Logo

ჩიკუნგუნიას ცხელება

title

ჩიკუნგუნიას ცხელება

1.ზოგადი მიმოხილვა-ჩიკუნგუნიას ცხელება ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანს გადაეცემა ინფიცირებული კოღოს კბენით. დაავადება პირველად აღწერილი იქნა აფეთქების დროს ტანზანიაში 1952 წელს. ჩიკუნგუნია ადგილობრივ ენაზე გამრუდებულს ნიშნავს, რაც დაკავშირებულია სახსრების ტკივილთან. დაავადება გავრცელებულია აფრიკაში, აზიასა და ინდოეთის ნახევარკუნძულზე, თუმცა 2015 წლის აფეთქების დროს ამერიკის ზოგიერთი ქვეყანაც დაზარალდა.

საქართველოში ჩიკუნგუნიას არც ერთი შემთხვევა  არ დაფიქსირებულა. დაავადების გავრცელების რისკი უპირატესად დაკავშირებულია ადამიანთა დაავადების საერთაშორისო გავრცელებასთან და არ უკავშირდება ვირუსის ცირკულაციას ველურ გარემოში.

 

2. გამომწვევი აგენტი - რნმ-ის შემცველი ვირუსია და მიეკუთვნება  alphavirus გვარს და  Togaviridae ოჯახს.

 

3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები - დაავადების რისკი იზრდება ისეთ ადგილებში ყოფნისას, სადაც დაავდების გადამტანი კოღოებია გავრცელებული.

 

4. რეზერვუარი - დაავადების ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია, თუმცა არსებობს მოსაზრება რომ რეზევუარი პრიმატებია. ვირუსი ასევე ცირკულირებს მღრღნელებში და ფრინველებში. აფეთქებებისას წამყვანია გადაცემა ადამიანი-ვექტორი-ადამიანი.

 

5. გადაცემის გზები - ჩიკუნგუნიას ცხელება ადამიანიდან ადამიანს ძირითადად გადაეცემა ორი სახეობის კოღოს საშუალებით, ესენია Aedes aegypti და Aedes albopictusეს სახეობები  ძირითადად იკვებებიან დღისით. შესაძლებელია სხვა სხეობების მიერ გადაცემაც, მაგ. A. furcifer-taylori group და A. Luteocephalus.

 

6. ინკუბაციური პერიოდი - 2-დან 12 დღემდე, უფრო ხშირად 4-8 დღეა.

 

7.გადამდებლობის პერიოდი-დაავადების პირველ კვირაში პაციენტმა ვირუსი შეიძლება გადასცეს კოღოს კბენისას, ასეთმა კოღომ კი შეიძლება დაავადება გაავრცელოს სხვა პირებში.

 

8.მიმღებლობა - ზუსტი მონაცემები არ არსებობს.

 

9.კონტროლის ღონისძიებები:

ა) პრევენციული ღონისძიებები :

  • ვექტორების კონტროლი
  • რეპელენტების გამოყენება ბუნებაში გასვლისას. მნიშვნელოვანია მისი სწორად შერჩევა, უნდა შეიცავდეს DEET (N, N-diethyl-3-methylbenzamide), IR3535 (3-[N-acetyl-N-butyl]-aminopropionic acid ethyl ester) ან icaridin (1-piperidinecarboxylic acid, 2-(2-hydroxyethyl)-1-methylpropylester).
  • კოღოსაგან დამცავი ტანსაცმლის ტარება.
  • საცხოვრებელსა და ეზოში ინსექტიციდების გამოყენება.

 

ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი - პაციენტი დაავადების პირველ კვირას დაცული უნდა იყოს კოღოს კბენისაგან, რათა ეს უკანასკნელი არ დაინფიცირდეს და არ გაავრცელოს დაავადება შემდგომში.

 

გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები - კოღოს კბენისაგან თავდაცვა სპეციალური ტანსაცმლის, რეპელენტებისა და ინსექტიციდების გამოყენებით.

ინფიცირებული სისხლის გადასხმით დაავადების გავრცელების შემთხვევა შეტყობინებული არ არის,  მაგრამ ეს თეორიულად შესაძლებელია და სათანადო სიფრთხილეს საჭიროებს.

 

დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა - კოღოს რიცხოვნობის გაზრდამ შესაძლებელია გაზარდოს დაავადების რისკი.

 

ე) საერთაშორისო ღონისძიებები - ჩიკუნგუნიას ცხელება ექვემდებარება სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია მასზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ეპიდკვლევასა და ლაბორატორიულ დადასტურებას.