Logo

ქიმიური უსაფრთხოება

title


   გამომდინარე იქიდან, რომ ქიმიურ ნივთიერებებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნების ეკონომიკაში და ყოველდღიური ცხოვრების საჭირო კომპონენტია, მათ რაციონალურ მართვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების თავიდან აცილების მიზნით.  ქიმიური ნივთიერებების რაციონალურად მართვის მიღწევა შესაძლებელია საშიში ქიმიური ნივთიერებების თანმიმდევრულ და კოორდინირებულ რეგულირებაზე მიმართული ღონისძიებების გატარებით. ეს მოიცავს ყველა (ბუნებრივ და სინთეტურ) ქიმიურ ნივთიერებას მათი სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე, გამოწვლილვის (ექსტრაქცია), სინთეზირების, სამრეწველო წარმოების, ნარჩენების ტრანსპორტირებისა და უტილიზების ჩათვლით. ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ საიმედო ინფორმაციაზე წვდომას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად, რათა მინიმუმადე იქნეს დაყვანილი ქიმიური ნივთიერებების უარყოფითი ზემოქმედება ადამიანებსა და გარემოზე. 

    2003 წლიდან დღემდე საქართველში გატარებულ ცვლილებებსა და რეფორმებს ფუნდამენტური ხასიათი აქვს. ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს ინსტიტუციური სტრუქტურისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებული რეალობა შეიცვალა. 2007 წელს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ საქართველოს კანონის კვალდაკვალ, ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს სანიტარიული კოდექსი. სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაში შემავალი ზოგიერთი ზედამხედველობის, კონტროლისა და  ნებართვის გაცემის ფუნქციები სრულად გაუქმდა, ყოველგვარი ალტერნატიური სტრუქტურის შექმნის გარეშე, და, აქედან გამომდინარე, ეს ფუნქციები არც ახალ კანონმდებლობაში აისახა. 2003 წლის შემდეგ, კანონმდებლობის საყოველთაო ლიბერალიზაციის ფონზე, საშიში ქიმიური ნივთიერებების წარმოების, გამოყენებისა და განთავსების მარეგულირებელი კანონებიც ლიბერალური გახდა, რაც უარყოფითად აისახა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოსთან დაკავშირებულ ასპექტებზე. საქართველოში, საშიში ქიმიური ნივთიერებების სფეროში, კანონმდებლობის ლიბერალიზაცია ძალზე მარტივი მიდგომით განხორციელდა, რაც, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ ცალკეული კანონების, მაგალითად, საშიში ნივთიერებების შესახებ კანონის, გაუქმებით გამოიხატა.

   2009 წელს საქართველოს „ქიმიური პროფილის“ შემუშავების ფარგლებში ჩატარებული ქიმიური ნივთიერებების მართვის მულტისექტორული შეფასების შედეგად, თვალსაჩინო გახდა ქიმიური ნივთიერებების მართვის მხრივ არსებული ხარვეზები და განისაზღვრა ქიმიურ უსაფრთხოებაზე მიმართული ეროვნული პრიორიტეტები. ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-გაზიარება დასახელდა.  

 
  დღესდღეობით ქიმიური მრეწველობა ქიმიური ნივთიერებების ფართო არჩევანს სთავაზობს ეკონომიკის ყველა სექტორს. იმ უდიდეს სარგებელთან ერთად, რაც ქიმიურ ნივთიერებებს მოაქვს, გასათვალისწინებელია, რომ მათი უმართებულო გამოყენება შეიძლება გარემოს დაბინძურებისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების, კერძოდ, მწვავე მოწამვლის; ონკოლოგიური, სასუნთქი გზების, გულ-სისხლძარღვთა და ავტოიმუნური დაავადებების; რეპროდუქციული დარღვევების; თანდაყოლილი ანომალიებისა და სხვა დეფექტების მიზეზი გახდეს.

   ადამიანებს ქიმიურ ნივთიერებებთან შეხება უწევთ სამუშაო ადგილზე, სამომხმარებლო პროდუქციის გამოყენებისას, საკვებისა და წყლის მოხმარებისას, ჰაერის ჩასუნთქვისას, ნარჩენებსა და ნიადაგში არსებულ ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტისას და სხვ.

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედი ქიმიური ნივთიერებების სპექტრი ფართო და მზარდია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში ქიმიური პროდუქციის წარმოებისა და მოხმარების მაჩვენებლი ყველაზე მაღალია მსოფლიოში: ძირითადი ქიმიური პროდუქციის მწარმოებელი წამყვანი 30 სახელმწიფოდან 11 ევროპულია, ხოლო ქიმიური პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 533 მილიარდ ევროს შეადგენს. აღნიშნული მოიცავს საშიშ ნივთიერებებს, როგორიცაა მძიმე მეტალები, ზოგიერთი მდგრადი და არამდგრადი ორგანული დამაბინძურებელი, რომელთა ტოქსიკური ზემოქმედება ადამიანზე დადასტურებელია, აგრეთვე, ახალი ტიპის ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთაგან ყველა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია.  

    გლობალურად, 2012 წელს  ქიმიურ ნივთიერებებთან ექსპოზიციის შედეგად, რომელთა  ზემოქმედება ჯანმრთელობაზე დადასტურებულია,  1.3 მილიონი ნაადრევი ლეტალობის და 43 მილიონი ინვალიდობის შედეგად დაკარგული „ჯანმრთელი ცხოვრების“  წლების (DALYs) მიზეზია.  ევროპაში ვერცხლისწყლით დაბინძურებით გამოწვეული ზარალი წლიურად 5.1 მილიარდ ევროს უტოლდება, ხოლო ქიმიური საფრთხეებით გამოწვეული ბავშვთა ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული დანახარჯები, უფრო მასშტაბური შეფასებით, წლიურად 71 მილიარდ ევროს შეადგენს. უახლესმა კვლევამ ცხადყო, რომ ენდოკრინული სისტემის დაავადებებზე, რომლებიც  ქიმიურ ნივთიერებებს (EOCs) მიეწერება, გაწეული დანახარჯი წლიურად 163 მილიარდი ევროა.   ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მსოფლიო საზოგადოებრიობა ცდილობს მიაღწიოს მდგრად განვითარებას, იმგვარად, რომ დღევანდელი თაობების საჭიროებები დაკმაყოფილდეს მომავალი თაობებისათვის ზიანის მიყენების გარეშე. ამ გადმოსახედიდან, ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენება მდგრადი განვითარების არსებითი შემადგენელი ნაწილია.

  გაეროს რიო-დეჟანეიროს 1992წლის კონფერენციამ დაადგინა ქიმიური ნივთიერებების მდგრადი გამოყენების პრინციპები, კერძოდ უნდა შეიქმნას ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების ეროვნული სისტემა, რომელიც უნდა მოიცავდეს:

1. სათანადო კანონმდებლობას.

2. ინფორმაციის  შეგროვება და გავრცელება , საშიშროების  ხარისხის  შეფასება და  ინტერპრეტაცია.

3. საშიშროების შესამცირებელი პოლიტიკის გატარება.

4. დადგენილი ნორმების გამოყენების და დაცვის შესაძლებლობები.

5.დაბინძურებული რეგიონების აღდგენისა და მოწამლულთა რეაბილიტაციის შესაძლებლობები.

6. სწავლების ეფექტური პროგრამები.

7. ექსპტრემალურ სიტუაციებზე  რეაგირების  შესაძლებლობები.

ასევე უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში ჯანმო-ს რეკომენდაციების, მეთოდოლოგიების დანერგვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების  რისკის შეფასების შესახებ.

       2013 წლის ივნისში ხელი მოეწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელიც მოიცავს ქიმიური უსაფრთხოების სფეროში მისაღებ ზომებსაც, კერძოდ, ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციისა და ეტიკეტირების ჰარმონიზაციას ევროკავშირის მოთხოვნებთან.

   საქართველოში ქიმიური ნივთიერებების რაციონალური მართვის დანერგვასთან მიმართებით ჩატარებული ძველი და უახლესი ეროვნული შეფასებები „საქართველოს ქიმიური პროფილი“ (2009), UN ECE - გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (2010), დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის საქართველოს ეროვნული რეესტრი (2010-2012), ანგარიში საშიში ნივთიერებების ინვენტარიზაციის შესახებ (2013)], „საკანონმდებლო და სამოქმედო ჩარჩოს შემუშავება საშიშ ქიმიურ ნივთიერებებზე ინფორმაციის შეგროვებისა და გაზიარების მიზნით საქართველოში“ (2017) ცხადყოფს, რომ ეროვნულ დონეზე ძირითად ხარვეზს წარმოადგენს ქიმიური ნივთიერებებისა და ქიმიური პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა, რაც დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელია ქიმიური ნივთიერებების რაციონალური მართვის დანერგვის უზრუნველსაყოფად.

 ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების გარდა, ქვეყნისათვის წინგადადგმული ნაბიჯია 2014 წელს საქართველოს მთავრობის  No164 დადგენილებით დამტკიცებული  „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია“, სადაც გამოიკვეთა ქბრბ უსაფრთხოების სფეროში საერთო გამოწვევები. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების (ქბრბ) სტრატეგიის (საქართველოს მთავრობის დადგენილება №164, 14.02.2014) და 2015-2020 წლების ქბრბ სამოქმედო გეგმის თანახმად, „ქიმიური უსაფრთხოების სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზები არსებულ გამოწვევებს შორის პრიორიტეტულად უნდა დასახელდეს“.

     საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვა სათანადოდ არ ხორციელდება. არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა (პესტიციდების და აგროქიმიკატების მართვის კანონმდებლობის გარდა)  და ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს  იმ მთავარ გამოწვევებს, რომლებიც აფერხებენ საქართველოში ქიმიური ნივთიერებების მართვის ევროპული პრაქტიკის დანერგვის პროცესს. „საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა“  და „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ (2015-2019) განხორციელებისათვის, აუცილებელია ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში კანონმდებლობის შემუშავება და მიღება. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი გადავიდა ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაციისა და ეტიკეტირების გაეროს გლობალურ ჰარმონიზებულ სისტემაზე (GHS), აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები.

     როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, საქართველოში არ არის ქიმიური ნივთიერებების  მართვისთვის საჭირო საინფორმაციო რესურსი. ეფექტიანი ინტეგრირებული სისტემის (სასურველია ონლაინ სისტემის) დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტრანსსასაზღვრო გადაადგილებისა და გაცემული თანხმობის/ნებართვების შესახებ ინფორმაციის მიმოცვლას. აღნიშნული სისტემა ასევე წვლილს შეიტანს ქიმიური ნივთიერებების მართვაში ჩართული სხვადასხვა უწყებების ეფექტიანობის ამაღლებაში. აქედან გამომდინარე, ეროვნულ დონეზე ქიმიური ნივთიერებების მართვის გაუმჯობესებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც სამართლებრივი ბაზის სრულყოფა, ასევე ინფორმაციის შეგროვება და ქიმიური ნივთიერებების ინტეგრირებული სახელმწიფო რეესტრის შექმნა/წარმოება.

    ქიმიური ნივთიერებების მართვის სათანადო სისტემის შექმნასთან ერთად, ყურადღება უნდა მიექცეს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებებს, მათი განსაკუთრებულად სახიფათო ხასიათიდან გამომდინარე. ასეთი ნივთიერებებია: მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები (პესტიციდები,  პოლიქლორირებული ბიფენილები (PCB), დიოქსინები, ფურანები, და სხვ.) და ოზონდამშლელი ნივთიერებები, რომლებიც სათანადო მოპყობას საჭიროებენ იმ რისკების შესამცირებლად, რომლებიც ისინი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას უქმნიან. ზემოთ ჩამოთვლილ ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით კონრეტული ზომების მიღება და მათი მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება ასევე ხელს შეუწყობს კონკრეტული ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში საქართველოს მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმებების განხორციელებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას.  

   უნდა აღინიშნოს, რომ ქიმიური ნივთიერებები გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიან სამრეწველო ავარიების შემთხვევაში. აღნიშნული საფრთხეების რისკის შესამცირებლად საჭიროა სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება.  „საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ საქართველომ აიღო “სახიფათო ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული დიდი ავარიების საფრთხეების შესახებ” სევესო III დირექტივის ცალკეული დებულებების შესრულების ვალდებულება. აქედან გამომდინარე, უნდა შეიქმნას საფრთხის შემცველი სამრეწველო ობიექტების შემოწმების ინტეგრირებული სისტემა.

  ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საინფორმაციო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ოფისმა, საქართველოს შესაბამის საჯარო უწყებებთან თანამშრომლობის გზით, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრმა განახორციელა პროექტი „საქართველოში საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გაზიარებისათვის საკანონმდებლო და სამოქმედო ჩარჩოს შემუშავება“, რომელიც დაფინანსდა გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს საკონსულტაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში 2015-2017 წელს. პროექტის ზოგადი მიზანი იყო როგორც ინფორმაციის შეგროვება-გაზიარებისათვის საკანონმდებლო და სამოქმედო ჩარჩოს შექმნა, ისე რეესტრის მოდელის შემუშავება და მისი პრაქტიკულობის გამოცდა დაინტერესებული მხარეების საჭიროებების შესაბამისად.

 

 

Fact sheet 5, Chemical Safetyhttp://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0014/341132/Fact-Sheet-5-Chemical-Safety.pdf?ua=1

 

UN ECE (2016). Environmental Performance Review of Georgia (Third Review) / ECE-CEP-177 UNITED NATIONS ECONOMIC COMMISSION FOR EUROPE / Environmental Performance Reviews Series No. 43/UNITED NATIONS New York and Geneva, 2016 https://www.unece.org/fileadmin/DAM/env/epr/epr_studies/ECE_CEP_177.pdf

 

ნარჩენების მართვის კოდექსი (2014) / საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი No 2994-RS – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ვებგვერდი, 12.01.2015 / 19.02.2015 -ის კონსოლიდირებული ვერსია/ ცვლილებები შეტანილია „ცვლილების შეტანის თაობაზე“ 1 კანონით / ცვლილება შეტანილია საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონით N 3098-IIs - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ვებგვერდი, 27.02.2015 [ინგლისური ვერსია]

https://matsne.gov.ge/en/document/view/2676416

 

საქართველოს ქიმიური პროფილი (2009). საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

http://csrdg.ge/upload/editor/file/qim-profili/Georgia%20chemicals%20profile_eng-bolo.pdf

 

დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის შესახებ საქართველოს ეროვნული რეესტრი (2010-2012) / შესაძლებლობების გაძლიერება დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის შესახებ რეესტრის შესაქმნელად და საქართველოში ქიმიური ნივთიერებების საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიული მიდგომის  დანერგვის მხარდასაჭერად / დამაბინძურებლების გარემოში გაშვებისა და გადატანის შესახებ საქართველოს ეროვნული რეესტრის ვებგვერდი.

 

http://www.prtr-georgia.org/index.php/en/

 

საქართველოს ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა (2014). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/english/agriculture/Environment_2014.pdf

 

NEAP-2 (2012). 2012 –2016 წლების საქართველოს გარემოსდაცვითი ეროვნული სამოქმედო გეგმა. მიღებულია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის #127 განკარგულების საფუძველზე. http://www.preventionweb.net/files/28719_neap2.eng.pdf