ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიოს ყველა ქვეყანა 14 ივნისს სისხლის დონორის მსოფლიო დღე დღეს აღნიშნავს.
უსაფრთხო სისხლის საჭიროება უნივერსალურია, იგი ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც მკურნალობის, ასევე სასწაფო-გადაუდებელი დახმარების (ინტერვენციების) დროს. უსაფრთხო სისხლი არა მარტო ეხმარება პაციენტებს სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებთან ბრძოლაში, არამედ მაღალი ხარისხით უხანგრძლივებს სიცოცხლეს. სისხლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საგანგებო მდგომარეობის (სტიქიური უბედურება, უბედური შემთხვევა, შეიარაღებული კონფლიქტები და სხვა), ასევე მშობიარობების და ახალშობილთა მართვის დროს.
თუმცა უსაფრთხო სისხლზე ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემაა და ყველას არ აქვს ეს პრივილეგია. დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების უმრავლესობა იბრძვის ქვეყანაში უსაფრთხო სისხლის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რადგან სისხლის დონაციების რაოდენობა საგრძნობლად დაბალია. გლობალურად, დონორული სისხლის 42% მოდის მაღალი შემოსავლების ქვეყნებზე, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 16% ცხოვრობს.
უსაფრთხო სისხლის საკმარისი მარაგის მუდმივი შევსება შესაძლებელია უანგარო დონორების მიერ სისხლის რეგულარული გაღებით. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ 2005 წელს დაარსა განსაკუთრებული დღე, როდესაც მადლობას ვუხდით სისხლის დონორებს და მოვუწოდებთ ადამიანებს ჩაერთონ სისხლის უანგარო დონაციაში. დონორის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება 14 ივნისს. დონორების მადლიერების პარალელურად ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის შესახებ.
იმისათვის, რომ უსაფრთხო და მაღალი ხარისხის სისხლი და სისხლის პროდუქტები ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის მსოფლიოში, როგორც ჩვეულებრივ, ისე გადაუდებელ სიტუაციებში, აუცილებელია სისხლის რეგულარული დონაციების განხორციელება.
კამპანია, მსოფლიო მასშტაბით მოუწოდებს ადამიანებს, გახდნენ უანგარო, რეგულარული დონორები და გადაარჩინონ ადამიანთა სიცოცხლეები.
2020 წლის კამპანიის მიზნებია:
ü მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და მოუწოდოს ადამიანებს გახდნენ სისხლის უანგარო დონორები.
ü ცნობიერების გაზრდა იმ აუცილებლობის შესახებ, რომ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ყველგან და ყოველთვის უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო სისხლის ხელმისაწვდომომობა.
ü უსაფრთხო სისხლის ტრანსფუზიებზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა და ადვოკატირება უსაფრთხო სისხლის მნიშვნლობაზე ეფექტური სამედიცინო დახმარებისა და უნივერსალური ჯანმრთელობის საყოველთაო დაფარვის მიღწევაში.
ü მთავრობებსა და პარტნიორებს შორის, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე მხარდაჭერის მობილიზება, რათა მოხდეს ინვესტიციების განხორციელება, ეროვნული სისხლის პროგრამების მხარდაჭერა და გაძლიერება.
თითოეული ადამიანის და პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა უფრო მეტ გავლენას მოახდენს 2020 წლის სისხლის დონორთა მსოფლიო დღის წარმატებაზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სისხლის გაღება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოლიდარობის აქტი და რომ უსაფრთხო სისხლითა და სისხლის პროდუქტებით უზრუნველყოფა წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის ნებისმიერი სისტემის აუცილებელ კომპონენტს.
საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია, სისხლის დონორი ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაცია და სისხლის გადასხმის საერთაშორისო საზოგადოება, აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უზრუნველყონ ხელმძღვანელობა, მხარდაჭერა და მონაწილეობა ამ წამოწყებაში.
მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ, რათა უსაფრთხო სისხლის ხელმისაწვდომობა ყველასთვის რეალობად იქცეს.
მიმდინარე COVID-19 პანდემიის გამო, წელს, სისხლის დონორთა მსოფლიო დღის 2020 წლის ღონისძიებებს, WHO გლობალური ვირტუალური კამპანიის სახით განახორციელებს.
ეს დღე ასევე მოუწოდებს მთავრობებს, ჯანდაცვის უწყებებს და სისხლის გადასხმის ეროვნულ სამსახურებს უზრუნველყონ ნებაყოფლობითი, უანგარო სისხლის დონორების სათანადო რესურსები, შექმნან სისტემები და ინფრასტრუქტურები; უზრუნველყონ ხარისხიანი დონაცია; მოახდინონ სისხლის სათანადო კლინიკური გამოყენების წახალისება და განხორციელება და სისხლის გადასხმის სრულ ჯაჭვზე შექმნან ზედამხედველობასა და ზედამხედველობასთან დაკავშირებული სისტემები.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ტრადიციულად, უერთდება სისხლის დონორის მსოფლიო დღეს და გამოხატავს მადლიერებას სისლიხს უანგარო რეგულარულ დონორთა მიმართ.
სიტუაციური მიმოხილვა საქართველოში
„უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი 2011 წლიდან სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრია. სახელმწიფო პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია, სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ქვეყნის მასშტაბით და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით.
2020 წლის „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამაში 22 საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის ლიცენზიის მქონე სისხლის ბანკი მონაწილეობს.
პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია:
· სისხლის ბანკების მიერ დონორული სისხლის კვლევა B და C ჰეპატიტებზე, აივ-ინფექცია/შიდსსა და სიფილისზე;
· ხარისხის გარე კონტროლი და მონიტორინგი;
· სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის პოპულარიზაცია;
· სისხლის დონორებში C ჰეპატიტზე სკრინინგით საეჭვო დადებითი შემთხვევების კონფირმაციული კვლევა Cor-Ag მეთოდით, ხოლო უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, ნიმუშების კვლევას - HCV რნმ პჯრ მეთოდით.
· აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლიდან დაიწყო დონორული სისხლის ცენტრალიზებულად კვლევის დანერგვა აივ ინფექცია/შიდსზე, B და C ჰეპატიტებზე კვლევის უახლესი მაღალტექნოლოგიური მეთოდოლოგიის - NAT (ნუკლეინის მჟავას ტესტირება) გამოყენებით.
· სისხლის დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის ადმინისტრირება;
აღსანიშნავია, რომ სისხლის ბანკებთან თანამშრომლობით 2011-2019 წწ. უანგარო დონაციათა რაოდენობა 8%-იდან 32%-მდე გაიზარდა. 2020 წლის პირველი 4 თვის მონაცემებით უანგარო დონაციათა რაოდენობა საერთო დონაციათა (მ.შ. ფასიანი და ნათესავი დონორები) რაოდენობის 36%-ს შეადგენს, რაც გამოწვეულია COVID-19-ის გავრცელების პირობებში უანგარო დონორთა მობილიზებით.
ძირითადი ფაქტები სისხლის უანგარო დონაციის შესახებ:
· სისხლის უანგარო დონაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისათვის.
· სისხლის უანგარო დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია.
· დონორის სისხლის გამოკვლევა ხდება ინფექციებზე, მათ შორის B და C ჰეპატიტებზე და შიდსის ვირუსზე.
· სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან.
· სისხლის საჭიროება ყველაზე მაღალია ავტოკატასტროფების, დამწვრობების, გულის ოპერაციების და ორგანოების გადანერგვის დროს.
· ერთჯერადად ჩაბარებული სისხლმა შეიძლება იხსნას სამი ადამიანის სიცოცხლე.
· სისხლი და სისხლის პროდუქტები მუდმივად ჭირდებათ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს.
· სისხლის პროდუქტები ყოველთვის დეფიციტია და სისხლის ჩაბარება არასოდეს არის უსარგებლო ან ზედმეტი გარჯა.
· სისხლის და სისხლის პროდუქტების შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს.
· სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა არის სისხლის ჩაბარება.
· სისხლის უანგარო დონორობა მთელ მსოფლიოში საამაყო და საპატიოა.
· ყველაზე საამაყო და საპატიოა სისხლის უანგარო რეგულარული დონორობა.
· ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ, საკუთარი ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად უსაფრთხოდ.
ვის შეუძლია გახდეს სისხლის უანგარო დონორი?
თქვენ ვერ ჩააბარებთ სისხლს თუ :
· ბოლო 12 თვის განმავლობაში გქონდათ რისკის შემცველი სქესობრივი ცხოვრება.
· ქვემოთ მოყვანილი ქცევების მქონე პირებს არ შეუძლიათ გახდნენ დონორები :
o გადაიტანეთ ან ამჟამად გაქვთ ჰეპატიტი B ან C, აივ ინფექცია/შიდსი ან სიფილისი
o ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ ფსიქოაქტიური ნივთიერება ინექციური გზით, ექიმის დანიშნულების გარეშე
რატომ უნდა გავიღოთ სისხლი?
· სისხლის ვარგისიანობის მაქსიმალური ვადაა 42 დღე.
· თრომბოციტები ინახება მხოლოდ 5 დღე.
· ეს ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ყოველდღიურად ესაჭიროება ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა.
· საქართველოში სისხლის გადასხმა წელიწადში 20 ათასზე მეტ ადამიანს ესაჭიროება, საშუალოდ თითო პაციენტზე იხარჯება 4 ერთეული სისხლი.
· გამოთვლილია, რომ ადამიანების 85%-ს 75 წლამდე ერთხელ მაინც სჭირდება სისხლის გადასხმა.
· სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო, უმტკივნეულო პროცესია და მაქსიმუმ 1 საათს საჭიროებს.
უსაფრთხო სისხლი ყველას პასუხისმგებლობაა!
ინდივიდუალურ დონეზე:
· ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს უანგარო დონორი და ამ საქციელით დაეხმაროს მსოფლიოს გახდეს უფრო ჯანმრთელი ადგილი.
· გახდეთ რეგულარული დონორი და წლის განმავლობაში რამდენიმეჯერე გაიღოთ სისხლი.
· წაახალისოთ მეგობრები და ოჯახის წევრები გახდნენ სისხლის დონორები.
· გახდეთ მოხალისეები, გაავრცელოთ ინფორმაცია, აღმოუჩინოთ დახმარება სისხლის ნაციონალურ სამსახურებს სისხლის ჩაბარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვაში.
· გაიგოთ თქვენი სისხლის ჯგუფის შესახებ და დარეგისტრირდეთ დონორად.
· სოციალური ქსელის მეშვეობით მიიღოთ მონაწილეობა სისხლის დონორის მსოფლიო დღის აღნიშვნაში.
ჯანდაცვის სამინისტროების პასუხისმგებლობა:
· დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების აღნიშვნა, უანგარო, რეგულარული დონაციის ადვოკატირება და მოწოდება სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის გახდნენ უანგარო დონორები.
· ადვოკატირება დონორთა როლის მნიშვნელობის, „უსაფრთხო სისხლი გადაარჩენს სიცოცხლეს“ მიზნის მისაღწევად.
· შესაბამისი ინფრასტრუტურისა და რესურსების უზრუნველყოფა ნებაყოფლობითი დონაციის ხელშესაწყობად.
· კოორდინირებული სისხლის გადასხმის ნაციონალური სერვისების განვითარების ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას ხარისხიან და უსაფრთხო სისხლის გადასხმაზე.
· სისხლის და სისხლის პროდუქტების უზრუნველსაყოფად ხარისხის კონტროლის მექანიზმების დანერგვა.
· ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დონორის მსოფლიო დღის საგანმანათლებლო მასალებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და გავრცელება.
· სისხლის მარაგის საჭიროებების და მნიშნელობის შესახებ საუბრების წარმოება მედიასთან.
სისხლის გადასხმის ნაციონალური სამსახურების პასუხისმგებლობა
· ინფორმაციის გავრცელება სისხლის დონორობის მნიშვნელობის შესახებ.
· ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დონორის მსოფლიო დღის საგანმანათლებლო მასალების გავრცელება.
· დონორის მსოფლიო დღის აღსანიშნად სხვადასხვა სახის საპოპულარიზაციო ღოისძიებების განხორციელება, მაგ. გამოჩენილი ადამიანების, პოლიტიკოსების, სპორტსმენების ვიდეო ჩანაწერებს გაკეთება დონაციის მნიშვნელობის შესახებ.
· ვებ-გვერდების და სოციალური ქსელების მეშვეობით საპრომოციო მასალების მომზადება და გავრცელება.
· სისხლის ბანკებში ვირტუალური ვიზიტების დაგეგმვა დონაციის მნიშვნელობისა და დონაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასავრცელებლად.
· პირადი ისტორიების გაზიარება და სისხლის დონორების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.
· სისხლის დონაციებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა.
· სისხლის დონორთათვის ხარისხიანი მომსახურეობის უზუნველყოფა.