Logo

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე - 17 მაისი, 2016

title

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე - 17 მაისი, 2016

 „იცოდე საკუთარი წნევის შესახებ“ 

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 17 მაისს აღინიშნება. მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ- ფაქტორის - არტერიული ჰიპერტენზიის ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და რეგულარული მკურნალობის სარგებლის შესახებ.

2014 წლიდან ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის აღნიშვნის ინიციატორების მიერ შეირჩა სლოგანი - „იცოდე საკუთარი წნევა“.  სლოგანი ხაზს უსვამს და  აერთიანებს მიდგომას წნევის გასინჯვის, გაცნობიერების, მკურნალობის ადექვატური სქემის შერჩევისა და წნევის ციფრების მუდმივი   მონიტორინგის აუცილებლობის  შესახებ.

გლობალურად, ყოველი ათი მოზრდილიდან სამს მაღალი წნევა აღენიშნება. ჰიპერტენზიით დაავადებულია დაახლოებით 1.8 მილიარდი ადამიანი, რომელთა თითქმის ნახევარმა არ იცის ამის შესახებ; ხოლო მათ შორის, ვინც იცის, რომ აქვს მაღალი წნევა, გარკვეული ნაწილი არ იტარებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.

 

რა არის არტერიული ჰიპერტენზია?

ჰიპერტენზია ანუ  მაღალი  არტერიული წნევა, რომლის დროსაც არტერიული წნევის ციფრები აღემატება 140/90 მმ.ვწყ.სვ-ს, კლინიკური მდგომარეობაა, რომელსაც ხშირად ,,ჩუმ მკვლელს’’ უწოდებენ,  რადგან იგი უსიმპტომოდ მიმდინარეობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა ახასიათებდეს მკაფიო სიმპტომები - თავის ტკივილი, ძილიანობა, გულის ფრიალი, მხედველობის დაბინდვა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, სმენის პრობლემები, სუნთქვის გართულება, გულის რითმის დარღვევები და ა.შ.

ჰიპერტენზია ორი სახისაა: პირველადი და მეორადი. პირველადი ჰიპერტენზიია უფრო გავრცელებულია და ხშირად მისი გამომწვევი უცნობია. რაც შეეხება მეორად ჰიპერტენზიას, მისი საფუძველი სხვა ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადებაა; მაგალითად, თირკმლის, ენდოკრინული სისტემის და ა.შ. ჰიპერტენზიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ისეთ რისკ-ფაქტორებს ენიჭება, როგორიცაა, მემკვიდრეობითი დატვირთვა ანუ ჰიპერტენზიის ოჯახური ანამნეზი, ასაკი, ჭარბი წონა/სიმსუქნე, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არაჯანსაღი კვება, მარილის ჭარბი მოხმარება, თამბაქო, ხშირი სტრესები, ნერვული დაძაბულობა და ა.შ.

ჰიპერტენზიის პირველადი პრევენცია, ანუ თავიდან აცილება, ქცევითი რისკ-ფაქტორების კორექციითაა შესაძლებელი. უფრო მეტ სირთულეს წარმოადგენს მისი მკურნალობა. ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას; მკურნალობის პრინციპი ექიმის მიერ რეკომენდირებული წნევის დამწევი პრეპარატების რეგულარული მიღებაა ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დაცვასთან ერთად.

 

ჰიპერტენზიის  მსოფლიო დღის აღნიშვნის ისტორია

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის აღნიშვნა ინიცირებულია ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის მიერ 2005 წლიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჰიპერტენზიის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით. მისი ფორმატი, ძირითადად, ორიენტირებულია მოსახლეობისა და სამედიცინო პერსონალის განათლებაზე. ამ დღის აღნიშვნისას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა წნევის მასობრივი გასინჯვის აქციებს, საგანმანათლებლო მასალის გავრცელებას, სპორტულ ღონისძიებებს და, რაც ყველაზე აქტუალურია, საინფორმაციო კამპანიებს რადიო-ტელევიზიით, ბეჭდური მედიით, სოციალური ქსელების გამოყენებით.

 

ჰიპერტენზიის  მსოფლიო დღის სლოგანი

ჰიპერტენზიის დღე ყოველწლიურად კონკრეტულ თემას ეძღვნება. აღნიშნული თემების მრავალწლიანი ისტორია შემდეგია:

2005 წელი: "გააცნობიერე მაღალი წნევა"

2006 წელი: "მკურნალობა - მიზანი,  ფოკუსი-არტერიული წნევის კონტროლი’’

2007 წელი: "ჯანსაღი კვებითი რეჟიმი, ჯანსაღი არტერიული წნევა"

2008 წელი: "გაიზომეთ არტერიული წნევა სახლში"

2009 წელი: "მარილი და მაღალი წნევა: ორი ჩუმი მკვლელი"

2010 წელი: "ნორმალური წონა - ნორმალური სისხლის წნევა"

2011 წელი: "იცოდე შენი წნევის ციფრები და სამიზნე წნევა"

2012 წელი: "ჯანსაღი ცხოვრების წესი - ჯანსაღი სისხლის წნევა"

2013 წელ: "ჯანსაღი გულისცემა - ჯანსაღი არტერიული წნევა"

2014-2018 წლები: "იცოდე საკუთარი წნევა".

 

მართე მაღალი წნევა - მუდმივად ექიმთან ერთად და იცხოვრე გართულებების გარეშე

ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგა

World Hypertension Ligue