title
2017 წლის 28 ივლისს 10:00 საათზე სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით
ჰეპატიტების მსოფლიო დღე
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - საქართველოს გამოცდილება
კონფერენციას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო, აშშ ელჩი საქართველოში ბატონი იან კელი, ჯანმო-ს რეგიონული ოფისის გადამდებ დაავადებათა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების დივიზიონის დირექტორი ქალბატონი ნედრეტ ემიროგლუ, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების ხელმძღვანელი საქართველოში ქალბატონი ჯულიეტ მორგანი, ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსის დირექტორი ბატონი ჩარლზ გორი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ეფექტური ქმედებები, რაც ხელს შეუწყობს დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებასა და ინფექციის ახალი შემთხვევების პრევენციას, ასევე გაზრდის ტესტირებისა და მკურნალობის სერვისებზე წვდომას. დღესდღეობით, მსოფლიოში, 20 ინფიცირებულიდან მხოლოდ ერთმა იცის, რომ ვირუსული ჰეპატიტი აქვს და 100 დაავადებულიდან მხოლოდ ერთი მკურნალობს.
მსოფლიოში დაახლოებით 325 მილიონ ადამიანს აქვს B და C ჰეპატიტების ქრონიკული ფორმა. 2015 წელს ამ დაავადებით დაახლოებით 1.34 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ქრონიკული C ჰეპატიტის შემთხვევათა 95%-ზე მეტში შესაძლებელია სრულად განკურნება 3 თვიანი მკურნალობის კურსის შედეგად.
2016 წლის მაისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე, 194 ქვეყნის მთავრობამ მიიღო ვირუსულ ჰეპატიტებზე ჯანმრთელობის სექტორის პირველი გლობალური სტრატეგია, რომლის ამოცანაა 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის, ელიმინაცია. სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია 2020 წლისთვის B და C ჰეპატიტების მქონე 8 მილიონი ადამიანის მკურნალობა. ხანგრძლივვადიანი სამიზნე კი არის 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ახალი ინფექციების 90%-ით, ხოლო ვირუსული ჰეპატიტებით გამოწვეული სიკვდილობის 65%-ით შემცირება.
2017 წელს ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსმა დააარსა პროგრამა NOhep Visionaries, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს ცნობიერების ამაღლებისა და მსოფლიოში ელიმინაციის მისაღწევად საჭირო მიდგომების შემუშავების მიზნით. C ჰეპატიტის ელიმინაციისთვის გაწეული თავდაუზოგავი შრომის გამო ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსმა პროგრამის მონაწილედ წარადგინას აქართველო, როგორც სანიმუშო და მისაბაძი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის.
− „დღეს, ჰეპატიტების მსოფლიო დღეზე, სიხარულით ვადევნებთ თვალს საქართველოს, როგორც NOhep Visionary პროგრამის პირველ წარმომადგენელს ევროპის რეგიონში.“ – განაცხადა ჩარლზ გორმა, ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსის პრეზიდენტმა – „სწორედ ეს გვჭირდება, რომ ჩემპიონმა ქვეყნებმა განაცხადონ - დიახ, ჩვენ შეგვიძლია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მაგალითი და მისი ძლიერი პოლიტიკური ნება შთამაგონებელი და მისაბაძი იქნება სხვა ქვეყნებისთვის, რათა მათაც განახორციელონ დაუყოვნებელი ქმედებები 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიზნით“ – დაამატა მან.
NOhep Visionaries პროგრამის დაწყება ოფიციალურად გამოცხადდება ჰეპატიტების მსოფლიო სამიტზე, 2017 წლის 1 ნოემბერს.
საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყანაა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯამნრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქრონიკული C ჰეპატიტი აქვს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 5.4%-ს, ანუ 150 ათასამდე ადამიანს. ინფიცირებულ ადამიანთა დაახლოებით 70%-ს სიმპტომები არ უვლინდება, შესაბამისად, 100 000-ზე მეტმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ინფიცირებულია.
2015 წლის აპრილში, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველომ წამოიწყო უპრეცედენტო პროგრამა და მიზნად დაისახა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაცია. 2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია (2016-2020). აღნიშნული სტრატეგია მოიცავს ძირითად აქტივობებს C ჰეპატიტის ელიმინაციის მისაღწევად საჭირო სხვადასხვა მიმართულებებით, როგორიცაა ცნობიერების ამაღლება, ეპიდზედამხედველობა, პრევენცია, სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ელიმინაცის პროგრამის მიზანია ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის შემცირება, ასევე ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია. პროგრამის დაწყებიდან დღემდე 43 ათასზე მეტმა პაციენტმა მიმართა სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებას და დაახლოებით 40 ათასმა იმკურნალა ან ამჟამად მკურნალობს უახლესი ანტივირუსული მედიკამენტების შემცველი რეჟიმებით. 31 840 პაციენტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და მათში, რომელთაც ჩაუტარდათ მყარი ვირუსული პასუხის შესაფასებელი ანალიზი მკურნალობის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ, სრული განკურნება გამოვლინდა პაციენტთა მთლიანი რაოდენობის 95%-ში, ხოლო ლედიპასვირ/სოფოსბუვირის შემცველი რეჟიმებისთვის განკურნების მაჩვენებელმა მიაღწია 98%-ს.
მნიშვნელოვანი ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ტარდება სკრინინგის მიმართულებით. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და მის რეგიონულ განყოფილებებში უწყვეტად მიმდინარეობს უფასო სკრინინგი ნებისმიერი მსურველისთვის. გაფართოვდა სკრინინგის ღონისძიებები მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში - ორსულები, სტუდენტები, სამედიცინო პერსონალი; აქტიური სკრინინგი დაიწყო ამბულატორიულ და სტაციონარულ დაწესებულებებში მყოფ პაციენტებში.
ვებ გვერდი - www.ncdc.ge
ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)
მისამართი: თავისუფლების მოედანი 4, საქართველო, თბილისი
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 95 61 03, ამბროსი კეკელიძე 599 94 6431