Logo

რატომ ძუძუთი კვება?

title

რატომ ძუძუთი კვება?

ძუძუთი კვება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ბავშვთა ავადობისა და სიკვდილობის შესამცირებლად. დედის რძე უზრუნველყოფს ახალშობილებსა და ჩვილებს მათთვის იდეალური  საკვები ნივთიერებებით, რომლებიც  აუცილებელია მათი ზრდისა და განვითარებისათვის. ძუძუთი კვება ამცირებს ბავშვთა ინფექციების განვითარების სიხშირესა და სიმძიმეს.

მსოფლიოში 6 თვემდე ძუძუთი ექსკლუზიურად იკვებება ახალშობილთა და ჩვილთა 40%-ზე ნაკლები[i] .

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ  შეიმუშავა ძუძუთი კვების 10 ძირითადი ფაქტი[ii]

1.     ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  რეკომენდაცია:

ძუძუთი ექსკლუზიური კვება დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში.

6 თვიდან რეკომენდირებულია ძუძუთი კვებასთან ერთად დამატებითი კვების დაწყება  ორი წლის ასაკამდე. ძუძუთი კვება შესაძლებელია გაგრძელდეს 2 წლის ასაკის შემდეგაც. ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში.

  • ძუძუთი კვების სიხშირე და მოცულობა განისაზღვრება  ჩვილის ინდივიდუალური მოთხოვნილების შესაბამისად.
  • სასურველია თავიდან ავიცილოთ ბოთლისა და მატყუარას გამოყენება.

 2.     ძუძუთი კვება - ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობის საწინდარია:

ძუძუთი კვება ახალშობილთა კვების იდეალური არჩევანია და ოპტიმალურად უზრუნველყოფს ჯანსაღი განვითარებისათვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებით. ძუძუთი კვება უსაფრთხოა. რძე შეიცავს ანტისხეულებს, და  იცავს ჩვილებს ბავშვთა ისეთი დაავადებებისაგან, როგორიცაა: დიარეა და პნევმონია. აღნიშნული დაავადებები  წარმოადგენენ ბავშვთა სიკდილობის ერთ-ერთ  ძირითად მიზეზს.

 3.     ძუძუთი კვება ხელს უწყობს დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას:

ძუძუთი კვება უზრუნველყოფს დედის ჯანმრთელობის  ხელშეწყობას. 6 თვემდე  ძუძუთი ექსკლუზიური კვება არის  შობადობის კონტროლის ბუნებრივი კონტრაცეპციული საშუალება (98%-იანი დაცვა პირველი ექვსი თვე). ამცირებს ძუძუსა და საკვერცხის კიბოს,  ტიპი 2 დიაბეტისა და მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების რისკს.

 4.     ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვებისათვის მომავალში

ძუძუთი კვება უზრუნველყოფს  ჯანმრთელობას მომავალში. მოზრდილებს, რომლებიც იკვებებოდნენ დედის რძით, აღენიშნებათ სისხლის დაბალი  წნევა და სისხლში ქოლესტერინის დაბალი დონე, ჭარბი წონის, სიმსუქნისა და  ტიპი 2 დიაბეტის განვითარების დაბალი რისკი. არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ აღენიშნებათ მაღალი ინტელექტუალური კოეფიციენტი.

 5.     რატომ არა ადაპტირებული საკვები?

ადაპტირებული საკვები, დედის რძისაგან განსხვავებით, არ შეიცავს ანტისხეულებს. ადაპტირებული საკვების გამოყენებასთან დაკავშირებულია ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, რომელთა გადაცემაც ხდება  წყლით, საკვები ფხვნილის არაუსაფრთხო წყალში გახსნის დროს. ასევე შეიძლება განვითარდეს მალნუტრიცია, თუ არ ხდება საკვების მომზადების ინსტრუქციის  ზუსტი დაცვა.

 6.     ადამინის იმუნოდეფიციტის ვირუსი და ძუძუთი კვება:

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაინფიცირებულმა დედამ ჩვილს, ვირუსი შეიძლება გადასცეს ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს. ამჟამად არსებობს პრეპარატი ARV, რომელიც ამცირებს დედიდან  ჩვილზე ვირუსის გადაცემი რისკს.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირებულმა დედებმა, ჩვილის ძუძუთი კვების შემთხვევაში უნდა ისარგებლონ ჯანმოს რეკომენდაციით და მიიღონ პრეპარატი ARV.   

7.     დედის რძის შემცვლელების რეგულაცია

დედის რძის შემცვლელების მარკეტინგის შესახებ საერთაშორისო რეგულაცია მიღებულ იქნა 1981 წელს. რომლის თანახმად:

·                  დედის რძის შემცვლელების ფორმულის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ძუძუთი კვების უპირატესობა და ინფორმაცია, შემცვლელების გამოყენების შემთხვევაში,  ჯანმრთელობის  რისკის შესახებ.

·               დაუშვებელია  დედის რძის შემცვლელების უპირატესობის პროპაგანდა.

·               დაუშვებელია დედის რძის შემცვლელების  უფასო ნიმუშების მიწოდება ორსულთათვის, დედებისა და მათი ოჯახებისათვის.

·               დაუშვებელია დედის რძის შემცვლელების უფასო დისტრიბუცია სამედიცინო დაწესებულებებსა და ჯანდაცვის მუშაკებში. 

8.     აუცილებელია დედათა მხარდაჭერა

ძუძუთი კვების დაწყებამ  ზოგიერთ დედას შეიძლება  ისეთი პრობლემები შეუქმნას  როგორიცაა: ძუძუს დვრილების ტკივილი, შიში იმისა, რომ არასაკმარისად აქვს რძე. სწორედ ასეთი პრობლემების მოგვარების მიზნით WHO-UNICEF–ის ინიციატივითა და მხარდაჭერით ხდება ძუძუთი კვების მხარდამჭერი სამშობიარო სახლების ჩამოყალიბება, სადაც კონსულტანტები ახალგაზრდა დედებს ეხმარებიან ამ პრობლემების დაძლევაში. 

9.     დედათა მუშაობა და ძუძუთი კვება

 ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით  ძუძუთი ექსკლუზიური  კვების ხელშეწყობისათვის,  დედებს  უნდა ჰქონდეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, ასევე რეკომენდირებულია დედებს შვებულებიდან დაბრუნების  შემდეგ, სამსახურში ან სამსახურთან ახლოს ჰქონდეთ უსაფრთხო, სუფთა სივრცე,  რათა არ შეწყვიტონ ჩვილების  ძუძუთი კვება 

 10.  შემდეგი ნაბიჯი : ახალი საკვების დაწყება

ჩვილი ბავშვის ზრდის მოთხოვნების შესაბამისად 6 თვის ასაკში დამატებითი საკვების მიცემა უნდა დაიწყოს ძუძუთი კვების პარალელურად.

ჯანმრთელობის მსოფლიო  ორგანიზაციის რეკომენდაციით:

·         დამატებითი კვების დაწყების მიუხედავად,  ძუძუთი კვება არ უნდა შემცირდეს

·         დამატებითი საკვები სასურველია მიეცეს კოვზით ან ჭიქით და არა  ბოთლით

·         საკვები უნდა იყოს სუფთა, უსაფრთხო და  ხელმისაწვდომი

·         საჭიროა გარკვეული დრო, რომ ბავშვები შეეგუონ შედარებით მყარი საკვების მიღებას 



[i] http://who.int/features/factfiles/breastfeeding/en/

[ii] http://who.int/features/factfiles/breastfeeding/facts/en/index8.html