Logo

10 ფაქტი ძუძუთი კვების შესახებ

title

10 ფაქტი ძუძუთი კვების შესახებ

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გირჩევთ

ჯანმო რეკომენდაციას უწევს ძუძუთი ექსკლუზიური კვებას სიცოცხლის პირველი 6 თვის მანძილზე. მეექვსე თვიდან ძუძუთი კვებას უნდა დაემატოს მყარი საკვები, როგორიცაა დაქუცმაცებული ხილი და ბოსტნეული.

გარდა ამისა:

     ძუძუთი კვება უნდა დაიწყოს დაბადებიდან 1 საათის განმავლობაში;

♥     ძუძუთი კვება უნდა მოხდეს დღის და ღამის განმავლობაში, ბავშვის „მოთხოვნილების“ შესაბამისად და

♥     ბოთლებისა და საწოვარას გამოყენება თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

 

სარგებელი ჩვილი ბავშვებისთვის

დედის რძე არაჩვეულებრივი საკვებია ახალშობილებისა და ჩვილებისთვის.  იგი უსაფრთხოა და შეიცავს ანტისხეულებს, რომელიც ჩვილს იცავს ისეთი დაავადებებისგან როგორებიცაა,  დიარეა და პნევმონია, რაც  ბავშვთა სიკვდილიანობის ორ ძირითად მიზეზს წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით.

 

გრძელვადიანი სარგებელი ბავშვებისთვის

ძუძუთი კვება ხელს უწყობს ბავშვის სრულფასოვან გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. ასეთი ბავშვები ნაკლებად არიან მიდრეკილნი ჭარბწონიანობის, სიმსუქნის, ტიპი 2 დიაბეტისკენ და უფრო უკეთ ასრულებენ გონებრივ ტესტებს.

 

რატომ არ არის სასურველი ხელოვნური კვება?

ჩვილ ბავშვთა ხელოვნური საკვები არ შეიცავს დედის რძის შემადგენლობაში არსებულ ანტისხეულებს.  გარდა ამისა, იზრდება სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკი საკვების მომზადებისას არაუსაფრთხო წყლის, არასტერილიზებული ჭურჭლისა და ხელოვნური საკვების ფხვნილში პოტენციურად არსებული ბაქტერიების გამო. 

 

აივ ინფექცია და ძუძუთი კვება

აივ ინფიცირებულ დედას შეუძლია გადასცეს ინფექცია შვილს ორსულობის, მშობიარობის და ძუძუთი კვების დროს. ანტირეტროვირუსული (Antiretroviral ARV) პრეპარატები ამცირებენ დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის რისკს. ძუძუთი კვება და ანტირეტროვირუსული პრეპარატების ერთად მიღება ზრდის ბავშვის გადარჩენის შანსებს. ჯანმოს რჩევით, აივ ინფიცირებულმა დედებმა ძუძუთი კვების დროს, უნდა მიიღონ ანტირეტროვირუსული  პრეპარატები და იხელმძღვანელონ ჯანმოს ბავშვთა კვების რეკომენდაციებით.

 

სარგებელი დედებისთვის

ძუძუთი კვებას სარგებელი მოაქვს დედებისთვის. ძუძუთი ექსკლუზიური  კვება ამცირებს სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკებს. ასევე, ეხმარება ქალებს სწრაფად დაიბრუნონ ორსულობამდე არსებული წონა და ამცირებს სიმსუქნის განვითარების რისკს.

 

დედის რძის შემცველობის რეგულაცია

დედის რძის შემცვლელების ვაჭრობის მარეგულირებელი საერთაშორისო კოდექსი მიღებულ იქნა 1981 წელს, რომელიც ითვალისწინებს:

  ყველა ხელოვნური საკვების ეტიკეტზე ინფორმაციის დატანებას ძუძუთი კვების სასარგებლო თვისებებისა და შემცვლელებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების შესახებ;

     დედის რძის ჩამნაცვლებლების რეკლამირების აკრძალვას;

     ორსულებისთვის, დედებისთვის ან მათ ოჯახებისთვის დედის რძის შემცვლელების უფასო ნიმუშები დარიგების აკრძალვას;

    სამედიცინო დაწესებულებებისთვის და ჯანდაცვის მუშაკებისთვის უფასო ან სუბსიდირებული დედის რძის შემცვლელების დარიგების აკრძალვას.

 

მნიშვნელოვანია მხარდაჭერა დედებისთვის

საჭიროა ისეთი ღონისძიებების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს ძუძუთი კვებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესწავლას, რაც დასაწყისში ბევრი ქალისთვის  საკმაოდ რთულია. რეკომენდირებულია, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა უზრუნველყონ ორსულებისა და მეძუძური დედების კონსულტირება ძუძუთი კვების შესახებ როგორიცაა, დვრილების ტკივილი და ბავშვის კვებისთვის საკმარისი რაოდენობის  რძის  არარსებობის შიში.

 

სამსახური და ძუძუთი კვება

მეძუძური დედებისთვის აუცილებელია შეიქმნას ხელშემწყობი სამუშაო პირობები: ფასიანი დეკრეტული შვებულება; ნახევარ განაკვეთზე მუშაობა; მეძუძური დედებისთვის გამოყოფილი გარკვეული დრო (breastfeeding breaks);  საბავშვო ბაღები, სადაც ჩვილებსა და ბავშვებზე ზრუნავენ სამუშაო დღის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ მრავალი დედა, რომელიც უბრუნდება სამსახურს, ნაწილობრივ ან სრულად ამბობს უარს ბავშვისთვის ძუძუთი კვებაზე, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი დრო ან ადგილი. მეძუძური დედებისთვის  საჭიროა გამოიყოს უსაფრთხო, სუფთა და განცალკევებული ადგილი სამსახურში ან სამუშაო ადგილის მახლობლად, რათა განაგრძონ ძუძუთი კვება.

 

შემდეგი ნაბიჯი: მყარი საკვების თანდათანობით მიცემა

6 თვის ასაკიდან ასაკის ბავშვის მზარდი საჭიროებები მოითხოვს, ძუძუთი კვებასთან ერთად ბავშვს დამატებით მიეცეს დაქუცმაცებული მყარი საკვები.

ჯანმოს რეკომენდაციით:

♥    ძუძუთი კვება არ უნდა შემცირდეს მყარი  საკვების მიღების დაწყების შემდეგ;

♥    საკვები უნდა მიეცეს კოვზით ან ჭიქით, და არა ბოთლით;

♥    საკვები უნდა იყოს სუფთა, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი;

♥    ბავშვს სჭირდება დრო, რათა ისწავლოს მყარი საკვების მიღება.

 

 

წყარო: http://www.who.int/features/factfiles/breastfeeding/facts/en/index9.html