Logo

პრესრელიზი - სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და გრიპის ეპიდზედამხედველობა

title

2019 წლის 4 ნოემბერს 12:00 საათზე ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და გრიპის ეპიდზედამხედველობა
პრესკონფერენციას დაესწრებიან ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხლმძღვანელი პირები, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი და დარგის ექსპერტები.
გრიპი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც იწყება უეცრად, მაღალი ტემპერატურის ფონზე გამოხატული ინტოქსიკაციითა და ზემო სასუნთქი გზების დაზიანებით.
სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელია ცხელება, ხველა (ჩვეულებრივ, მშრალი), თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, ძლიერი სისუსტე (უსიამოვნო შეგრძნება), ყელის ტკივილი და სურდო. ხველა შეიძლება იყოს მძიმე და გაგრძელდეს 2 კვირა ან მეტი. დაავადებულთა უმეტესობა გამოჯანმრთელდება ერთ კვირაში, სამედიცინო დახმარების გარეშე. ამასთან, გრიპმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაავადება ან სიკვდილი, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში, ყოველწლიურად ფიქსირდება გრიპის ვირუსით გამოწვეული 3 – 5 მილიონი დაავადების მძიმე შემთხვევა, მ.შ. ლეტალური 290000-დან 650000-მდე.
გრიპის სეზონი ზოგადად განსაზღვრულია ყოველი წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის მე-20 კვირამდე და საქართველოში პიკურ გავრცელებას დეკემბრი-თებერვლისათვის აღწევს.
გრიპის პროფილაქტიკის მთავარი და ყველაზე ეფექტური გზა - ვაქცინაციაა. უკუჩვენებები ვაქცინას თითქმის არ გააჩნია და თითქმის ყველასთვისაა რეკომენდირებული.
საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი წლების განმავლობაში ხორციელდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვა და მაღალი რისკის ჯგუფებისათვის უსასყიდლოდ მიწოდება.
სახელმწიფოს მიერ 2019 - 2020 წლის სეზონზე შეძენილ იქნა 100 000 დოზა ვაქცინა, რომელიც, მოთხოვნის შესაბამისად, უკვე განაწილებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში და რისკის და სპეციფიურ პრიორიტეტულ ჯგუფებში შემავალ პირებს მიეწოდება უსასყიდლოდ.
2019-20 წლებისთვის სეზონური გრიპის ვაქცინაციისთვის რისკის და სპეციფიურ პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრა:
ა) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:
  • დიაბეტის მქონე პირები;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
  • მუკოვისციდოზით დაავადებულნი.
ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:
  • ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
  • ორსულები.
გ) ‘’სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 22 იანვრის N 01/ - 6/ნ ბრძანებით განსაზღვრული სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული ჯგუფები:
  1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი;
2. ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი:
3. სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფი: ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების კონტინგენტი.
4. თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები:
5. პენიტენციური სისტემის მომსახურე პერსონალი.
რისკის ან პრიორიტეტულ ჯგუფს მიკუთვნებულმა პირებმა გრიპის ვაქცინაცია შეუძლიათ ჩაიტარონ იმ სამედიცინო დაწესებულებებში სადაც რეგისტრირებული არიან მომსახურეობის მიმღებად თუ ეს დაწესებულება მონაწილეობს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში, როგორც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებელი ან საქართველოში არსებულ იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც მონაწილეობენ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში, როგორც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლნი
მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან იმუნიზაციის პროცესი ჩაატარონ შეუფერხებლად, თუ არსებობს ასაცრელი პირის რომელიმე რისკის ან პრიორიტეტულ ჯგუფში მიკუთვნების კანონიერი საფუძველი.
ეხლა საქართველოში გრიპის ვაქცინაციის საუკეთესო პერიოდია.
გრიპმა შესაძლოა შეგიქმნათ სერიოზული საფრთხე, თქვენ და თქვენს
გარშემო მყოფთ!
გრიპის პრევენციის მიზნით, ჩაიტარეთ სეზონური ვაქცინაცია!
ღონისძიება ჩატარდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში.
ვებ გვერდი - www.ncdc.ge
ფეისბუქი- National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),
მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 99
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, ამბროსი კეკელიძე 599 946 431