Logo

ჯილეხი

title

1. ზოგადი მიმოხილვა - ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა.
ადამიანი შეიძლება დაავადდეს ჯილეხის რამდენიმე ფორმით:
კანის ფორმა - ვითარდება დაზიანებულ კანში მიკრობის მოხვედრით. თავდაპირველად, კანის ზედაპირზე ვითარდება მცირე ზომის ბუშტუკი, რომელიც მწერის ნაკბენს წააგავს,  ხშირად ქავილიც ახლავს. ბუშტუკი თანდათან  იზრდება და წყლულდება. წყლულს აქვს შავი ფერი და არ არის მტკივნეული. მის გარშემო შესაძლებელია მოხდეს კანისა და ახლომდებარე ლიმფური  კვანძების შეშუპება. სისტემური სიმპტომები: ცხელება, შემცვივნება, თავის ტკივილი, რეგიონალური ლიმფადენოპათია                  

გასტროინტესტინური მოიცავს დაავადების ოროფარინგეალურ და ინტესტინალურ ფორმებს: 
ოროფარინგეალური ფორმა: ჯილეხის იშვიათი ფორმა, რომელსაც ხშირად, პირხახის ‘’კანის ფორმას’’ უწოდებენ, ადგილობრივი ნეკროზული დაზიანების, შეშუპების და რეგიონალური ადენიტის ერთობლიობა. სისტემური სიმპტომები: ცხელება, ყელის ტკივილი, კისრის შეშუპება (უმეტესად ცალმხრივი), დისფაგია, რეგიონალური ლიმფადენოპათია. ცენტრალური ნეკროზი და დაზიანების კერების დაწყლულება, წყლული დაფარულია ყავისფერი ან მონაცისფრო ფსევდომემბრანით, შესაძლებელია სასუნთქი გზების სრული ან ნაწილობრივი დახშობა. 
ინტესტინალური ფორმა:  იწვევს მანეკროზებელ ჰემორაგიულ ენტერიტს, მანეკროზებელ მეზენტერულ ლიმფადენიტს, ბაქტერემიას/სეპტიცემიას. 
სისტემური სიმპტომები: ზოგადი სისუსტე, ცხელება, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, პირღებინება (შეიძლება სისხლიანი ან ყავისფერი შეფერულობის), ფაღარათი (სისხლიანი), მუცლის შებერვა, დადებითი შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი, შეტევითი ხასიათის აბდომინალური ტკივილი, მასიური ასციტი (გამჭირვალე ან ჩირქის შემცველი), შოკი. 
      
ინჰალაციური (ფილტვის) ფორმა - დასნებოვნება ხდება სპორის ინჰალაციით. კლინიკური სურათი როგორც წესი ორ ფაზიანია: 1. ადრეული ფაზა (როგორც წესი 2-4 დღე) -არასპეციფიური (დაბალი ცხელება, სისუსტე, მიალგია, თავის ტკივილი), შეიძლება ადგილი ჰქონდეს მშრალ ხველას და დისკომფორტს გულმკერდის არეში.
2. მოგვიანებითი ფაზა - სუნთქვის მძიმე უკმარისობა: დისპნოე, სტრიდორი, ციანოზი, დიაფორეზი, გულმკერდის ტკივილის სიმძლავრე მატულობს, შეიძლება თან ახლდეს კისრის ან გულმკერდის შეშუპება, შუასაყრის გაფართოება, 24-36 საათის შემდეგ დგება სუნთქვის უკმარისობით გამოწვეული სიკვდილი 

ინექციური ფორმა - იდენტიფიცირებულია ჰეროინის მომხმარებლებში ჩრდილოეთ ევროპაში. სიმპტომები: შემცივნება და ცხელება, ნივთიერების შეყვანის ადგილზე წარმოქმნილი ჯგუფური, სითხის შემცველი ან კანის ზედაპირიდან წამოწეული ელემენტები, რომელთაც შეიძლება თან ახლედს ქავილი, რომლებიც ჩანაცვლდება უმტკივნეულო შავი ქერქით დაფარული წყლულით. შეშუპება კანის ელემენტის ირგვლივ, აბსცესი კანქვეშ ან კუნთში - სადაც ნივთიერება არის შეყვანილი. 
სიმპტომები მსგავსია ჯილეხის კანის ფორმის, მაგრამ ინექციური ფორმის შემთხვევაში სისტემური გავრცელება ხდება უფრა სწრაფად, უფრო ძნელია სწორი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა

ცხოველებში ჯილეხით დაავადების  საეჭვო ნიშნებია: მადის დაკარგვა, ქოშინი, წყურვილი, ცხვირიდან, პირიდან და სწორი ნაწლავიდან  სისხლიანი, ქაფისებური გამონადენი, მაღალი ტემპერატურა. დაცემული ცხოველის ლეში გაბერილია, სუსტად არის გამოხატული გაშეშება. ცხოველებში დაავადების ყველა შემთხვევა სრულდება სიკვდილით. 

ჯილეხი ყველაზე მეტად გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში და კარიბის ზღვის რეგიონში.
საქართველოში ჯილეხით ადამიანთა დაავადების შემთხვევები რეგისტრირდება ყოველწლიურად, ყველა შემთხვევა კლინიკურად გამოხატულია კანის ფორმით. ბოლო წლებია  შემთხვევების რაოდენობა იკლებს (2012 წელი -142 შემთხვევა 2013 წ. – 143 შემთხვევა, 2014 წ. – 57 შემთხვევა, 2015 წ. -  57 შემთხვევა, 2016 წ. – 27 შემთხვევა), რადგან აღდგა ცხოველთა ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ერთეულ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურებისთვის გვიანი მიმართვიანობის გამო, რეგისტრირდება თითო ლეტალური შემთხვევა (2011, 2013, 2017 წლებში). 
საქართველოში შემთხვევათა 90%-ში გამომწვევის შეჭრისა და შესაბამისად, ჯილეხის პირველადი წყლულის განვითარების ადგილი ზედა კიდურებია. უმთავრესად ავადდებიან მოზრდილი მამაკაცები, რაც მათ საქმიანობას უკავშირდება. ადამიანთა დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზია - დაავადებულ საქონელთან კონტაქტი: დაავადებული საქონლის ან დაცემული პირუტყვის დაკვლა, გატყავება, ხორცის დამუშავება.


2.  გამომწვევი აგენტი - გრამ დადებითი ბაქტერია  Bacillus anthracis, რომელსაც აქვს სპორის ფორმირების უნარი. ვეგეტაციური ფორმები ვითარდებიან ძირითადად ცხოველთა ორგანიზმში, სპოროვანი - ნიადაგში. სპორები გამოირჩევიან მაღალი გამძლეობით: ათწლეულების განმავლობაში ძლებენ ნიადაგში, რეზისტენტულია მაღალი ტემპერატურისა და გამოშრობისადმი (იღუპებიან 120-140 0 C-ზე 1-3 საათში, აქტივირებული სადეზინფექციო საშუალებებით - 30 წუთში), სიცოცხლისუნარიანნი (ინფიცირების უნარის მქონენი) არიან აეროზოლის ფორმითაც.

3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები - ჯილეხით დაავადების რისკი მაღალია დაავადებულ ცხოველთან კონტაქტისას (მოვლა, დაკვლა, გატყავება, ხორცი დამუშავება), მისი თერმულად დაუმუშავებელი ხორცის  საკვებად გამოყენებისას, ჯილეხის სპორით დაინფიცირებული ტყავის ან ბეწვის მტვრის ნაწილაკების შესუნთქვით და ნიადაგის დამუშავებისას, ლაბორატორიაში მუშაობისას.

4. რეზერვუარი - გარეული და შინაური ბალახისმჭამელი  ცხოველები: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი, ღორი და სხვა. ინფიცირებული ცხოველი გარემოში შარდითა და ფეკალიებით გამოყოფს გამომწვევს, რომელიც ნიადაგში სპორებად გარდაიქმნება და ათეული წლობით ინარჩუნებს დაავადების გამოწვევის უნარს.

5. გადაცემის გზები - დაავადება გადაეცემა:
კონტაქტური გზით - ავადმყოფი ცხოველის დაკვლის, ხორცის დამუშავების, მოვლის დროს; დაავადებული პირუტყვის ტყავის, მატყლისა და ძვლის დამუშავებით. მიწის სამუშაოებისას იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული ცხოველი იმყოფებოდა, ცხოველთა სამარხებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე (ვითარდება ჯილეხის კანის ფორმა); 
საკვებით - ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი (უმი, არასრულად შემწვარი ან მოხარშული) ხორცის გამოყენებით. სპორას ვერ ანადგურებს ხორცის დამარილება, შებოლვა, გამოშრობა ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიები (ვითარდება ჯილეხის ოროფარინგული და გასტრო-ინტესტინური ფორმები); 
ასპირაციული გზით - ჯილეხის სპორით დაინფიცირებული ტყავის ან ბეწვის მტვრის ნაწილაკების შესუნთქვით, იშვიათად ნიადაგის დამუშავებისას (ვითარდება ინჰალაციური ფორმა). 
ადამიანიდან ადამიანზე ჯილეხი, როგორც წესი, არ გადადის 

6. ინკუბაციური პერიოდი -  სხვადასხვა კლინიკური ფორმის დროს სხვადასხვაა:
კანის ფორმის დროს - 1 -12 დღე;
გასტროინტესტინური ფორმის დროს - 1 - 7 დღე (როგორც წესი 2-5 დღე);
ინჰალაციური (ფილტვის) ფორმის დროს - 1-6 დღე (შესაძლებელია იყოს 60 დღემდე);  
ინექციური ფორმის დროს - 1-10 დღე.

7.  გადამდებლობის პერიოდი - ადამიანიდან ადამიანზე, როგორც წესი, არ გადადის. სპორები ათწლეულების განმავლობაში ძლებენ ნიადაგში.

8. მიმღებლობა -  მიმღებლობა საყოველთაოა. ავადდება ყველა ასაკისა და სქესის ადამიანი.  დაავადების გადატანის შემდეგ ვითარდება მყარი იმუნიტეტი, განმეორებითი შემთხვევები ძალიან იშვიათია.

9. კონტროლის ღონისძიებები:
ა) პრევენციული ღონისძიებები 
დაავადების კონტროლი ცხოველებში - ცხოველების დროული ვაქცინაცია! 
ჯილეხით  ინფიცირებული  ცხოველის  დაკვლა,  ხორცის  საკვებად გამოყენება და გაყიდვა - დაუშვებელია!
ინფიცირებული ცხოველის განადგურება უნდა მოხდეს სპეციალური წესით, რომელიც უნდა განახორციელოს ვეტერინარულმა სამსახურმა. პირუტყვის ლეშის გადაგდება იწვევს ჯილეხის ახალი კერის წარმოქმნას;
პირადი უსაფრთხოების დაცვა - სპეციალური ტანსაცმლის (რეზინის ხელთათმანი, ხალათი, წინსაფარი, ჩექმები, ნიღაბი) გამოყენება ცხოველების მოვლის, დაკვლა- დამუშავების, ლეშთან შეხების, სადგომის დასუფთავების, მატყლის დამზადების, ხორცის დამუშავების დროს; 
არ უნდა მოხდეს თერმულად დაუმუშავებელი ხორცის საკვებად მიღება;
მოსახლეობის, ვეტერინარებისა და სამედიცინო პერსონალის განათლება.

ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი - პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, ზუსტი დიაგნოსტირებისათვის კი აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.
ჯილეხი სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა. ერთეული შემთხვევების გარდა, შესაძლებელია დაფიქსირდეს დაავადების ჯგუფური შემთხვევები და ეპიდაფეთქებები. 
ყველა საეჭვო შემთხვევა/შემთხვევები ექვემდებარება რეგისტრაციას გადამდებ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალ 60/A-ში და სასწრაფო შეტყობინებას (გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში)  შესაბამის  ეპიდემიოლოგიურ სამსახურში ნებისმიერი ხელთარსებული საშუალებით („სასწრაფო შეტყობინების ბარათი“ - ფორმა N58/1, ტელეფონი, ფაქსი, თუ ელ-ფოსტა). შეტყობინების მიღებისთანავე ეპიდემიოლოგი იწყებს შემთხვევის/შემთხვევების კვლევას სტანდარტული ეპიდკვლევის ბარათის შესაბამისად და ატყობინებს ვეტერინარულ სამსახურს.
კონტაქტებად უნდა ჩაითვალონ ის პირები რომელთაც ჰქონდათ იგივე ექსპოზიცია, რაც ავადმყოფს (იგივე პროდუქტის საკვებად გამოყენება ან კონტაქტი იმავე ცხოველთან). მათი მეთვალყურეობის ქვეშ აყვანა დაავადების დროულად გამოსავლენად.

გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები - ინფექციის წყაროს მოძიება და ვეტერინარულ სამსახურზე ინფორმაციის დაუყუვნებლივ მიწოდება, კონტაქტების მოძიება და კონტროლის ღონისძიებების გატარება.

დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა - წყალდიდობების შემდეგ შეიძლება ნიადაგში ბაქტერიების რაოდენობა და სპორების სიმჭიდროვე გაიზრდოს. ენდემურ ზონებში დიდი მნიშვნილობა აქვს ტენოგენურ ჩარევას.

ე) საერთაშორისო ღონისძიებები - სათანადო კონტროლი ცხოველების, მათი პროდუქტების და ცხოველის ძვლის შემცველი ფქვილის, რომელსაც ცხოველების  საკვებად  იყენებენ, ექსპორტ/იმპორტზე.
ჯილეხის გამომწვევი ბაქტერია Bacillus anthracis, არის ერთ-ერთი სავარაუდო ბიოლოგიური აგენტი, რომელიც შესაძლებელია გაყენებულ იქნას ბიოლოგიურ იარაღად. მისი განზრახ გავრცელების შემთხვევაში არსებობს საგანგებო სამოქმედო გეგმა.