Logo

15 თებერვალი, ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღეა „უკეთესი გადარჩენა მიღწევადია #ჩვენიმონდომებით“ „ხელები ერთად ყველაზე ზრუნვისთვის“ , 2021

title

15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს გლობალური აქტივობების საჭიროებებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინააღმდეგ, როცა ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა ერთობლივად უნდა დააფიქსირონ ბავშთა ონკოლოგიური დაავადებების ნაციონალურ და გლობალურ პრიორიტედად აღიარების აუცილებლობა.

2019 წელს საქართველოში 19 წლამდე ასაკის ბავშვებში კიბოთი ავადობის 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ახალი შემთხვევების საერთო რაოდენობის ≈1%–ზე ნაკლებია. სქესობრივ ჯგუფებში შემთხვევების წილი დაახლოებით თანაბარია. მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებების 50%-ზე მეტი ლიმფოიდური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების კიბოზე მოდის, რომელსაც, ისევე როგორც მსოფლიოში, ნერვული სისტემის ონკოლოგიუირ დაავადებები მოსდევს.

2018 წლის 28 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დააანონსა ახალი ინიციატივა - დაბალ და მაღალ-განვითარებულ ქვეყნებს შორის ბავშვთა კიბოს გადარჩენის განსხვავებული მაჩვენებლების წინააღმდეგ ბრძოლა. ყოველწლიურად მსოფლიოში 300000-ზე მეტი 19 წლამდე ასაკის ბავშვი და მოზარდი ავადდება კიბოთი, რომელთა შორის ყოველი ათიდან რვა ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში და მათი გადარჩენის მაჩვენებელი 20%-ის ფარგლებში მერყეობს; მაშინ როცა, მაღალ-შემოსავლიან ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი 80%-ს აღემატება. ჯანმოს ბავშვთა კიბოს გლობალური ინიციატივის ძირითადი სამიზნე ტკივილის ელიმინაცია და 2030 წლისთვის კიბოს დიაგნოზის მქონე ნებისმიერი ბავშვისთვის 60%-იანი გადარჩენის მაჩვენებლის მიღწევაა.

2021 წელს ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღის ძირითადი გზავნილია - „უკეთესი გადარჩენა მიღწევადია #ჩვენიმონდომებით“, „ხელები ერთად ყველაზე ზრუნვისთვის.“

”ჩვენ გვაქვს სურვილი, გვყავს პარტნიორები და ძლიერი მტკიცებულება, რომ ბავშვთა კიბოთი დაზარალებულ თემებთან ერთობლივი მუშაობით შევძლებთ შევქმნათ კიბოს გლობალური მოძრაობა და მზად ვართ ყველა ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვისთვის უზრუნველვყოთ კიბოს მოვლის ხელმისაწვდომობა,“ აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის არაგადამდები დაავადებების განყოფილების დირექტორმა ქალბატონმა ბენტე მიკელსენმა.


ბავშვთა ასაკში ონკოლოგიური დაავადებები იშვიათად ვლინდება, კიბოთი საერთო ავადობის 0.5-4.6%–ს შეადგენს. გლობალურად ბავშვთა კიბოს საერთო ინციდენტობის მაჩვენებელი 50–დან 200–მდე მერყეობს ას მილიონ ბავშვზე.

ბავშვთა ასაკში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებათა სტრუქტურა განსხვავებულია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისგან. ბავშვებში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავდებათა თითქმის ერთ მესამედს ლეიკემია წარმოადგენს, რომელსაც სიხშირის მიხედვით მოსდევს ლიმფომები და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ტიპის კიბო ძირითადად მხოლოდ ბავშვთა ასაკში გვხვდება, მაგალითად, ნეირობლასტომა, ნეფრობლასტომა, მედულობლასტომა და რეტინობლასტომა. რაც შეეხება, ძუძუს, ფილტვების, მსხვილი ან სწორი ნაწლავების კიბოს, რომლებიც წამყვანი ლოკალიზაციის კიბოს წარმოადგენენ მოზრდილთა კიბოთი ავადობის სტრუქტურაში, ბავშვებში დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

ბავშვებში სიმსივნის გამომწვევი მხოლოდ რამდენიმე ფაქტორია იდენტიფიცირებული, რომელსაც გენეტიკური ფაქტორი და მუცლადყოფნის პერიოდში მაიონიზებელი გამოსხივება მიეკუთვნება. კვლევები გვაჩვენებს, რომ ისეთმა ვირუსებმა, როგორებიცაა ეპშტენ–ბარის (Epsten-Barr), ჰეპატიტ B–ს და ადამინის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) შესაძლოა გაზარდონ პედიატრიული ონკოლოგიური დაავადებების რისკი.

„მკურნალობის ხელმისაწვდომობას, რომელიც გადარჩენის შანსია, გეოგრაფიული ადგილმდებარობა არ უნდა განსაზღვრავდეს. ძალიან მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ შენს შვილს აქვს ონკოლოგიური დაავადება. თუმცა, ბევრად უფრო ტრაგიკულია, როცა იცი, რომ სადღაც არსებობს ამ დაავადების მკურნალობის და მართვის შესაძლებლობა, მაგრამ... ის არ არის ხელმისაწვდომი შენი ქვეყნისთვის.  სწორედ მაშინ გიჩნდება სურვილი, ხმა აიმაღლო და მოუწოდო მსოფლიო ლიდერებს აქტივობისკენ, რათა დაიცვან თითოეული ბავშვის ჯანმრთელობა განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა“ – აღნიშნა იორდანიის პრინცესა დინა მირედმა, რომელიც გახლდათ  კიბოზე გამარჯვებული ბავშვის დედა და პირველი არაბი ქალი, რომელიც კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანების (UICC) პრეზიდენტად იყო არჩეული.

ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღის მოწოდებაა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, არ იყოს „მაგრამ“ ბავშვთა ონკოლოგიაში.

ბავშვთა კიბოს ერთ–ერთი მხარდაჭერი პაციენტთა არა–მომგებიანი ორგანიზაციის –„ბავშვთა კიბოს საერთაშორისო გაერთიანების“ – 188 წევრი ორგანიზაცია 96 ქვეყნიდან და პედიატრიული ონკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (International Society of Paediatric Oncology – SIOP) სამედიცინო მომსახურების 1000 პროფესიონალი 110 ქვეყნიდან ერთიანდება ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების სოლიდარობის მიზნით და მოუწოდებენ ყველას თანადგომისკენ, რათა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ამ ბავშვებს თანაბარი შანსი ჰქონდეთ  დაამარცხონ კიბო და იცხოვრონ ხანგრძლივად და ხარისხიანად.