Logo

ჯანსაღი კვება

title

ჯანსაღი კვება

ჯანსაღი კვების ჯანმრთელობითი სიკეთეები (ხილი)

არაჯანსაღი კვება მოიაზრება ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტერმინანტად არაგადამდებ დაავადებათა რისკებს შორის. არასათანადო ცოდნით და არაჯანსაღი კვებითი ქცევებით მრავალი ქრონიკული დაავადება შეიძლება განვითარდეს (დიაბეტი, კარდიოვასკულური დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებები, იოდის, რკინის და სხვა მიკრონუტრიენტების დეფიციტით გამოწვეული დარღვევები, ოსტეოპოროზი, სიმსუქნე, კარიესი და სხვ.), რომელთა ხვედრითი წილი მსოფლიოში საერთო სიკვდილობის დაახლოებით 60%-ს შეადგენს, და რომელთა თავიდან აცილებაც ადვილადაა შესაძლებელი თავად მოსახლეობის და კონკრეტულად თითოეული ინდივიდის მიერ, ჯანსაღი კვების პრინციპების სისტემატური დაცვით (ჯანსაღი კვებითი ქცევებით). უარყოფითი კვების ფაქტორი და დაბალი ფიზიკური აქტივობა განაპირობებს: დიაბეტის შემთხვევების დაახლოებით 60%-ის; ძუძუს, ნაწლავისა და პროსტატის კიბოს შემთხვევების 35%-ის, ართრიტების 25%-ის, გულის კორონარული დაავადებებისა (CHD) და ინსულტის შემთხვევების დაახლოებით 20%-ის განვითარებას.

თქვენ,  ვინც დაინტერესებული ხართ თქვენი ჯანმრთელობით, აქ  ყოველთვის შეგეძლებათ იხილოთ რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ შეინარჩუნოთ და გაიუმჯობესოთ  თქვენი ჯანმრთელობა სწორი, ბალანსირებული კვებით, მიღოთ ინფორმაცია თითოეული სასარგებლო პროდუქტის ნუტრიენტულ, ენერგეტიკულ და ჯანმრთელობით (დაავადებათა პრევენციულ) ღირებულებებზე (ციკლით - „სასარგებლო პროდუქტები“),  ამავდროულად შეძლებთ გაეცნოთ უახლეს ინფორმაციას არასწორ კვებასთან ასოცირებული დაავადებების სფეროში მსოფლიოში (მ.შ. საქართველოში) ჩატარებული კვლევების შედეგებს და რეკომენდაციებს კვებითი ჩვევების მოდიფიკაციებთან დაკავშირებით.

ბალი და ალუბალი

ბალისა და ალუბლის შემადგენლობაში შემავალი A  ვიტამინი საჭიროა მხედველობისთვის, ძვლებისა და კბილების სიმაგრისთვის; B  ჯგუფის ვიტამინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს, ამაგრებს თმას და ფრჩხილებს; ფოლიუმის მჟავა და რკინა აწესრიგებს სისხლის შემადგენლობას; C ვიტამინი იცავს ორგანიზმს ვირუსებისა და ინფექციისაგან, ამაგრებს გულის კუნთს და სისხლძარღვების კედლებს. ბალისა და ალუბლის მთავარი სიმდიდრეა კუმარინები, რომლებიც საჭიროა ორგანიზმისთვის ტონუსის შესანარჩუნებლად. კუმარინებით მდიდარ ხილსა და კენკრას ურჩევენ ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად დასუსტებულ ადამიანებს. ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვადაა ფიტონციდები, რომელიც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას. შეიცავს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელ ნივთიერებებს. კარგი ეფექტი აქვს, აგრეთვე, კუჭის შეკრულობის დროს. 

 

მსხალი

მსხალი გაჯერებულია შაქრით, ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, უჯრედისით,   C, B, P, PP ვიტამინებით,  A - პროვიტამინით, მიკროელემენტებით. უნდა ვიცოდეთ მსხლის სწორად მიღება: არ უნდა მივირთვათ დილით უზმოზე და არავითარ შემთხვევაში  არ უნდა დავაყოლოთ წყალი. ასევე, არ არის სასურველი მისი მიღება ხორცთან ერთად.

გავეცნოთ მსხლის ზოგიერთ თვისებას:

  • მსხალში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულობისას, აქვს სიცხის დამწევი მოქმედება, აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას, უხდება ფილტვებს.
  • მოხარშული ან შემწვარი აცხრობს ხველას.
  • სასარგებლოა ქოლეცისტიტის და გასტრიტის დროს.
  • ძალზე სასარგებლოა არითმიის დროს. არეგულირებს გულისცემას, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს.
  • ცნობილია მსხლის კოსმეტოლოგიური თვისებებიც.

 ციტრუსები 

ციტრუსების სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან «ცედროს», რაც არომატულ ყვავილებს ნიშნავს. მოგვიანებით ბერძნებმა ასე უწოდეს მათთვის უცნობ არომატულ ხილსაც. რომაელებისათვის ეს სიტყვა გადაიქცა «ციტრუსად». 

დღეისათვის მსოფლიოში მოყავთ ციტრუსების 28 სახეობა: ფორთოხალი, გრეიპფრუტი, მანდარინი, ლიმონი, ბერგამოტი, პომელო, ციტრონი, ლაიმი, კუმკვატი და სხვ. არსებობს მრავალი შუალედური ჰიბრიდიც, როგორიცაა მაგ. მანდარინისა და ფორთოხლის ნაჯვარი. ციტრუსების ნაყოფი შეიცავს ლიმონმჟავას, შაქარს, ვიტამინებს: C (60 მგ%-ზე მეტი), PP, B და კაროტინს (პროვიტამინი A).

თანამედროვე გამოკვლევების შედეგებით დადასტურებულია, რომ ციტრუსები აძლიერებენ იმუნურ სისტემას, აფერხებენ ან სრულიად აჩერებენ კიბოს უჯრედების ზრდის პროცესს. ციტრუსების შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი C მიეკუთვნება ე.წ. ანტიოქსიდანტებს, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან და ხელს უწყობს ქოლესტერინს დაშლას. ვიტამინი C ასევე აუცილებელია ცილა კოლაგენის მისაღებად, რომელიც ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ძვლოვან ქსოვილს, კანს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.

იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ, ვინც რეგულარულად მიირთმევს ციტრუსებს, ინსულტი არ ემუქრებათ. საგულისხმოა, რომ ცირტუსების ქერქში მეტია C ვიტამინი, ვიდრე რბილობში. ციტრუსების ქერქის შემადგენლობაში შედიან ასევე ბიოფლავონოიდები, რომლებიც უზრუნველყოფენ უწვრილესი სისხლძარღვების შენარჩუნებას სათანადო მდგომარეობაში. ნაყოფის რბილობში შემავალ პექტინებს ორგანიზმიდან გამოჰყავს ქოლესტერინი და ტოქსიკური ნივთიერებები და ამით იცავს მას გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებებისაგან.