Logo

დიფთერია

title

1.ზოგადი მიმოხილვა - დიფთერია  მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება  ნუშურების,  ხახის, ცხვირის, ხორხის, ტრაქეის, ზოგჯერ თვალისა და გენიტალიების, იშვიათად კანისა და სხვა ორგანოების ლორწოვანი გარსების ფიბრინული  ანთებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით.
90-იან წლებში  საქართველოში დიფთერიის ეპიდემია დაიწყო. რომელიც გაგრძელდა  90-იანი წლების ბოლომდე, 1500-ზე მეტი შემთხვევა და მათ შორის 150 -მდე ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა. 
ბოლო წლებში საქართველოში  დიფთერიის ერთეული შემთხვევები მხოლოდ მოზრდილთა შორის  ფიქსირდება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  მონაცემებით, 2014 წელს, ევრო¬პის რეგიონში  სულ დარეგისტრირდა დიფთერიის 35 შემთხვევა, ხოლო მსოფლიოში – 7324 შემთხვევა, შემთხვევების დიდი წილი (7217 შემთხვევა) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონზე და ამ რეგიონში ინდოეთზე (6094 შემთხვევა) მოდის. 

2.გამომწვევი აგენტი - დიფთერიის  გამომწვევია  Corynebacterium diphtheridae-ს ტოქსიგენური შტამები. 

3.მიზეზები/რისკის ფაქტორები - ავადდებიან დიფთერიაზე აუცრელი ან არასრულყოფილად აცრილები, უფრო ხშირად ბავშვები, თუმცა თანამედროვე პირობებში, შემთხვევები ძირითადად მოზრდილებში გვხვდება.  დაავადების გავრცელების ალბათობა იზრდება წელიწადის ცივ და ნესტიან დროს.

4.რეზერვუარი - ინფექციის წყაროს წარმოაგენს დიფთერიით დაავადებული, რეკონვალესცენტი ან ბაქტერიამტრებელი ადამიანი. 

5.გადაცემის გზები - დაავადება გადაეცემა   წვეთოვანი მექანიზმით, თუმცა დაინფიცირება შესაძლებელია კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზითაც (სხვადასხვა საგნების, სათამაშოების საშუალებით). დიფთერიის გადაცემის რისკი პირდაპირ არის დაკავშირებული კონტაქტის სიახლოვესა და ხანგრძლივობასთან. ახლო კონტაქტად ითვლება პირი, რომელიც უვლიდა, ცხოვრობდა ან ქონდა პირდაპირი კონტაქტი დაავადებულის რესპირატორულ სეკრეტთან უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში.

6.ინკუბაციური პერიოდი  -  2-7 დღეა. 

7.გადამდებლობის პერიოდი - ავადმყოფი ადამიანი ინფექციის წყარო ხდება დაავადების დაწყებიდანვე.  დაავადების გავრცელებაში ყველაზი მეტი როლი ენიჭება ცხვირ-ხახის ფორმით დაავადებულებს. მოსახლეობაში ანტიტოქსიური იმუნიტეტის დაბალი დონის ან არ არსებობის შემთხვევაში კონტაგიოზურობის ინდექსი 6-15%-ია.

8.მიმღებლობა - ძირითადი მიმღებია აუცრელი ან არასრულყოფილად აცრილი პირები. იმუნიზაციის შედეგად ყალიბდება ხანგრძლივი, მაგრამ არა მთელი ცხოვრების მანძილზე მყარი იმუნიტეტი. მოზრდილ მოსახლეობაში უნდა ჩატარდეს  ვაქცინაცია არსებული სქემით (ყოველ 10 წელიწადში). ბუნებრივი იმუნიტეტის ჩამოყალიბება დიფთერიის გადატანის შემდეგ არ არის გარანტირებული.

9.კონტროლის ღონისძიებები:
ა)პრევენციული ღონისძიებები - დიფთერიის პრევენციის მთავარი  ღონისძიებაა ვაქცინაცია. იმისათვის, რომ ადამიანი დაცული იყოს დიფთერიისაგან, უმნიშვნელოვანესია დროული და სრულყოფილი ვაქცინაციის ჩატარება. იმუნიზაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით, დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება 2, 3 და 4 თვის ასაკში, კომბინირებული  ვაქცინით;  18 თვის,  5 წლისა და  14 წლის ასაკში   ასაკში ტარდება რევაქცინაცია. 
ბ)პაციენტის და კონტაქტების კონტროლი  
დაავდების შემთხვევა  უნდა იყოს შეტყობინებული სასაწრაფო შეტყობინების წესით შესაბამის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურში.
დიფთერიაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, პაციენტი  უნდა იყოს დაუყოვნებლივ  ჰოსპიტალიზებული და გაუკეთდეს ანტიტოქსინი (დიფთერიის საწინააღმდეგო შრატი)  რეკომენდებული დოზებით. 
დიფთერიით დაავადებულები ექვემდებარებიან იზოლაციას ადექვატური ანტიბიოტიკოთერაპიის  დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში.
უნდა ჩატარდეს ავადმყოფის მოხმარების ან მისი გამონაყოფებით დაბინძურებული საგნების დეზინფექცია.
დიფთერიით დაავადებულებს სტაციონარიდან გაწერის წინ უნდა გაუკეთდეს დიფთერიის ვაქცინის ბუსტერ-დოზა ან დაეწყოთ/გაუგრძელდეთ ვაქცინაციის კურსი (იმუნური სტატუსის შესაბამისად). 
გამოვლენილი უნდა იყოს პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები  და დაწესდეს მათზე ზედამხედველობა დიფთერიის შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 7 დღის განმავლობაში.
რესურსების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ახლო კონტაქტირებულთა ცხვირ-ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა C. diphtheridae-ს ტოქსიგენური შტამის მტარებლობის დადგენის მიზნით.
რეკომენდებულია ახლო კონტაქტირებულთა ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა იმუნური სტატუსის მიუხედავად. 

გ)ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები:
ახლო კონტაქტირებულთათვის დიფთერიის კომპონენტის შემცველი ვაქცინაცით ბუსტერ იმუნიზაცია, თუ გასულია ბოლო ვაქცინაციიდან 1 წელზე მეტი,  ან ვაქცინაციის კურსის დაწყება/გაგრძელება (თუ არ არსებობს იმუნური სტატუსი) ასაკობრივად რეკომენდებული ვაქცინით.

დ)ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა - ეპიდაფეთქებები შეიძლება აღმოცენდეს, თუ დაგროვდა მოსახლეობაში არაიმუნური ფენა

ე)საერთაშორისო ღონისძიებები - თუ დაგეგმილია აუცრელი პირის მოგზაურობა დიფთერიის  მაღალი გავრცელების  ქვეყნებში, რეკომენდებულია გამგზავრებამდე დიფთერიის კომპონენტის შემცველი ვაქცინით იმუნიზაცია რეკომენდებული სქემით.