Logo

ატმოსფერული ჰაერის ხარისხი

title

ატმოსფერული ჰაერის ხარისხი

ატმოსფერო ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი საარსებო გარემოს წარმოადგენს. ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ატმოსფერული ჰაერის ნორმალური ფიზიკური და ქიმიური პარამეტრების არსებობას.

ჰაერი სხვადასხვა აირის ნარევია. დედამიწის ზედაპირის მახლობლად არსებული მშრალი ჰაერის მთელი მასის ~78% აზოტია, ~21% — ჟანგბადი, 0.03% — არგონი, 0.03% — ნახშირბადი. სხვა აირების — წყალბადისნეონისჰელიუმის და სხვა რაოდენობა ძალიან მცირეა.

ჰაერი უფერო, უსუნო, უხილავი აირთა ნარევია, რომელიც დედამიწის გარშემო დამცავ ფენას, ე.წ. ატმოსფეროს წარმოქმნის. ჰაერი სიცოცხლისათვის აუცილებელია: ცხოველები სუნთქავენ, მცენარეები კი მისი საშუალებით საკვებს წარმოქმნიან. ამის გარდა, იგი დედამიწას მზის სახიფათო ულტრაიისფერი სხივებისაგან იცავს.

ურბანიზაციის თანამედროვე ეპოქაში ატმოსფერული  ჰაერის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს  მთელი რიგი ფაქტორები.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროები ორ ჯგუფად იყოფა: ბუნებრივი და ტექნოგენური. ბუნებრივ წყაროებს მიეკუთვნება ვულკანების ამოფრქვევა, კოსმოსური მტვრის დალექვა, ზღვის მარილების მიგრაცია, ნიადაგის მტვერი, ტყის ხანძრები და სხვა.

ტექნოგენურ წყაროებს მიეკუთვნება თბოენერგეტიკა, შავი/ფერადი მეტალურგია, ნავთობ მომპოვებელი და ნავთობ გადამამუშავებელი მრეწველობა, საშენ მასალათა მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა და ა.შ. ატმოსფერული ჰაერის გაბინძურებაში  მნიშვნელოვანია საავტომობილო ტრანპორტის როლი: მისი წილი ატმოსფეროული ჰაერის გაბინძურებაში 50-80%-მდე აღწევს.

ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს  შენობებს შიგნით და გარეთ არსებული ატმოსფერული ჰაერის კონტამინაციას ქიმიური, ფიზიკური ან ბიოლოგიური  აგენტებით, რაც განაპირობებს მისი ბუნებრივი  თვისებების ცვლილებას. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  თვალსაზრისით მნიშვნელოვან დამაბინძურებლებს

განეკუთვნება მტვრის მყარი ნაწილაკები, ნახშირბადის  მონოქსიდი, ოზონი, აზოტის დიოქსიდი და გოგირდის  დიოქსიდი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების  მიხედვით, ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს  გარემოსთან დაკავშირებულ ერთ-ერთ უმთავრეს რისკს  ჯანმრთელობისათვის, რაც ექსპერტთა შეფასებით 2  მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი  ხდება ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით. მტვრის  ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასევე ფილტვის კიბოს განვითარების რისკს. ამასთან,

ჰაერში დამაბინძურებლების დაბალი კონცენტრაციით არსებობა, ასევე განაპირობებს არასასურველ შედეგებს ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით. ატმოსფერული ჰაერის მტვრით დაბინძურების დონის 70 მკგ/მ3-დან 20 მკგ/მ3-მდე შემცირების შემთხვევაში, შესაძლებელია ჰაერის დაბინძურებით განპირობებული სიკვდილიანობის შემცირება თითქმის 15%-ით.

ატმოსფერულ ჰაერში არსებული მტვერი მავნე ზემოქმედებას ახდენს გაცილებით უფრო მეტად ადამიანის ჯანმრთელობაზე, ვიდრე ჰაერის ნებისმიერი სხვა დამაბინძურებელი. მტვრის მყარი ნაწილაკების კომპონენტებს წარმოადგენს სულფატები, ნიტრატები, ამიაკი, ნატრიუმქლორიდი, ნახშირბადი, მინერალური მტვერი და წყალი, რომლებიც ჰაერში შეწონილ მდგომარეობაში არსებული ორგანული და არაორგანული ნივთიერებების მყარი და თხევადი ნაწილაკების რთული ნარევისაგან შედგება. თანამედროვე მიდგომების მიხედვით, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასებისა და ნორმირებისათვის გამოიყენება მტვრის მყარი ნაწილაკების დიფერენციაცია ფრაქციებად მათი აეროდინამიკური დიამეტრის ზომის შესაბამისად. კერძოდ, PM10 (ნაწილაკები აეროდინამიკური დიამეტრით 10 მკმ) და PM2.5 (ნაწილაკები აეროდინამიკური დიამეტრით 2.5 მკმ). სწორედ ეს უკანასკნელნი მიიჩნევა ყველაზე საშიშად ჯანმრთელობისათვის, რადგან შესწევთ უნარი შეაღწიონ ბრონქიოლების პერიფერიულ უბნებში და ხელი შეუშალონ ჰაერცვლას ფილტვებს შიგნით.

ატმოსფერული ჰაერის მტვრის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების დღეს არსებული დონეების პირობებში, იგი ზემოქმედებს სოფლისა და ქალაქის მაცხოვრებელთა უმრავლეობაზე, როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებში. განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ღია ცეცხლზე ან ტრადიციულ ღუმელებში მყარი საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი დამაბინძურებლების ზემოქმედების შედეგად იზრდება ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებების განვითარებისა, და ამასთან დაკავშირებული, ადრეული ასაკის ბავშვთა

სიკვდილიანობის რისკი. შენობებს შიგნით არსებული ჰაერის დაბინძურება მყარი საწვავის წვის შედეგად, წარმოადგენს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და ფილტვის კიბოს განვითარების ძირითად რისკ-ფაქტორს მოზრდილებში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის მქონე ქალაქებში, სიკვდილიანობის ზოგადი მაჩვენებელი 15-20%-ით აჭარბებს შედარებით სუფთა ჰაერის მქონე ქალაქებში ფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებლებს. საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ბინძურდება ავტოტრანსპორტიდან, ენერგეტიკული სექტორიდან, სამრეწველო ობიექტებიდან და სოფლის მეურნეობის დარგებიდან. მათგან ძირითადი დამბინძურებელია ენერგეტიკა და ავტოტრანსპორტი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მატულობს მოხმარებული საწვავის რაოდენობა და მასთან დაკავშირებით იზრდება მავნე ნივთიერებების ატმოსფეროში გაფრქვევა.  

საქართველოში ატმოსფერული ჰაერი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვიდან ძირითადად ბინძურდება ნახშირჟანგით, ნახშირწყალბადებით, აზოტის  ჟანგეულებით, გოგირდის  ორჟანგით, ჭვარტლით, ბენზ(ა)პირენით,ჰაერში შეწონილი წვრილდისპერსიული მყარი ნაწილაკებით (PM10, PM2,5)და ა.შ.   

ამავე დროს, დასახლებული ტერიტორიების დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს შენობების თბომომარაგება წარმოადგენს. 1990-ან წლებში ცენტრალიზებული თბომომარაგება საქართველოს ყველა დასახლებაში გაუქმდა. საცხოვრებელი და სხვა შენობების გათბობა ინდივიდუალური თბომომარაგების სისტემების ან დანადგარების

საშუალებით ხორციელდება. ქალაქებში ამ მიზნით ძირითადად ინდივიდუალური გაზის გამათბობლები გამოიყენება. გამათბობლების ნაწილი შედარებით  იძლევა ნამწვი აირები საცხოვრებლიდან გარეთ გამოვიდეს. თუმცა აგრეთვე ფართოდ გამოიყენება უფრო იაფი გამათბობლები, რომელიც ნამწვ აირებს საცხოვრებელი გარემოს შიგნით გამოჰყოფს. სოფლებში და დაბებში საცხოვრებლის გათბობისა და საჭმლის მომხადებისთვის ძირითადად შეშა გამოიყენება, რომელიც დაბალეფექტურ თუნუქის ღუმელებში იწვის და საცხოვრებლის ჰაერის მნიშვნელოვან დაბინძურებას განაპირობებს.

მრავალ ქვეყანაში ბავშვების 80%-ზე მეტი ცხოვრობს თამბაქოს კვამლის მეორადი ზემოქმედების ქვეშ, როგორც საკუთარ სახლში, ასევე - სახლს გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ჩარჩო კონვენციით განსაზღვრული პრინციპის ამოქმედება თამბაქოსაგან თავისუფალი ადგილების შექმნის შესახებ, საკმაოდ ეფექტური იარაღი აღმოჩნდა  ადამიანის ჯანმრთელობაზე თამბაქოს ზეგავლენის შესამცირებლად. საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად საკმაოდ სრულადაა ასახული თამბაქოს ჩარჩო კონვენციით განსაზღვრული დებულებები.

დადგენილია, რომ ნესტი და ობი წარმოადგენს შენობებს შიგნით არსებული ჰაერის უხარისხობის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც არაპროპორციულად მაღალ ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის ყველაზე უფრო ნაკლებ უზრუნველყოფილი ჯგუფების ჯანმრთელობაზე. ევროპის რეგიონში ოჯახების 20%-ზე მეტ საცხოვრებელ სახლებშიი ნესტი და ობი მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ჯანმრთელობისათვის. ამ პრობლემის შემცირებისა და აღკვეთის ღონისძიებები უკვე შემუშავებულია, რაც საჭიროებს შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიების გაძლიერებას.

ევროპის რეგიონის წევრ-სახელმწიფოთა გათვითცნობიერებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2010 წელს შემუშავებული იქნა შენობებს შიგნით არსებული ჰაერის ხარისხის გაიდლაინი. საქართველოში არ არის დადგენილი აღნიშნული გაიდლაინით განსაზღვრული ნორმები და საჭიროებს დროულ ასახვას ჰაერის ხარისხის მარეგულირებელ შესაბამის აქტებში. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, საქართველოში სოფლად მცხოვრებ ბავშვთა 78% ცხოვრობს ისეთ შენობებში, სადაც საკვების მოსამზადებლად მყარი საწვავი გამოიყენება. აღნიშნული პრაქტიკა, მნიშვნელოვნად ზრდის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების რისკს როგორც ბავშვებში, ასევე, საკვების მომზადებით დაკავებულ ქალებში.

ეპიდემიოლოგიური კვლევები საქართველოში, რომელიც დაადასტურებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებებს შორის უშუალო მიზეზ-შედეგობრივი კავშირებს, ასევე შეაფასებს არსებულ რისკებს ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო ბოლო წლებში არ ჩატარებულა.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს ავადობის, ინვალიდობისა და სიკვდილიანობის პოტენციურ რისკ ფაქტორს. დაავადებების სპექტრი საკმაოდ ფართოა და ძირითადად დამოკიდებულია ჰაერში დამბინძურებლების სახეობაზე, კონცენტრაციაზე, ექსპოზიციის ხანგრძლივობასა და ორგანიზმის მდგომარეობაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ზემოქმედება შედარებით მაღალი რისკის ჯგუფის მოსახლეობაზე - ბავშვებსა და ორსულ ქალებზე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემების თანახმად ადამიანის ორგანიზმზე დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის ზეგავლენა მრავალკომპონენტიანი პროცესია, რაც  განაპირობებს ადამიანის ორგანიზმში ერთდროულად რამდენიმე ნივთიერების მოხვედრას. ატმოსფერულ ჰაერში გავრცელებული დამაბინძურებლების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ზემოქმედება განაპირობებს  ჯანმრთელობის ეფექტებს.

 

ჰაერის დაბინძურების მოკლევადიანი ზემოქმედებით განპიროებებული ჯანმრთელობის ეფექტებია:

• ყოველდღიური სიკვდილიანობა. 

• ჰოსპიტალიზაცია რესპირატორული და კარდიოვასკულური დაავადებებით.

•სასწრაფო სამედიცინო დახმარება რესპირატორული და კარდიოვასკულური დაავადებების დროს .

•რესპირატორული და კარდიოვასკულური დაავადებებით მიმათვა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში.

•  რესპირატორული და კარდიოვასკულური მედიკამენტების გამოყენება.

• აქტივობის შეზღუდვა.

• გაცდენილი სამუშაო დღეები.

•გაცდენები საგანმანათლებლო  დაწესებულებებში.

• მწვავე სიმპტომები (სუნთქვის გაძნელება, ხველა, სურდო).

• ფიზიოლოგიუ რიცვლილებები (მაგ. ფილტვის ფუნქცია).

 

ჯანმო-ს მონაცემებით ჰაერის დაბინძურების გრძელვადიანი ზემოქმედებით განპიროებებული ჯანმრთელობის ეფექტებია:

•რესპირატორული და კარდიოვასკულური  დაავადებებით სიკვდილიანობა.

•ქრონიკული რესპირატორული დაავადების სიხშირე და გავრცელების (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული ავადმყოფობები, ფილტვის ქრონიკული პათოლოგიური ცვლილებები).

• ფიზიოლოგიური ფუნქციების ქრონიკული ცვლილებები.

• ფილტვისკიბო.

•კარდიოვასკულური ქრონიკული დაავადებები.

•მუცლადყოფნის დროს ნაყოფის ზრდის შეზღუდვა (დროული მშობიარობისას ახალშობილის წონის ნაკლებობა, მუცლადყოფნის დროს ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა, მცირე გესტაციური ასაკი).