Logo

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე 20 მარტი 2019 წწ. ,, თქვი ა: იმოქმედე ჯანმრთელი პირის ღრუსათვის

title

ყოვეწლიურად 20 მარტს პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება.  ამ დღის აღნიშვნა ხელს უწყობს მოსახლეობაში პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ  ცნობიერების ამაღლებას.

მიუხედავად მნიშვნელოვანი მიღწევებისა პირის ღრუს ჰიგიენის სფეროში, პირის ღრუს ორგანოებისა და ქსოვილების პათოლოგიების პრევენცია და კონტროლი კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის აქტუალურ თემად მსოფლიოში. ჯანმრთელი პირის ღრუ მეტია, ვიდრე ჯანმრთელი კბილები, პირის ღრუს ჯანმრთელობა ინტეგრირებულია ზოგად ჯანმრთელობასთან და განსაზღვრას ადამიანის კეთილდღეობასა და სიცოცხლის ხარისხს. პირის ღრუს დაავადებებს  მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ გლობალურ ავადობაში, მათი გავრცელება და სიმძიმე დამოკიდებულია ეკონომიკურ, სოციალურ, ქცევით და გარემო ფაქტორებზე. მსოფლიო მოსახლეობის 90%-ს ოდესმე სიცოცხლის მანძილზე უვლინდება პირის ღრუს დაავადებები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია სწორი და თანმიმდევრული პრევენციული ღონისძიებებით.  

პირის ღრუს დაავადებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. მათი გავლენა, როგორც ცალკეული პიროვნებების, ასევე მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის სტატუსზე მნიშვნელოვანია. ამასთან, პირის ღრუს დაავადებების ტრადიციული მკურნალობა საკმაოდ ძვირადღირებულია, იგი ამ თვალსაზრისით მეოთხე ადგილზეა განვითარებულ ქვეყნებში.

პირის ღრუს დაავადებებსა და ოთხ ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებას - გულ-სისხლძარღვთა და ქრონიკული რესპირაციული დაავადებები, დიაბეტი და კიბო -  აქვთ საერთო რისკის ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ცხოვრების წესთან.


ყველაზე კრეატიული და ეფექტური გზა პირის ღრუს ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი პოლიტიკის გატარებაა ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, მუშაობენ, სწავლობენ და თავისუფალ დროს ატარებენ.

ბევრ განვითარებად ქვეყანაში პირის ღრუს ჯანმრთელობაზე გავლენას  არაადექვატური სანიტარული პირობები ახდენს. ამიტომ, ჰიგიენის საკითხების პოპულარიზაცია და მშობლების, ბავშვების, აღმზრდელებისა და ბავშვების ქცევაზე ზეგავლენა და სწორი კულტურის ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანესია. პირის ღრუს ჯანმრთელობა, როგორც ზოგადი სამედიცინო განათლების ნაწილი, ოჯახსა და სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იზრუნოს სასკოლო ასაკის ბავშვებში შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური საგანმანთლებლო პროგრამების ინტეგრაციაზე.


დიეტა, კვება და პირის ღრუს ჯანმრთელობა. დღეს მსოფლიოს წინაშე ორი სახის მალნუტრიციული პრობლემა დგას: ერთი, რომელიც ასოცირდება შიმშილთან ან საკვები ელემენტების დეფიციტთან და მეორე - დიეტურ შიმშილთან. ურბანიზაციამ და სწრაფმა ეკონომიკურმა განვითარებამ ადამიანთა ცხოვრების წესსა და კვების რეჟიმში  ცვლილებები განაპირობა. დიეტაზე ხშირად ყოფნა და არასრულფასოვანი კვება გავლენას ახდენს ქალა-სახის, პირის ღრუს სიმსივნეების, პირის ღრუს ინფექციების განვითარებაზე. კარიესი დიეტასთან ასოცირებულ სტომატოლოგიურ დაავადებას წარმოადგენს, ხშირი დიეტები ემალის განვითარების დეფექტს, კბილების ეროზიასა და პაროდონტიტის განვითარებას იწვევს. შაქრის ხანგრძლივი და ხშირი გამოყენება პატარა ბავშვებში კარიესის მიზეზი ხდება. ხშირად ბავშვები საწოლში  მთელი ღამის ან დღის განმავლობაში ბოთლით ტკბილ საკვებს მიირთმევენ, რაც ყოვლად დაუშვებელია. ამასთან, ცნობილია, რომ დედის რძე ხელს უშლის კარიესის განვითარებას ადრეული ასაკის ბავშვებში. დამატებით, კბილების ეროზია ხშირად  მჟავების შემცველი არაალკოჰოლური სასმელების ხშირ მოხმარებასთან ასოცირდება.

კვებაში ცვლილებები გავლენას ახდენს ჯანმრთელობის ზოგად სტატუსზე, მათ შორის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. პირის ღრუს დაავადებების პრევენციისა და კონტროლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შემდეგი პრინციპების გათვალისწინება:

  • ძუძუთი კვების პოპულარიზაცია.

  • ჯანსაღი კვების  პოპულარიზაცია.

  • შაქრის ჭარბი მოხმარების შეზღუდვა;

  • არაალკოჰოლური გამაგრილებელი მჟავე სასმელების მოხმარების შეზღუდვა.

თამბაქო და პირის ღრუს ჯანმრთელობა. თამბაქო, როგორც მავნე ჩვევა, ნაადრევი სიკვდილიანობისა  და სხვადასხვა დაავადებების განვითარების მიზეზია. გარდა ამისა, სიგარების, სიგარეტების, საღეჭი თამბაქოს გამოყენება პირის ღრუს სიმსივნეების განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია; თამბაქო პირის ღრუს სიმსივნეების რეციდივის მიზეზია, მოზრდილებში პაროდონტიტის განვითარების რისკ-ფაქტორი, თამბაქო თრგუნავს იმუნური სისტემის მოქმედებას (21 WHO/NMH/NPH/ORH/03.2 The World Oral Health Report 2003).  

სტომატოლოგიურმა პერსონალმა უნდა გაითვალისწინოს თამბაქოსგან თავის   დანებების ეთნიკური, მორალური და პრაქტიკული მიზეზები:


  • სტომატოლოგიურ პერსონალს ყველაზე ხშირი კონტაქტი აქვს ბავშვებთან, ახალგაზრდებთან და აღმზრდელებთან; აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მოსახლეობის ამ ჯგუფზე, სანამ ჩამოუყალიბდებათ მავნე  ქცევა;

  • ხშირად ურთიერთობენ რეპროდუქციული ასაკის ქალებთან; ამდენად, შეუძლიათ ესაუბრონ მათ თამბაქოს მავნებლობაზე;

  • სტომატოლოგებს, როგორც კლინიცისტებს, აქვთ შესაძლებლობა დაეხმარონ მწეველებს თავი დაანებონ თამბაქოს მოხმარებას;

  • მათ შეუძლიათ დაანახონ პაციენტებს თამბაქოს მავნებლობის რეალური შედეგები.


პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე (WOHD) გლობალური ინფორმირებულობის  კამპანიას წარმოადგენს. იგი ხელს უწყობს მოზრდილებსა და ბავშვებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და პოპულარიზაციას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის.

ყოველ წელს პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე კონკრეტულ თემაზეა ფოკუსირებული. იგი მიმართავს საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, მათ შორის ჯანდაცვის პროფესიონალებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პირის ღრუს დაავადებათა ტვირთის შემცირებაზე.

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე პირველად ოფიციალურად 2007 წლის 12 სექტემბერს აღინიშნა. იგი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) დამფუძნებლის ჩარლზ გოდონის დაბადების დღეს უკავშირდებოდა, თუმცა სტომატოლოგთა გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით  2013 წლიდან კამპანია 20 მარტს ტარდება, რადგან:

  • მოხუცებს, ცხოვრების დასასრულს, უნდა ჰქონდეთ სულ ცოტა 20 ძირითადი კბილი, იმისათვის რომ ჩაითვალოს რომ მათ აქვთ ჯანმრთელი პირის ღრუ;

  • ბავშვებს უნდა ჰქონდეთ 20 სარძევე კბილი;

  • ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ 32 კბილი და 0 კარიესი;

  • თუ  ყოველივე ზემოთთქმულს გამოვხატავთ რიცხვებით 3/20 შესაბამისად მივიღებთ 20 მარტს.


საზოგადოებრივ ჯანდაცვას  პირის ღრუს ჯანმრთელობაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია, რადგანაც პირის ღრუს დაავადებების დროულ დიაგნოსტირება და შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების გახორციელება სწორად დაგეგმილი ჯანდაცვის პოლიტიკითაა შესაძლებელი. საზოგადოერივი ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონეტია: პირის ჰიგიენის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება, სასმელი წყლის ფტორირება და, რა თქმა უნდა, სტომატოლოგიური ხარისხის სტანდარტების დანერგვა და მათი გახორციელება.


2019 წელს პირის ღრუს ჯანმრთელობის დღის თემას წარმოადგენს ,,იმოქმედე ჯანმრთელი პირის ღრუსათვის“.  მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს პრევენციაზე, დაავადებების დროულ გამოვლინებასა და მკურნალობაზე, რათა  მომავალში ვუზრუნველყოთ ჯანსაღი პირის ღრუ.


  • მსოფლიო მოსახლეობის 90%-ს ცხოვრებაში ოდესმე უვლინდება პირის ღრუს დაავადებები; ეს შესაძლოა იყოს კარიესი, პარადონტოზი, პირის ღრუს სიმსივნე და სხვ.

  • მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 60%-თვისაა ხელმისაწვდომი ჯანმრთელი პირის ღრუ;

  • მსოფლიოში სკოლის მოსწავლეების  60-90%-ს აქვს კარიესი;

  • მრავალ ქვეყანაში პირის ღრუს სიმსივნეების ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე 1-დან 10-მდე მერყეობს;

  • პირის ღრუს სიმსივნე 8 ფართოდ გავრცელებულ სიმსივნეებს შორის გვხვდება და სამკურნალოდ ყველაზე ძვირადღირებულია;

  • პირის ღრუს ჯანმრთელობას უდიდესი ზეგავლენა გააჩნია ადამიანის ზოგად მდგომარებაზე (ჯანმრთელობაზე) და აგრეთვე ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა თვითდაჯერებულობა, სოციალური ურთიერთობები,  ძილი.თამბაქოსა და ალკოჰოლის ერთობლივი მოხმარებისას პირის ღრუს სიმსივნეების განვითარების რისკი 15-ჯერ იზრდება;

  • მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 5-10% პირის ღრუს დაავადებებს უკავშირდება;

  • ბევრ ქვეყანაში სკოლებში გაცდენების უპირველეს მიზეზს კბილის ტკივილი წარმოადგენს;

  • შაქრის ჭარბი გამოყენება კარიესისა და დიაბეტის განვითარების უპირველესი რისკის ფაქტორია.

  • აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ 30-40 მილიონი ადამიანი ცდილობს თავი აარიდოს სტომატოლოგიურ მომსახურეობას შიშის გამო;

  • განვითარებულ ქვეყნებში პირის ღრუს დაავადებათა ტვირთი მცირდება, თუმცა ბევრად გავრცელებულია ღრძილების დაავადებები, უმეტესად ასაკოვნებში, რომლის რისკის ფაქტორებს თამბაქოს მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, მაღალი ცხიმოვანი დიეტა,  მარილისა და შაქრის ჭარბი გამოყენება წარმოადგენს;

  • თამბაქოს მოხმარება პერიდონტიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია;

  • პირის ღრუს ჯანმრთელობის თვალსაზრისით უნიშვნელოვანესი როლი ენიჭება სწორი ქცევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა კბილების სწორი გახეხვა და რეგულარული დათვალიერება;

  • მსოფლიოში ერთ მილონზე მეტი სტომატოლოგია, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ თანამედროვე სამკურნალო და ტექნიკური საშუალებები სტომატოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა მათი რიცხვი არათანაბრადაა გადანაწილებული, რის შედეგადაც მსოფლიოს ღარიბ რეგიონებში ყოველ 30 000 მოსახლეზე მხოლოდ ერთი სტომატოლოგი მოდის, შესაბამისად სტომატოლოგიური მომსახურება არასათანადოდ ხდება.

  • https://www.who.int/health-promoting-schools/making-every-school-health-promotion-school/en/

  • რეკომენდაციები მშობლებისთვის