Logo

ადამიანის აფრიკული ტრიპანოსომოზი (ძილის დაავადება)

title


ზოგადი მიმოხილვა - ადამიანის აფრიკული ტრიპანოსომოზი, იგივე ძილის დაავადება ტრანსმისიული, პარაზიტული დაავადებაა. მისი გამომწვევი  Trypanosoma-ს გვარის  უმარტივესი პარაზიტია. ადამიანის დაინფიცირება ხდება საყოველთაოდ ცნობილი ბუზი ცეცეს კბენის შედეგად. თვით ბუზი ცეცე ინვაზირდება დაავადებული ადამიანის ან ცხოველის სისხლის წოვისას. ძილის დაავადება ჯანმოს ინფორმაციით საჰარის უდაბნოს სამხრეთით მდებარე მსოფლიოს 36 ქვეყანაში აღირიცხება. ავად ძირითადად სოფლის მეურნეობაში, მეთევზეობაში და ნადირობით დასაქმებული პირები ხდებიან და შესაბამისად, სოფლის მოსახლეობაში ავადობა ქალაქის მოსახლეობისგან განსხვავებით მაღალია. დაავადებასთან სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივმა ბრძოლამ უკვე  2009 წლისთვის შედეგები გამოიღო და ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად აღირიცხა 10000 შემთხვევამდე,  ხოლო უკვე 2015 წელს აღრიცხულ-რეგისტრირებულ იქნა 2804 დაავადებული. დაავადების ლაბორატორიული დიაგნოსტირების სირთულის გამო, განსაკუთრებით მაღალკვალიფიური პერსონალია საჭირო. აფრიკაში ბოლო ერთ საუკუნეში ადგილი ქონდა სამ ეპიდემიას: 1896-1906 წწ. უგანდაში, 1920 წელს და 1970-იანი წლებიდან და 1990-იან წლებამდე რამდენიმე ქვეყანაში. გატარებული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგად დაავადების შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება.  მიღწეული შედეგების გათვალისწინებით ჯანმოს მიერ აფრიკულ სახელმწიფოთა მონაწილებით შემუშავებულია 2020 წლისთვის დაავადების ლიკვიდაციის ფართომასშტაბიანი პროგრამა.

ბოლო ათწლეულში ძილის დაავადების შემთხვევების 70% კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აღირიცხა. ეპიდემია ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური და მძიმე ეკონომიკური სიტუაციის შედეგია. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აღირიცხება 200 შემთხვევამდე. ანგოლაში, ბურკინა-ფასოში, გაბონში, განაში, გვინეაში, ზამბიაში, ზიმბაბვეში, კამერუნში, მალავიში, ნიგერიაში, კოტ დ ივუარში, ტანზანიაში, უგანდაში, ეკვატორიულ გვინეაში და სამხრეთ სუდანში აღირიცხება 100 შემთხვევაზე ნაკლები, ხოლო სხვა აფრიკული ქვეყნები დაავადების ახალი შემთხვევების გამოვლენას ოფიციალურად უარყოფენ.

დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს ომის, შიმშლის, სიდუხჭირის და სხვა მიზეზების გამო მოსახლეობის როგორც ქვეყნის შიდა, ასევე ქვეყნებს შორის დიდი მიგრაცია.

გამომწვევი აგენტი: 3 სახეობისაა:

ა)Trypanosoma brucei gambiense, გავრცელებულია აფრიკის 24 სახელმწიფოში და მასზე მოდის აღრიცხულ დაავადებათა 97%, ახასიათებს დაავადების ქრონიზაცია.

ბ) Trypanosoma brucei rhodesiense გვხვდება აფრიკის 13 სახელმწიფოში და მასზე მოდის დაავადების შემთხვევების დანარჩენი 3%. 

გ) ტრიპანოსომების მე-3 სახეობა (Tripanosoma cruzy) გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე და მისგან გამოწვეული დაავადება ცნობილია შაგასის (ჩაგასის), ანუ ამერიკული ტრიპანოსოსმოზის სახელით.

რეზერვუარი: აფრიკაში ადამიანისთვის პათოგენური ორივე სახეობის ტრიპანოსომების რეზერვუარს შინაური და გარეული ცხოველები წარმოადგენენ. გამბიური ტიპის ტრიპანოსომებისთვის, როგორც რეზერვუარი ცხოველების როლი საბოლოოდ შესწავლილი და დადასტურებული არაა. შინაური ცხოველებში, განსაკუთრებით მსხვილფეხა საქონლში არსებული ეპიზოოტია მეცხოველეობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია.

ტრიპანოსომების სხვა სახეობები პათოგენურია ცხოველებისთვის, თუმცა მათ ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა არ აქვთ. ცხოველებში ტრიპანოსომებით გამოწვეული დაავადებაა ,,ნაგანა“.

გადაცემის გზები: ბუზი ცეცეს არაერთი სახეობა გავრცელებულია საჰარის უდაბნოს სამხრეთ რეგიონის ქვეყნებში, თუმცა დაავადების გადამტანი რამდენიმეა. დღემდე აუხსნელი მიზეზების გამო, ზოგიერთ ტერიტორიებზე სადაც ცეცე ფართოდაა გავრცელებული აფრიკული ტრიპანოსოსმოზის (ძილის დაავადების) შემთხვევები არ გვხვდება. დაავადების კერების გავრცელება ერთი სოფლის, ან რაიონის ტერიტორიით შემოიფარგლება. დაავადების გავრცელების ინტენსივობა ორ მეზობელ სოფელს შორის შესაძლოა იყოს სრულიად განსხვავებული.

დაავადების ბუნებრივი (ბუზი ცეცე) გადაცემის გარდა აღწერილია დედიდან ნაყოფზე დაავადების გადაცემა პლაცენტარული ბარიერის გავლით. არაა გამორიცხული სხვა სისხლისმწოვი მწერებით გადაცემაც. აღწერილია პაციენტების სისხლით დაბინძურებული ნემსის უნებლიედ ჩხვლეტით ლაბორატორიის თანამშრომელთა ინფიცირება. ასევე აღწერილია სქესობრივი კონტაქტით დაავადების გადაცემის უიშვიათესი შემთხვევა.

ინკუბაციური პერიოდი: კონკრეტულად განსაზღვრული არაა, შესაძლოა მერყეობდეს რამდენიმე თვიდან, რამდენიმე წლამდე. კლინიკური ნიშნების გამოვლენა დაავადების ბოლო სტადიის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების თანხვედრილია.

დაავადების საწყის ეტაპზე ტრიპანოსომები მრავლდებია კანქვეშა ქსოვილებში, სისხლსა და ლიმფაში და ჰემოლიმფური ფაზა ეწოდება. დამახასიათებელია ცხელება, თავისა და სახსრების ტკივილი და ქავილი.

დაავადების მეორე ეტაპზე ტრიპანოსომები ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვით აღწევენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ეს ნევროლიგური, ან მენინგოენცეფალიტური სტადიაა. ამ დროს ვლინდება ქცევის შეცლა, ცნობიერების დაბინდვა, სენსორული დარღვევები და კოორდინაციის მოშლა. ძილის ციკლის დარღვევა დაავადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია. მკურნალობის გარეშე დაავადება როგორც წესი სიკვდილით მთავრდება. აღწერილია ე.წ.  პარაზიტების ჯანმრთელი მტარებლობის შემთხვევებიც. ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის T.b.gambiense-სთვის გამოიყენება სეროლოგიური სკრინინგი. მნიშვნელოვანია თავ-ზურგ-ტვინის სითხის გამოკვლევა.

მკურნალობის ტიპი და ხანგრძლივობა დაავადების სტადიაზე დამოკიდებული. საწყისი სტადიის დროს გამოყენებული მედიკამენტები შედარებით ნაკლებ ტოქსიურია. მკურნალობის შემდეგ პაციენტზე მეთვალყურეობა წესდება 24 თვის განმავლობაში. სიცოცხლის უნარიანი პარაზიტი ორგანიზმში შესაძლოა იყოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც განაპიროებს რეციდივებს. 

დაავადების მეორე სტადიის მკურნალობისას გამოიყენება ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვის უნარის მქონე ტოქსიური პრეპარატები, რაც მათი გამოყენებისთვის პრობლემებსა და სირთულეებს ქმნის. ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით სამკურნალოდ მოწოდებულია: პენტამიდინი, სურამინი, მელარსორპოლი, ეფლორნიტინი, ნიფურმიტოქსი.

გადამდებლობის პერიოდი:  კონკრეტული პერიოდი დაზუსტებული არაა.ხანგრძლივი და უსიმპტომო დაავადების პირველი სტადიის გამო რეკომენდებულია რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის აქტიური, ფართომასშტაბიანი და ძვირადღირებული სკრინინგი, ინფიცირებულთა გამოვლენისა და მკურნალობის დროულად დასაწყებად.

მიმღებლობა: საყოველთაოა, გაცილებით ხშირად ავადდებიან სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები.

კონტროლის ღონისძიებები: ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ინვაზირებულ პირთა დროული გამოვლენა და დროული მკურნალობის დაწყებაა. ეფექტურად გამოიყება გადამტანების პოპულაციური კონტროლის მეთოდები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ცხოველებში დაავადების გამოვლენა და მკურნალობა. აქტიურად ხორციელდება სამედიცინო და ვეტერინალური პროფილის სპეციალისტების სწავლება-მომზადება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით და აღნიშნულ ღონისძიებათა განმახორცილებელი სტრუქტურების კოორდინაცია. ჯანმო აქტიურადაა ჩართულია ამ ქმედებებში და ქვეყნებს შორის ახორციელებს მეთოდურ-პრაქტიკულ კოორდინაციას. დაავადების ლიკვიდაციის პროგრამაში ჩართულნი არიან და მონაწილეობენ ისეთი მძლავრი საერთაშორის დონორები როგორიცაა: სურსათისა და სოფლის მეურნების ორგანიზაცია (FAO), ,,მაგატე“, სანოფი-პასტერი, ბაიერი, აფრიკულ სახელმწიფოთა კავშირი და სხვა.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი