title
14 ნოემბერი - დიაბეტის მსოფლიო დღეა
მნიშვნელოვანი აღმოჩენა
დიაბეტთან ბრძოლის დღედ 14 ნოემბერი არჩეულია კანადელი მეცნიერის ფრედერიკ ბანტინგის პატივსაცემად, რომელიც დაბადებული იყო 1891 წლის 14 ნოემბერს. 1922 წელს ახალგაზრდა ფრედერიკ ბანტინგმა პირველი ადამიანი გადაარჩინა, როდესაც ინსულინის ინექცია გაუკეთა დიაბეტის იუვენილური ფორმით დაავადებულ 14 წლის ყმაწვილს. ნაცვლად იმისა, რომ დაეპატენტებინა ინსულინი და ზღაპრულად გამდიდრებულიყო, ბანტინგმა ყველა უფლებები ტორონტოს უნივერსიტეტს გადააბარა.
ფრედერიკ ბანტინგს ახალგაზრდობაში ნათესავები და მეგობრები დაღუპა შაქრიანი დიაბეტით და მან გადაწყვიტა, დაემარცხებინა ეს ვერაგი დაავადება. იგი საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლობდა - გადავიდა სამედიცინოზე და თავისი აღთქმა წარმატებით აღასრულა - მიაგნო მკურნალობის საშუალებას, ინსულინს. ფრედერიკ ბანტინგს, თავისი კვლევების დროს გვერდით ედგა კოლეგა - ჩარლზ ბესტი. კანადელი ქირურგი ფრედერიკ ბანტინგი და სტუდენტი ჩარლზ ბესტი ძაღლების კუჭქვეშა ჯირკვლიდან ინსულინის სეკრეციას შეისწავლიდნენ. ამბობენ, რომ დიდი ინტუიციით დაჯილდოებულმა ბანტინგმა ჯანმრთელი ძაღლის კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედებიდან გამოყოფილი ექსტრაქტი დიაბეტით დაავადებულ ძაღლს შეუყვანა. შედეგი სასწაულებრივი აღმოჩნდა: რამდენიმე საათის შემდეგ დიაბეტით დაავადებული ძაღლის სისხლში შაქრის რაოდენობა საკმაოდ შემცირდა. ქირურგმა და მისმა სტუდენტმა მთელი ძალისხმევა ისეთი ცხოველის საძებნელად მიმართეს, რომლის ინსულინიც ადამიანის ინსულინს ჰგავდა. მათ აღმოაჩინეს, რომ ძროხის ჩანასახის ინსულინი ძალზე ახლოს იდგა ადამიანის ინსულინთან, ექსპერიმენტის უსაფრთხოებისთვის გაასუფთავეს ის და 1922 წლის იანვარში პირველი კლინიკური გამოცდა ჩაატარეს: ბანტინგმა ინსულინი 14 წლის მოზარდს შეუყვანა, რომელიც დიაბეტისგან კვდებოდა და ავადმყოფმა გამოჯანმრთელება დაიწყო. მათმა აღმოჩენამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა, რადგან ინსულინის გარეშე დიაგნოზი „შაქრიანი დიაბეტი“ სიცოცხლის იმედს არ უტოვებდა ადამიანს. 1923 წელს ბანტინგს და მასთან ერთად, მისი კათედრის ხელმძღვანელს კლეოდს მიენიჭათ ნობელის პრემია. ბესტის დამსახურება იგნორირებული იყო. ამან ძალიან აღაშფოთა ბანტინგი და მან ნებაყოფლობით გაუყო თავისი პრემიის ნახევარი ბესტს.
შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული ენდოკრინული დაავადებაა, ახასიათებს სისხლში გლუკოზის დონის მატება, რაც განპირობებულია პანკრეასის მიერ გამოყოფილი ინსულინის აბსოლუტური ან შედარებითი დეფიციტით. შაქრიანი დიაბეტი არაგადამდებ დაავადებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ითვლება, რომ მრავალ განვითარებად და ინდუსტრიულ ქვეყანაში შაქრიანმა დიაბეტმა ეპიდემიის ფორმა მიიღო, მას სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მეოთხე-მეხუთე ადგილი უჭირავს ბევრ განვითარებულ ქვეყანაში.
დროთა განმავლობაში დიაბეტი აზიანებს გულსა და სისხლძარღვებს, თვალებს, ნერვებს და თირკმელებს:
- დიაბეტი ზრდის გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკს
- დიაბეტით დაავადებული ადამიანების გარდაცვალების ძირითადი მიზეზია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - მეტწილად გულის დაავადებები და ინსულტი
- სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან კომბინაციაში ქვემო კიდურების ნეიროპათია ზრდის ტერფზე წყლულების გაჩენის შესაძლებლობას და საბოლოო ჯამში, კიდურების ამპუტაციის რისკს
- დიაბეტური რეტინოპათია, რომელიც სიბრმავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს, ვითარდება ბადურის წვრილი სისხლძარღვების ხანგრძლივი დაზიანების შედეგად
- სიბრმავის შემთხვევათა 1% განპირობებულია დიაბეტით
- დიაბეტი თირკმლის უკმარისობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია
- დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა სიკვდილობის საერთო რისკი 2-ჯერ აღემატება იგივე ასაკის დიაბეტის არმქონე პირთა სიკვდილობის რისკს.
„ჯანსაღი კვება ყველა ტიპის დიაბეტის მართვის შემადგენელი ნაწილია!“
„შეცვალეთ ცხოვრების წესი დღესვე!“