Logo

თამბაქოს ახალი პროდუქტები - თამბაქოს ინდუსტრიის ახალი იარაღი

title

თამბაქოს ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უდიდესი გამოწვევაა.
თამბაქოს მოხმარებასთან ასოცირებული დაავადებებით, მსოფლიოში ყოველწლიურად, 8 მილიონზე მეტი, საქართველოში კი 11 400 ადამიანი იღუპება[1].

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, თამბაქოს ეპიდემიის შესაჩერებლად, 2003 წელს შეიმუშავა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია (FCTC), რომელსაც დღეს უკვე 182 ხელმომწერი ქვეყანა ჰყავს. საქართველო ჩარჩო კონვენციას 2006 წლიდან შეუერთდა.

თამბაქოს კონტროლის მკაცრი პოლიტიკის გატარებისა და ჯანმრთელობის ხელშემწყობი პროგრამების ეფექტური დანერგვის შედეგად, მნიშვნელოვნდ ამაღლდა მოსახლეობის ცნობიერება თამბაქოს მავნე ზეგავლენის შესახებ და, შესაბამისად, მწეველობის მაჩვენებელი შემცირდა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, დანიაში, ნორვეგიასა და სხვა ქვეყნებში[2].

მწეველთა და მოწეული სიგარეტის რაოდენობის შემცირება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს თამბაქოს ინდუსტრიისთვის, რადგან ამცირებს თამბაქოს ინდუსტრიის შემოსავლებს. იმისთვის, რომ თამბაქოს ინდუსტრიამ შეინარჩუნოს მომხმარებელი, შემოსავალი და, შესაბამისად, გარკვეული ძალაუფლება, მომხმარებელს სთავაზობს თამბაქოს ტრადიციული პროდუქტების ახალი პროდუქტებით ჩანაცვლებას, როგორიცაა გასახურებელი თამბაქო (გავრცელებული ბრენდი - IQOS), ელ. სიგარეტი (ე.წ „ვეიპები“) და სხვა.

თამბაქოს ინდუსტრია აღნიშნულ ახალ პროდუქტებს ტრადიციული თამბაქოს ნაკლებად მავნე ალტერნატივად ასახელებს და ტრადიციული თამბაქოთი გამოწვეული ზიანის შემცირების საშუალებად სთავაზობს როგორც თავის დანებების მსურველებს, ასევე იმ მწეველებს, ვისაც თავის დანებება არ სურს. თუმცა, ბოლო დროს ჩატარებული ობიექტური, მეცნიერებაზე დაფუძნებული კვლევებით არ მტკიცდება გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების არც ნაკლებ მავნეობა და არც მოწევის შეწყვეტისთვის მათი გამოყენების ეფექტურობა. ხოლო კვლევები, რომლებზე დაყრდნობითაც სხვადასხვა საინფორმაციო წყაროები თამბაქოს ახალი პროდუქტებს, როგორც თამბაქოს ალტერნატიული საშუალებს, აშუქებენ, თამბაქოს ინდუსტრიის მიერ არის დაფინანსებული.[3]

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და  ხაზგასმით აცხადებს, რომ თამბაქოს ახალ პროდუქტებში ზოგიერთი მავნე ქიმიური ნივთიერების შედარებით  უფრო დაბალი კონცენტრაციის  მიუხედავად, ეს პროდუქტები არ არის მიჩნეული უვნებლად და, შესაბამისად, არ უნდა გაკეთდეს ისეთი ინტერპრეტაცია, თითქოს ისინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნაკლები რისკის შემცველია. სინამდვილეში ახალ პროდუქტებში ზოგიერთი ტოქსიური ნივთიერება (ნიკოტინი, E ვიტამინი, არომატიზატორები)[4] უფრო მაღალი კონცენტრაციითაა წარმოდგენილი, ვიდრე თამბაქოს ტრადიციულ ნაწარმში. გარდა ამისა, გასახურებელი თამბაქოს აეროზოლები შეიცავს ზოგიერთ ისეთ ტოქსიურ ნივთიერებას, რომელიც ტრადიციულ თამბაქოს ნაწარმში არ გვხვდება და ამ ნივთიერებების ჯანმრთელობაზე გავლენა ბოლომდე არ არის შესწავლილი.[5]

მოწევისათვის თავის დანებების ერთადერთ ჯანსაღ ალტერნატივას წარმოადგენს არა თამბაქოს ახალი პროდუქტით ჩანაცვლება, არამედ თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის გამოყენებაზე  უარის თქმა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

  •        თამბაქოსთვის თავის დანებების ხელშეწყობის მიზნით, დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევენ პირველადი ჯანდაცვის ექიმები.
  •    თამბაქოსათვის თავის დანებების ცხელ ხაზზე (116001) თავის დანებების მსურველებს დახმარებას უწევენ სპეციალურად გადამზადებული პროფესიონალი ფსიქოლოგები.
  •      ცხელი ხაზი ფუქნციონირებს ყოველ დღე 10-დან 18 საათამდე, უქმეების ჩათვლით.
  •      ხელმისაწვდომია ასევე თავის დანებების უფასო მობილური აპლიკაცია „თავს ვანებებ“.