Logo

ტრაქომა

title

ტრაქომა

ზოგადი მიმოხილვა: თვალის ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელიც იწვევს კონიუნქტივის და რქოვანას დაზიანებას, დანაწიბურებასა და სიბრმავეს. გავრცელებულია მშრალი, მტვრიანი რეგიონების ღარიბ პოპულაციაში. ჩვეულებრივ დაავადება იწყება ბავშვობაში და  სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით მიმდინარეობს. მხედველობის გამოხატული დაქვეითება 30-40 წლის ასაკობრივი ჯგუფისათვის არის ტიპური. დაავადების მიზეზს ქლამიდიები (Chlamydia trachomatis) წარმოადგენენ. ტრაქომა 42 სახელმწიფოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანის სიბრმავეს და/ან მხედველობის დაქვეითებას იწვევს. მსოფლიოს მასშტაბით, ის სიბრმავის წამყვანი ინფექციური მიზეზია. 200 მილიონამდე ადამიანი ახლაც ცხოვრობს ენდემურ ზონებში და დაავადების მუდმივი რისკის ქვეშ იმყოფება. ტრაქომისმიერი სიბრმავე შეუქცევადი პროცესია. დაავადებულთა უმრავლესობა აფრიკის კონტინენტზეა. ჯანმოს მონაცემებით 2015 წლისთვის აფრიკის 29 ქვეყნის 176000 ადამიანს ჩაუტარდა ოპერაცია ტრაქომის გამო, ხოლო 54 მილიონი გადიოდა ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსს. 2016 წლის დასაწყისისში ჩინეთმა, განამ, გამბიამ, ირანმა, მაროკომ, მიანმა და ომანმა ოფიციალურად განაცხადეს ტრაქომის ლიკვიდაციის შესახებ. დაავადება ისტორიულად აზიისა და აფრიკის კონტონენტებზე იყო გავრცელებული, თუმცა ნაპოლეონის ჯარების აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ ევროპის რეგიონშიც სწრაფად გავრცელდა. ტრაქომას განსაკუთრებით ფართო გავრცელება ქონდა სამხედრო ნაწილებში. ტრაქომის ენდემურ ქვეყნებში ქალებში სიბრმავე 2-3-ჯერ მეტია, ვიდრე მამაკაცებში, რაც ქალების წყალთან და დაავადებულ ბავშვებთან გაცილებით ხშირი კონტაქტითაა განპირობებული.

გამომწვევიაგენტი  ბაქტერია ქლამიდია Chlamydia trachomatis-ის გრამ-უარყოფითი, ობლიგატური უჯრედშიდა, სპორების არწარმომქმნელი ,,პარაზიტია“. არსებობს მისი A, B, Ba და C სეროვარები. დაავადება ისტორიულად დიდი ხნიდანაა ცნობილი, თუმცა ბაქტერია სუფთა კულტურის სახით მხოლოდ 1957 წელს გამოყო პროფესორმა ტანგ ფეის-ფანმა. 

მიზეზები/ძირითადირისკისფაქტორები ცუდი ჰიგიენური პირობები, მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, წყლის და განსაკუთრებით სუფთა წყლის დეფიციტი.

რეზერვუარი დაავადებული ადამიანია.

გადაცემისგზები. ტრაქომა გადაეცემა თვალისა და ნაზოფარინგიალური გამონაყოფით დაბინძურებული  ხელებით (პიდაპირი კონტაქტური გზა) ან სხვადასხვა საგნის მაშვეობით (არაპირდაპირი კონტაქტური გზა), მაგალითად პირსახოცით ან  ტანასაცმლით. დაავადების გავრცელებაში გარკვეულ როლს ბუზებიც ასრულებენ.

ინკუბაციურიპერიოდი 5-16 დღეა.

გადამდებლობისპერიოდი მოიცავს დაავადების მთელ პერიოდს. ნაწიბურების წარმოქმნის პერიოდში ქსოვილებში გამომწვევის კონცენტრაცია მცირდება, მაგრამ რეინფექციის შემთხვევაში კვლავ აქტიუდება. ადექვატური მკურნალობის, ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან 2-3 დღეში პაციენტი გარშემომყოფთათვის საშიშროებას აღარ წარმოადგენს.

მიმღებლობა საყოველთაოა.  მიუხედავად იმისა რომ, არ გამომუშავდება მყარი იმუნური პასუხი, დაავადების ახალი შემთხვევები და მწვავე მიმდინარეობა  ძირითადად ბავშვებში გვხვდება. დაავადების სიმძიმეზე  გავლენას ახდენს საყოფაცხოვრებო პირობები, მშრალი ქარის, მტვრისა და ქვიშის თვალებში მოხვედრა.

კლინიკური გამოვლინება: ტრაქომის მიმდინარეობას რამდენიმე სტადია ახასიათებს: როდესაც არსებობს ეჭვი დაინფიცირებაზე, გამოხატულია კონინქტივიტი, მაგრამ სფეციფიური ფოლიკულები არ არის გამოკვეთილი. დაავადების პირველი სტადია კონიუნქტივის ჰიპერემიით, ინფილტრაციებით და ქუთუთოებზე ფოლიკულების გაჩენით ხასიათდება. მეორე სტადიის დროს ფოლიკულების ნაწილი სკდება და მათ ადგილას ყალიბდება ნაწიბურები. ამ სტადიის დროს პაციენტებს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით დიდი კონტაგიოზურობა გააჩნიათ. ყალიბდება ქუთუთოს ჩატრიალება, იმღვრევა რქოვანა. მესამე სტადიისას დაავადება განიცდის გარკვეულ რეგრესს, თუმცა ანთება და ფოლიკულები კვლავ სახეზეა.  მეოთხე სტადია პრაქტიკულად განკურნების პერიოდია, აქტიურდება ნაწიბურების წარმოქმნის პროცესი და ჩნდებიან ვარსკვლავისებრი ნაწიბურები. დაავადება შესაძლოა რამდენიმე წელს გრძელდებოდეს. ჰიპერენდემურ რეგიონებში აქტიური ინფექციის გახანგრძლივებას ხშირ რეინფექციებს უკავშირებენ. სამკურნალოდ გამოიყენება აზიტრომიცინი და ადგილობრივად ტეტრაციკლინის მალამო.

ლაბორატორიული დიაგნოსტიკა დამყარებულიაგიმზა-რომანოვსკის მეთოდით შეღებილ კონიუნქტივის ნაცხებისეპითელურ უჯრედებში ქლამიდიის სხეულაკების აღმოჩენაზე.

კონტროლისღონისძიებები:

A.       პრევენციული ღონისძიებები: განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების განათლებას პირადი ჰიგიენის დაცვის, ხელებისა და სახის წყლით და საპნით დაბანის აუცილებლობის და ინდივიდუალური პირსახოცების გამოყენების შესახებ. საჭიროა საბაზისო სანიტარული პირობების  გაუმჯობესება და ხარისხიანი წყლით მომარაგების უზრუნველყოფა.

B.      პაციენტის და კონტატების კონტროლი: დაავადების საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს შესაბამის ეპიდზედამხედველობით სამსახურს. ეპიდემიოლოგიური კვლევა უტარდება კონტაქტში მყოფ პირებს (ოჯახის წევრები, თანაკლასელები/თანაჯგუფელები/ თანამშრომლები და სხვა) შორის. პაციენტების იზოლაცია აუცილებელი არ არის. ჰოსპიტალიზაციას და პაციენტის იზოლაციას მიმართავენ ძირითადად ტრაქომის ენდემურ ქვეყანებში.

C. ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები: მაღალი პრევალენტობის მქონე ქვეყნებში მასიურმა მკურნალობამ, საგანმანათლებლო სამუშოებმა და სანიტარული პირობების გაუმჯობესებამ წარმატებით შეამცირა დაავადების სიხშირე და სიმძიმე.

ტრაქომის ენდემურ ქვეყნებში ჯანმოს ეგიდით მიმდინარე ელიმინაციის პროგრამა ეფუძნება SAFE სტრატეგიას, რომელიც მოიცავს: შორსწასული შემთხვევების ქირურგიულ მკურნალობას, ინფიცირებული პირების მასიურ ანტიბიოტიკოთერაპიას აზიტრომიცინით, სახის დაბანის პრაქტიკის გაუმჯობესებას, გარემოს, კერძოდ სანიტარული პირობების გაუმჯობესებას და სუფთა წყალზე წვდომის გაზრდას

D.      ბუნებრივიმოვლენებისზეგავლენა- არ აღინიშნება

E.       საერთაშორისოღონისძიებები:  1996 წელს დაფუძნდა 2020 წლისთვის ტრაქომის გლობალური ელიმინაციის ჯანმოს ალიანსი, რომელმაც შეიმუშავა SAFE (Surgery, Antibiotics, Facial cleanliness, Environmental improvement) სტრატეგია, რომელიც პარტნიორთა დახმარებით აქტიურად მიმდიანრეობს.

http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs382/ru/