Logo

იმუნიზაციის ხარჯები ეკონომიურად ეფექტურია

title


უდაოა, რომ იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიურად ეფექტური თანამედროვე მიღწევაა. მასზე გაწეული ხარჯები ძალიან მცირეა, ხოლო მისი მეშვეობით შეძენილ იმუნიტეტს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჯანმო-ს მონაცემებით, 1988 წელს პოლიომელიტის გლობალური ელიმინაციის ინიციატივის (GPEI) შექმნიდან დღემდე 5 მილიონი ადამიანი გადაურჩა პოლიომელიტის შედეგად განვითარებულ დამბლას. თუ ვერ შევძლებთ პოლეომელიტის ელიმინაციას, შემდეგი 40 წლის განმავლობაში მსოფლიოში ამ დაავადების სულ ცოტა 10.6 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდება რაც, საბოლოო ჯამში, პროგნოზულად 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე-წლების დაკარგვას (მოცემული დაავადების ყველა შედეგის ჩათვლით) გამოიწვევს (GPEI, 2009 წ.). მკურნალობის ხარჯების დაზოგვის გარდა, იმუნიზაციას აგრეთვე გააჩნია მნიშვნელოვანი, უფრო ფართო ეკონომიური ზეგავლენა. ის იცავს ადამიანებს დაავადების გრძელვადიანი ზეგავლენისგან, რაც მათ საშუალებას აძლევს დაასრულონ სწავლის პროცესი, გაიარონ პრაქტიკა და დაიწყონ მუშაობა. ამ გზით, იმუნიზაციით შექმნილ იმუნიტეტს უსაზღვროდ დიდი ინდივიდუალური და საზოგადოებრივი სარგებელი მოაქვს შრომისუნარიანობის, პროდუქტიულობისა და განვითარების თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმუნიზაცია, რომლის საფასურიც მკურნალობის ხარჯებთან შედარებით გაცილებით დაბალია, გვინარჩუნებს სიცოცხლეს და გვიცავს უნარშეზღუდულობისგან, რასაც სარგებელი მოაქვს როგორც ცალკეული ადამიანების, ასევე ზოგადად საზოგადოებისთვის. ჯანმრთელობის ეფექტური პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული დანახარჯები უნდა აღიქმებოდეს როგორც ინვესტიცია და არა ხარჯი. ჯანმრთელი მოსახლეობა ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას, ხოლო მოსახლეობის ავადობა კი ეკონომიკის გამოფიტვას იწვევს.