title
1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში 1950 წლიდან ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერში დააწესა ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მიზანია საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რათა მოხდეს ბავშვების დაცვა, ომის საშიშროებისაგან, გაძლიერდეს ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
გაერომ ბავშვთა უფლებები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბავშვის უფლებათა კონვენცია მიიღო. კონვენციას ხელი 61 ქვეყანამ მოაწერა. კონვენციის მიღების შემდეგ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ბავშვის უფლება ჯერ კიდევ ირღვევა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, დაინტერესებულ მხარეთა აქტიური თანამშრომლობით, შეიმუშავა „ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ახალი გლობალური სტრატეგია (2016-2030 წწ.)“, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი სიცოცხლის გადარჩენას და 2030 წლისთვის ყველა ახალშობილისა და ბავშვის, აგრეთვე, დედების უკეთესი ჯანმრთელობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობენ ბავშვები და მოზარდები, რომელთაც აქვთ შეზღუდული ხელმისაწვდომობა სიცოცხლისათვის აუცილებელ ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ჯანმრთელობის მაღალი ხარისხის სერვისები და განათლება, სუფთა ჰაერი და წყალი, ადექვატური სანიტარია და კვება.
2030 წლისათვის ყველა ბავშვმა და მოზარდმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უნდა შეძლოს თავიანთი უპირველესი უფლების რეალიზება, რომელიც გულისხმობს მათი ფიზიკური განვითარების, მენტალურ ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომისა და კეთილდღეობის უფლებას. მათ უნდა ჰქონდეთ სოციალური და ეკონომიკური განვითარების საშუალება და აქტიურად უნდა მიიღონ მონაწილეობა საზოგადოების პერსპექტიულ და მდგრად განვითარებაში. დასახული მიზნების განხორციელება მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსებს, თუმცა გაწეული დანახარჯი 2030 წლისათვის მნიშვნელოვან მოგებად დაუბრუნდება ქვეყნებს.
იმისათვის რომ, 2030 წლისათვის ეფექტურად იქნეს მიღწეული მდგრადი განვითარების მიზნები, გაეროს სააგენტოების მიერ გამოყოფილ იქნა ის სამოქმედო სივრცეები, რომლებიც მეტ ყურადღებას და ქმედებას საჭიროებს ქვეყნების მხრიდან.
ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის ჩადებული ინვესტიცია არამარტო აუმჯობესებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ და მოწყვლადი პოპულაციის, მათ შორის ქალთა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობას, არამედ უზრუნველყოფს მათი ოჯახების სოციალურ სტაბილურობასა და დაცულობას; გლობალურად კი ხელს უწყობს ქვეყნის პროდუქტიულობის გაზრდას და საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის შენარჩუნებას
2016-2030 წლების გლობალურ სტრატეგიაში წარმოდგენილია ქალთა, ბავშვთა და მოზართა ჯანმრთელობის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინტერვენციების ნათელი მაგალითი.
პრიორიტეტულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისების ხარისხის გაუმჯობესება . ამ მხრივ საქართველომ მნიშნველოვანი ნაბიჯები გადადგა , კერძოდ , უკვე მიმდინარეობს პერინატალური სერვისების რეგიონალიზაციის პროგრამა და რეფერალის სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნვა . აღნიშნული პროცესები ასევე გაზრდის ხელმისაწვდომობას ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე , შეამცირებს დედათა და ბავშვთა ავადობას და სიკვდილიანობას .
ყოველწლიურად მიმდინარეობს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებისა და დეტერმინანტების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება დაავადებათა კონროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ . საჭიროა შემუშავებული რეკომენდაციების უფრო აქტიური ადვოკატირება , იმისათვის რომ გაუმჯობესდეს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა საქართველოში .
საჭიროა აქტიურად მუშაობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით . კერძოდ , ოჯახის დაგეგმვის სერვისები უნდა ჩაერთოს ჯანმრთელობის უნივერსალურ პაკეტში და გახდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის ნაწილი , რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო დედობის ინსტიტუტის გაძლიერებას ქვეყანაში . თავის მხრივ , ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის , რომ შემცირდეს აბორტების რაოდენობა , გაიზარდოს თანამედროვე კონტრაცეპტივების მოხმარება და თითოეული ბავშვი გახდეს სასურველი .
სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები:
2013 წელის 28 თებერვლიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ბენეფიციარებსაც წარმოადგენენ საქართველოს დაზღვევის არმქონე მოქალაქეები. პროგრამა სრულად აფინანსებს 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სამედიცინო საჭირეობებს. პროგრამის ფარგლებშივე ხდება მშობიარობის დაფინანსება სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფო ასევე ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვის ისეთ ვერტიკალურ პროგრამებს, როგორიცაა მაგალითად დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, იმუნიზაცია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება და ა. შ. აღნიშნული პროგრამები ემსახურება დედათა და ბავშვთა ჯანრმთელობის გაუმჯობესებას.
2011-2013 წლებში თანდაყოლილ ანომალიათა გამოვლენა მნიშვნელოვნად გაიზარდა სწორედ ახალშობილთა სახელმწიფო სკრინინგ პროგრამის იმპლემენტაციის გამო. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ფენილკეტონურიის, ჰიპოთირეოზის, მუკოვისციდოზისა და სმენის სკრინინგი ახალშობილებში. თანდაყოლილი ანომალიების ადრეული გამოვლენა აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი ავადობა და ინვალიდობა, რაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და ეკონომიური ტვირთია არამარტო ცალკეული ინდივიდისა და ოჯახისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემისთვის.
2014 წლის 1 ივნისიდან სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომლიც თანახმად მოხდება ყველა ორსულის უზრუნველყოფა ფოლიუმის მჟავით, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ზოგიერთი თანდაყოლილი ანომალიის პრევენციისთვის. გარდა ამისა, ანტენატალური პროგრამის ფარგლებში რკინადეფიციტური ანემიის მქონე ორსულები უზრუნველყოფილი იქნებიან რკინის შემცველი პრეპარატებით.
საქართველომ წარმატებით შეასრულა ათასწლეულის განვითარების მე-4 მიზანი, რომელიც გულისხმობდა 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის 2/3-ით შემცირებას 1990-2015 წლების პერიოდში. გლობალურად, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა 53%-ით. იმავე პერიოდში, ხუთ წლამდე ასაკში ყოველწლიურად გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა 12.7 მილიონიდან 5.9 მილიონამდე შემცირდა. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს გარდაცვლილთა შორის დღენაკლ ჩვილთა წილი 71% -დან 62%-მდე შემცირდა
2016 წელს პოსტნეონატალურ პერიოდში ჩვილთა გარდაცვალების წილი 29.7% იყო.
მნიშვნელოვანი მიგნებები
1. საქართველომ შეასრულა ათასწლეულის განვითარების მიზანი 4 და 0-1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შეამცირა.
2. თანდაყოლილი ანომალიების პირველადი პრევენციის გაუმჯობესება, ადრეული გამოვლენა და გამოვლენილი ანომალიების სწორი მართვა, მათ შორის გესტაციის 22 კვირის ასაკამდე
ორსულობის დასრულება, მნიშვნელოვანად შეამცირებს თანდაყოლილი ანომალიების წილს ჩვილთა გარდაცვალებაში.
3. ნაადრევი შობადობის პრევენცია და დღენაკლულ ახალშობილთა ჯანმრთელობის მართვის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად შეამცირებს ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის ტვირთს.
4. პერინატალური სერვისების რეგიონალიზაციის მთელ ქვეყანაში დანერგვა უზრუნველყოფს მაღალი რისკის ჩვილთა ჯანმრთელობასთან ასოცირებული გართულებების მართვის გაუმჯობესებას და მოვლას.
5. სოციალური დეტერმინანტების შესწავლა მაღალი რისკის თემში და მათზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანია უთანასწორობისა და სიღარიბის შესამცირებლად.
-
„ქალთა, ბავშვთა და მოზართა ჯანმრთელობის გლობალური სტრატეგია, 2016-2030“
http://who.int/…/global-strat…/global-strategy-2016-2030/en/
-
პერინატალური ჯანმრთელობის ანგარიში 2016
https://ncdc.ge/api/api/File/GetFile/84ea74ca-f670-4243-ba6b-2ee8558dfc9d