი (6,7%)  ადამიანის სიკვდილს.

ჯანმო-ს მონაცემების თანახმად ადამიანის ორგანიზმზე დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის ზეგავლენა მრავალკომპონენტიანი პროცესია[2], რაც  განაპირობებს ადამიანის ორგანიზმში ერთდროულად რამდენიმე ნივთიერების მოხვედრას. ატმოსფერულ ჰაერში გავრცელებული დამაბინძურებლების მოკლევადიანი  და გრძელვადიანი ზემოქმედება განაპირობებს  ჯანმრთელობის ეფექტებს.

ეპიდემიოლოგიური კვლევები საქართველოში, რომელიც დაადასტურებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებებს შორის უშუალო მიზეზ-შედეგობრივი კავშირებს, ასევე შეაფასებს არსებულ რისკებს ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო ბოლო წლებში არ ჩატარებულა.

გასატარებელი ზომები, რომლებიც ამცირებს დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობაზე ემყარება[3] ნორმატიულ-საკანონმდებლო რეგულირებას (უფრო მკაცრი კანონები, ჰაერის ხარისხობრივი  მაჩვენებლების ნორმება, ემისიების შემცირება), სტრუქტურულ ცვლილებებს ( მოხმარებული ენერგიის შემცირება, გამოყენებული საწვავის შემცირება, გადადგილების რეჟიმების და სატრანსპორტო საშუალებების შეცვლა, მიწათსარგებლობის დაგეგმვა), ასევე  ქცევითი ცვლილებები ინდივიდუალურ დონეზე , რაც გამოიხატება ეკოლოგიურად სუფთა  სატრანსპორტო საშუალებებით გადადგილებაში.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან გარემოს რისკების, განსაკუთრებით ჰაერის დაბინძურების მიმართ რამდენიმე ფაქტორის გამო: ბავშვის ორგანიზმი მზარდია. სხეულის მასის პროპორციის გათვალისწინებით იგი სუნთქავს მეტ ჰაერს, მოიხმარს მეტ საკვებს და წყალს ვიდრე მოზრდილი; ბავშვის ორგანიზმის  განვითარების გარკვეულ ეტაპებზე გარემოს რისკ-ფაქტორებმა და დაბინძურებულმა ჰაერმა მოსალოდნელია შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს; შესაბამისად, ბავშვებში მოზრდილებთან შედარებით მაღალია გარემოს ზემოქმედებით განპირობებული, ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული დაავადებების ავადობის ტვირთი და სიკვდილიანობა.

სამედიცინო სტატისტიკის მონაცემების[4] მიხედვით, საქართველოში 2000-2012წწ ადგილი აქვს ქვეყნის მოსახლეობაში  სუნთქვის ორგანოების დაავადებების მაჩვენებლების ზრდას.

 



[1]The top 10 causes of death. Updated July 2013. http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs310/en/index.html

[2] Air  Quality Guidelines, WHO,  2005

http://www.euro.who.int/en/health-topics/environment-and-health/air-quality/publications

[3] HealtH effects of particulate matter Policy implications for countries in eastern Europe, Caucasus and central Asia,  WHO. 2013

http://www.euro.who.int/en/health-topics/environment-and-health/air-quality/publications

[4]  „ჯანმრთელობის დაცვა“  სტარისტიკური ცნობარი 2012წ

 

ცხრილი 1. სასუნთქი სისტემის ავადმყოფობების გავრცელება საქართველო2000 – 2012წწ

 

დიაგრამა 1. სასუნთქისისტემისავადმყოფობების  ინციდენტობასაქართველო 2000-2012წწ

2000დან- 2012წლამდე ინციდენტობის ზრდა მთლიან მოსახლეობაში 242.3%–ს, ხოლო   ბავშვებში 329.5%–ს შეადგენს. საშუალო წლიური ზრდა მთლიან მოსახლეობაში 20,2%–ს, ბავშვებში კი 27.5%–ს შეადგენს.ზრდის ტენდენციებით აღინიშნება ისეთი დაავადებების მაჩვენებლები, როგორიცაა პნევმონიები, როგორც მთლიან მოსახლეობაში, ასევე ბავშვებში. მთლიან მოსახლეობაში პნევმონიების ახალი შემთხვევების სიხშირე 100000 მოსახლეზე 2000-2012 წლების პერიოდში 207% შეადგინა (საშუალო წლიური ზრდა - 17%), ხოლო ბავშვებში ინციდენტობის მაჩვენებელი 188%-ით გაიზარდა (საშუალო წლიური ზრდა - 15,7%). აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურებული შემთხვევაში დაავადებები გაცილებით უფრო მძიმე ფორმებით და გართულებებით მიმდინარეობს.

 

 

საზოგადოების ცნობიერების დონე

ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პირობების ფონზე საზოგადოების მხრიდან ეკოლოგიური შედეგების სერიოზულობა არასაკმარისად არის გააზრებული. მძღოლების ცნობიერების დონე მეტად დაბალია. ისინი ხშირად არღვევენ მოძრაობისა და უსაფრთხოების წესებს, არასწორად უვლიან და მართავენ თავიანთ ავტომობილებს. მათ ცოტა რამ თუ იციან ეკო-მართვის შესახებ, რაზეც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საწვავის ხარჯის და გამონაბოლქვის რაოდენობის შემცირება. მოსახლეობას არა აქვს სათანადო ინფორმაცია  ქალაქებში უსაფრთხო და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ფეხით სიარულისა და ველოსიპედით მგზავრობის უპირატესობის შესახებ, რომელიც ათავისუფლებს დამატებითი ხარჯებისაგან და ასევე არის  რეგულარული ფიზიკური აქტივობა.

 

პრობლემის აქტუალობა საქართველოში

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. მისი წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვებში დაახლოებით 71%-ს შეადგენს. აღნიშნული სექტორიდან ატმოსფერული ჰაერი ძირითადად ბინძურდება ნახშირჟანგით, ნახშირწყალბადებით, აზოტის  ჟანგეულებით, გოგირდის  ორჟანგით, ჭვარტლით, ბენზ(ა)პირენით და ა.შ. დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომლებიც გამონაბოლქვ აირთან ერთად ხვდება ატმოსფეროში, რეალურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელიც ამ მავნე ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

არახელსაყრელი გარემოს უარყოფითი შედეგები პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესების ზრდის ტენდენციასთან. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის პოტენციურ რისკ ფაქტორს. დაავადებების სპექტრი საკმაოდ ფართოა და ძირითადად დამოკიდებულია ჰაერში დამბინძურებლების სახეობაზე, კონცენტრაციაზე, ექსპოზიციის ხანგრძლივობასა და ორგანიზმის მდგომარეობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ზემოქმედება შედარებით მაღალი რისკის ჯგუფის მოსახლეობაზე - ბავშვებსა და ორსულ ქალებზე.

მნიშვნელოვანია საავტომობილო ტრანსპორტის წილი სათბურის გაზებით გარემოს დაბინძურების კუთხითაც, რადგან იგი სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ერთ-ერთი ძირითადი მომხმარებელია და ახდენს ნახშირორჟანგის (CO2) დიდი რაოდენობით გამოყოფას.

ჰაერის დაბინძურებასთან ერთად დიდი ქალაქებისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საქალაქო ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობით განპირობებული  და გენერირებული ხმაურის დონის განუხრელი ზრდა. ხმაურის მაღალ დონეს განაპიროებს  საქალაქო ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა, მათი  ნაწილის ტექნიკური გაუმართაობა, ვიწრო ქუჩები, გამზირებისა და ქუჩების საფარის არადამაკმაყოფილებელი ტექნიკური მდგომარეობა, ქვეითად მოსიარულეთა გზებსა და ქუჩის სამგზავრო ნაწილს შორის არასაკმარისი მწვანე ნარგავების დაცვითი ზოლის არარსებობა, ავტოსაგზაო  მოძრაობის წესების დარღვევა, აკრძალულ ადგილებში ავტოტრანსპორტის მიერ ხმოვანი საყვირების გამოყენება, ქუჩების არასწორი განაშენიანება და კეთილმოუწყობლობა.

ხმაური გულისხმობს არითმულ ბგერათწარმოქმნას, სხვადასხვა ტონალობის ბგერების უწესრიგო არევას, აგრეთვე ნებისმიერ ბგერას, რომელიც ხელს უშლის გარშემო მყოფთ ან იწვევს დისკომფორტს.  ხმაური არაკეთილსასურველ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლილობასა და მთელ რიგ დაავადებებს.  ამდენად, ხმაური გარკვეული ხარისხით განსაზღვრავს  მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შრომის ნაყოფიერებას. დარღვეულია სავრანსპორტო ნაკადების ინტენსიური მოძრაობის  ტერიტორიებზე მცხოვრებლების ყოფა-ცხოვრების, ძილისა და დასვენების რეჟიმი.

ავტოტრანსპორტიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება და გენერირებული ხმაური მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან აღსანიშნავია:

           ავტოპარკის ასაკი და ტექნიკური მდგომარეობა

საქართველოში საავტომობილო პარკი მოძველებულია. 2012 წლის მონაცემებით მანქანების 91% 10 წელზე მეტი ასაკისაა და კონტროლის არარსებობის პირობებში სავარაუდოა, რომ ავტომობილების უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია. გამონაბოლქვი აირის მოცულობა და ტოქსიკურობა კი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ძრავის კონსტრუქციაზე, ტექნიკურ მდგომარეობასა და მუშაობის რეჟიმზე.

აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, რომლებიც საავტომობილო პარკის დაახლოებით 80%-ს შეადგენს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების რეგულირება საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხორციელდება, რადგან 2004 წლიდან მათთვის ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება ნებაყოფლობითია. სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და რეგისტრირებული მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებითაც ხორციელდება საერთაშორისო და ქვეყნის შიდა კომერციული გადაყვანა/გადაზიდვა, სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, ასევე სატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც 3 ტონა და მეტი ტვირთამწეობა აქვთ.

დიდია ალბათობა იმისა, რომ მანქანების უმეტესობას არ გააჩნია კატალიზური გარდამქმნელი (კონვერტერი), რომელიც ხელს უწყობს ძრავაში საწვავის ბოლომდე წვას და მავნე გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირებას. ამას ემატება ისიც, რომ იმპორტირებულ მეორადი უცხოური მარკის ავტომანქანებში, რომელთა რაოდენობამაც ბოლო წლებში საგრძნობლად იმატა, კატალიზური გარდამქმნელის ექსპლუატაციის ვადა ან უკვე გასულია ან დაბალი ხარისხის საწვავის ჩასხმისას მწყობრიდან ადვილად გამოდის. ავტომობილის ამ მოწყობილობებით აღჭურვის და მათი გამართული მუშაობის ვალდებულების არარსებობის პირობებში, ქვეყანაში არ შეიმჩნევა კატალიზური კონვერტერების რეაბილიტაციის მოტივაცია, რაც უხეში გათვლებით ერთი სატრანსპორტო ერთეულიდან იწვევს 10-ჯერ მეტი ემისიის გამოყოფას ვიდრე ამავე კლასის კონვერტერით აღჭურვილი მანქანიდან.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი

ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა დღეში საშუალოდ 170 ერთეულს შეადგენს, რომელთა 77% 10 წელზე მეტი ხნისაა. სააქციზო გადასახადის არსებული სისტემა საქართველოში არ უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა, შედარებით ნაკლები ხნოვანების ავტომობილების და საწვავის მოხმარების თვალსაზრისით, უფრო ეკონომიური ავტომობილების იმპორტის სტიმულირებას. დღეისათვის აქციზის გადასახადი ავტომობილის ხნოვანების და ძრავის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება, რომლითაც ყველაზე მეტად 7-დან 12 წლამდე ასაკის ავტომანქანების იმპორტის სტიმულირება ხდება.

 საწვავისხარისხი და სახეობა

ავტოტრანსპორტიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილება მნიშვნელოვნად განპირობებულია მოხმარებული საწვავის სახეობით, ხარისხით და რაოდენობით. ავტოსაწვავის ხარისხზე, ანუ მის შემადგენლობაში შემავალ ეკოლოგიურ მახასიათებლებზე (ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადების, გოგირდის შემცველობა და ა.შ) მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გამონაბოლქვის რაოდენობა და მასში შემავალი მავნე კომპონენტების შემადგენლობა. სწორედ ამ ეკოლოგიური მახასიათებლების მიხედვით ხდება საწვავის ხარისხის შეფასება.

სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, მოძრაობის ინტენსიობა და ორგანიზაცია

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ მავნე ნივთიერებათა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის ინტენსივობა მათი რაოდენობის და მოძრაობის ზრდის პარალელურად იზრდება. უპირველეს ყოვლისა, დიდია სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა დედაქალაქში და შესაბამისად, დიდია საერთო სატრანსპორტო გაფრქვევებიც. თბილისში ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1/3 და თავმოყრილია მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 40%.

რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური თავისებურებების გამო დედაქალაქში გართულებულია ჰაერის მასების მოძრაობა, რაც ხელს უშლის თბილისის ცენტრალური ნაწილის საკმარისად განიავებას. ავტოტრანსპორტით ქუჩების გადატვირთვა და მოძრაობის შეფერხება კი იწვევს ჰაერის დამატებით დაბინძურებას.

აუცილებებლია ყურადღება გამახვილდეს თბილისში ტრანსპორტზე მოთხოვნილების მართვაზე (საზოგადოების მხრიდან ტრანსპორტზე არჩევანის გაზრდა, ბაზრისა და ფასების რეფორმა, პარკირებისა და მიწის გამოყენების მართვა და ა.შ), რაც გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმგვარად განვითარებას, რომ ნაკლებ მიმზიდველი გახდეს მოსახლეობისთვის კერძო ტრანსპორტის გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტთან შედარებით.

საქართველოს ზოგიერთ ქალაქში და თბილისში არასაკმარისად ფუნქციონირებს სატრანპორტო  ნაკადების ოპტიმიზაციის სისტემები. შედეგად ხშირია საცობები, რის გამოც ავტომობილების ძრავები მაღალი გაფრქვევის რეჟიმში მუშაობს და იწვევს ემისიების გაზრდას.

საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა განსაზღვრავს მის სატრანზიტო როლს კავკასიაში. დღესდღეობით ქვეყანაში აქტიურად ვითარდება სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, შენდება ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალები. დასახლებული სოფლები განლაგებულია სატრანსპორტო მაგისტრალების გასწვრივ, შესაბამისად, მომავალში მოსალოდნელია სატრანზიტო სატრანსპორტო ნაკადის და გადაზიდვათა ზრდა. შესაბამისი ზომების გატარების გარეშე, ამ პროცესის თანმდევი შედეგი იქნება ატმოსფერულ ჰაერში დამბინძურებელთა ემისიების ზრდა. სასურველია ხელი შეეწყოს ელექტროტრანსპორტის განვითარებას. მსუბუქი ავტომობილების რაოდენობის ზრდის ტემპის შესამცირებლად უკეთ უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და აუცილებელია ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ავტოსატრანსპორტო  საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის, გამონაბოლქვების შემცირების, საწვავის ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის სფეროში საქმიანობის  რადიკალურად გაუმჯობესება.