Logo

ინფექციურ-ტოქსიური შოკი

title

ინფექციურ-ტოქსიური შოკი მიეკუთვნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის გადაუდებელ მდგომარეობას, რომელიც მკურნალობის გარეშე უმთავრესად ლეტალურად მთავრდება.  გამოვლენის სიხშირის მიხედვით ის მესამე ადგილზეა კარდიოგენური და ჰიპოვოლემიური შოკის შემდეგ.

ინფექციურ-ტოქსიური შოკი შესაძლოა განვითარდეს პრაქტიკულად ყველა იმ ინფექციის დროს, როდესაც ადგილი აქვს დაავადების გამომწვევის მიერ ორგანიზმში ტოქსინების გამოყოფას, ან გამომწვევის დაშლით ტოქსინების გამოთავისუფლებას. ის შედარებით ხშირად ვითარდება მენინგოკოკური ინფექციის, მუცლის ტიფის, ჯილეხის, შავი ჭირის და დიზენტერიის, ვირუსული (გრიპი, ჰემორაგიული ცხელებები), რიკეციული, სპიროქეტული და სოკოვანი ინფექციების დროს. შემთხვევების 70%-მდე გრამუარყოფითი ბაქტერიული ინფექციების დროს აღირიცხება, ხოლო 1/3 (30%) შემთხვევები გრამდადებითი სტაფილოკოკებითა და სტრეპტოკოკებითაა განპირობებული.

ინკუბაციური პერიოდი: დამოკიდებულია გამომწვევ მიკროორგანიზმზე და რამდენიმე საათიდან, რამდენიმე დღემდე გრძელდება.

შოკის განვითარება საფუძვლად უდევს ტოქსინის, უმეტესად ენდოტოქსინის მოქმედება, რომლის საპასუხოდაც ორგანიზმში ვითარდება მძლავრი იმუნური პასუხი, ციტოკინების და სხვა აქტიური ნივთიერებების გადასროლით სისხლის მიმოქცევის სისტემაში. პათოლოგიური პროცესების განვითარების შედეგად მცირდება პერიფერიული სისხლის მოცულობა სისხლძარღვებში, წნევა ეცემა, ირღვევა მიკროცირკულაცია. ხშირად ინფექციურ ტოქსიური შოკის ფონზე ვითარდება დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი. საბოლოოდ ყალიბდება პოლიორგანული უკმარისობა, უმძიმესი შედეგებით. კლინიკური სურათი წარმოადგენს ინფექციის ნიშნების და სისხლის ცირკულაციის მწვავე მოშლის  ერთობლიობას. შოკის მიმდინარეობაში არჩევენ რამდენიმე სტადიას. რაც უფრო ადრეულ სტადიაზე იწყება მკურნალობა, მით უკეთესია გამოსავალი.

მკურნალობა როგორც წესი ტარდება სასწრაფო დახმარების (ემერჯენსი), ინტენსიური თერაპიის, ან რეანიმაციულ განყოფილებებში და მიმართულია სისხლის ცირკულაციის ნორმალიზების და ინფექციის კონტროლისკენ. თუ ჭრილობები დაინფიცირდა, ან უკვე ინფიცირებული (დაბინძურებული) იყო, გარკვეულ შემთხვევებში საჭიროა ქირურგიული ჩარევა, დაბინძრებული ადგილების სანაციისა და ნეკროზული ქსოვილების მოცილების მიზნით. იშვიათ შემთხვევებში საჭიროა კიდურის ან მისი ნაწილობრივი ამპუტაციაც. არასრული მონაცემებით სტრეპტოკოკული ეტიოლოგიის ინფექციურ-ტოქსიური შოკით დაავადებულთა 20-60%, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, მაინც იღუპება.

ტოქსიური შოკის სინდრომი წარმოადგენს სწრაფად პროგრესირებად მწვავე სიმპტომების კომპლექსს, რომლებიც მოიცავს ცხელებას, გამონაყარს, წნევის სახიფათო დაქვეითებას და რამდენიმე ორგანოს უკმარისობის განვითარებას. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ოქროსფერი სტაფილოკოკის (Staphylococcus aureus), ან A ჯგუფის სტრეპტოკოკის (Streptococcus Grup A (beta-hemolisis)) მიერ წარმოებული ტოქსინებით გამოწვეული ტოქსიური შოკის სინდრომი. სინდრომი შეიძლება დასრულდეს ფატალურადაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სტრეპტოკოკული ეტიოლოგიისაა. სინდრომს ახასითებს არაერთჯერადი და განმეორებითი გამოვლენაც, თუმცა ყოველი მომდევნო სინდრომი შედარებით უფრო მსუბუქი მიმდინარეობისაა.

ლაბორატორიული დიაგნოსტიკა მოიცავს პრაქტიკულად ყველა იმ შესაძლო კლინიკურ-ლაბორატორიულ და აპატურული კვლევის მეთოდებს, რისი შესაძლებლობაც კლინიკებს გააჩნიათ. გამომწვევის (ბაქტერია) იდენიფიცირებისა და მასზე ეფექტურად მოქმედი ანტიბიოტიკების განსასაზღვრად აუცილებელია ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ორგანიზმში ინფექციის ადგილმდებარეობის დასაზუსტებლად გამოიყენება მაგნიტური რეზონანსული (MRI) ან კომპიუტერული ტომოგრაფიული (CT) კვლევები. ყოველდღიურ რეჟიმში კეთდება სისხლის ანალიზები ორგანოების მუშაობისა და შესაბამისად მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.

პროფილაქტიკა მოიცავს ძირითადი  დაავადების დროულ გამოვლენასა და მკურნალობას. ბოლო პერიოდში, ტოქსიურმა შოკმა და სინდრომმა სამედიცინო საზოგადოების ყუირადღება მიიქცია ქალებში შემთხვევების მატების გამო, რაც მენსტრუალური ციკლის დროს სუპერაბსორბციული ვაგინალური (საშო) ტამპონების გამოყენებასთან იყო დაკავშირებული. ამ დროს მნიშვნელოვანია ვაგინალური ტამპონების სწორედ გამოყენება და სისხლდენის ინტენსივობიდან გამომდიანრე დროულად შეცვალა. ტანპონის შეცვლა უნდა ხდებოდეს ყოველ 4-8 საათში, მისი შეწოვის უნარის გათვალისწინებით. ტამპონების დროული, ან ხშირი ცვლით შესაძლებელია ტოქსიური შოკისა და სინდრომის პროფილაქტიკა. ქალებს, რომელთაც აღენიშნათ ტოქსიური შოკისა და/ან სინდრომი, უმჯობესია თავი შეიკავონ ვაგინალური ტამპონების შემდგომში გამოყენებისგან და ისარგებლონ ჰიგიენური საფენებით.

ტოქსიური შოკისა და/ან სინდრომის პროფილაქტიკისთვის აუცილებელი და სავალდებულოა ნებისმიერი სახის სამედიცინო მანიპულაცია, განსაკუთრებით კი ქირურგიული ჩარევა და ოპერაცია განხორციელდეს ასეპტიკის, ანტისეპტიკისა და ინფექციური კონტროლის მოთხოვნების სრული დაცვით.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი