title
საშვილოსნოს ყელის კიბო
საშვილოსნოს ყელის კიბო ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა ქალებს შორის, რომელიც საშვილოსნოს ყელის ქსოვილებში ვითარდება.
საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობა ნელა პროგრესირებადია - დაზიანებული უჯრედების კიბოდ გარდასაქმნელად, ხშირად 10-15 წელიც კია საჭირო. შესაძლოა, ეს პროცესი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თუმცა სკრინინგით (სკრინინგის ფარგლებში ტარდება პროცედურა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ყელიდან აღებული უჯრედების შესწავლა ხდება მიკროსკოპის ქვეშ) შესაძლებელია ადრეული ცვლილებების გამოვლენა, შესაბამისად, მკურნალობის დროული ჩატარება და კიბოს თავიდან არიდება.
სიმპტომები
როგორც უკვე ავღნიშნეთ, საშვილოსნოს ყელის კიბო ხშირად ასიმპტომურად მიმდინარეობს ანშესაძლოა, გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:
- არარეგულარული, ინტერმენსტრუალური სისხლდენა ან სისხლდენა სქესობრივი აქტის დროს.
- დისკომფორტი ან ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
- ტკივილი ზურგის, ფეხის ან მენჯის არეში.
- გადაღლა, წონის ან მადის დაკარგვა.
- ვაგინალური დისკომფორტი ან სუნიანი გამონადენი.
რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს? საშვილოსნოს ყელის კიბოს 99.7% პაპილომავირუსული (HPV) ინფექციითაა გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ სქესობრივად აქტიური ადამიანების დაახლოებით 50% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ინფიცირდება, ხოლო 50 წლის ასაკის ქალთა 80% ინფიცირებულია ამ ვირუსით. პაპილომავირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება ისე, რომ პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება. თუმცა პაპილომა ვირუსის ცალკეულ გენოტიპებს შეუძლიათ გამოიწვიონ კიბოსწინარე დაავადებები, წყლულები. ასეთი არანამკურნალები წყლულების კიბოდ გარდაქმნის რისკი კი დიდია.
როგორ ავირიდოთ საშვილოსნოს ყელის კიბო? საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება საშვილოსნოს ყელის ქსოვილებში მიმდინარე ცვლილებების დროული აღმოჩენით და შესაბამისად, დროული მკურნალობითაა შესაძლებელი. რამდენადაც საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში განკურნების შანსი საკმაოდ მაღალია, სკრინინგი საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილების ყველაზე ეფექტურ საშუალებადააა მიჩნეული. რაც შეეხება საკუთრივ პაპილომა ვირუსისგან თავის დაცავას, ერთ-ერთი პროფილაქტიკური საშუალება 9-11 წლის გოგონებში პაპილომა ვირუსის ვაქცინაციაა. ვაქცინაციით საშვილოსნოს ყელის კიბოს 75%-ის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორები
საშვილოსნოს ყელის დაზიანებისა და კიბოს განვითარების სხვადასხვა რისკფაქტორებს გამოყოფენ. ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე მათგანი:
- სქესობრივი ურთიერთობების ნაადრევი დაწყება
- მრავალი სქესობრივი პარტნიორი
- თამბაქოს მოხმარება
- დაქვეითებული/დასუსტებული იმუნიტეტი (იმუნური სუპრესია)
- მცირე ასაკი პირველი მშობიარობისას
- დაუცველი შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტები
- კონტრაცეპტივების ხანგრძლივი დროის მანძილზე (10 წელზე მეტი) გამოყენება.
საშვილოსნოს ყელის კიბოს ტიპები:
საშვილოსნოს ყელის კიბოს 2 ძირითად ტიპს განასხვავებენ. ესენია:
- ბრტყელუჯრედოვანი - ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 80%-ში
- ადენოკარცინომა - ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 20%-ში
საშვილოსნოს ყელის კიბოს სხვა, იშვიათ ტიპებს მიეკუთვნება ლიმფომა, სარკომა და სხვა.
საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა:
საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია კიბოს ტიპზე, კიბოს პროგრესირების ხარისხზე, ორგანიზმში კიბოს უჯრედების გავრცელებაზე...
ტიპიური მკურნალობა მოიცავს ქირურგიულ ჩარევას, ქიმიოთერაპიას და რადიოთერაპიას.
რამოდენიმე ფაქტი საშვილოსნოს ყელის კიბოზე:
- მსოფლიოში, ყოველწლიურად 275 000 ქალი იღუპება ამ დაავადებით
- საქართველოში, 2013 წლის ბოლოს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 1537 ქალი
- საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან აცილება შესაძლებელია სკრინინგითა და HPV ვაქცინაციით
[i] file:///C:/Users/user/Downloads/Factsheet_Cervical_Cancer_.pdf