Logo

როტავირუსული დიარეა (როტავირუსული ინფექცია)

title

ზოგადი მიმოხილვა: როტავირუსული ინფექცია ანთროპონოზული, მწვავე გასტროენტერიტით მიმდინარე დაავადებაა, რომელიც  მსოფლიოში ჩვილ და მცირეწლოვან ბავშვებში არაბაქტერიული დიარეული დაავადებების ერთ–ერთ ძირითად გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს. პრაქტიკულად, 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი ერთხელ მაინც ინფიცირდება ამ ვირუსით. ყოველწლიურად მსოფლიოში ამ ასაკობრივი კონტინგენტიდან როტავირუსული ინფექციით ავად ხდება რამდენიმე მილიონი, ხოლო მათგან  500000-ზე მეტი ბავშვი იღუპება. საქართველოში მიმდინარეობს როტავირუსებზე ზედამხედველობა 5 წლამდე ასაკის ჰოსპიტალიზებულ ბავშვებში ორი საყრდენი ბაზით. აღნიშნული კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ 2013 წლამდე, ანუ აცრების ეროვნულ კალენდარში როტავირუსული ვაქცინაციის დანერგვამდე,  დიარეული კლინიკით ბავშვთა ჰოსპიტალიზების 30%-ზე მეტი როტავირუსულ ეტიოლოგიას უკავშირდებოდა. აცრების დანერგვის შემდეგ, 2016 წლის მონაცემებით როტავირუსული დიარეების ხვედრითი წილი 12%-მდე შემცირდა.
გამომწვევი აგენტია: როტავირუსი (დასახელება მიიღო ვირუსის ბორბლისებრი ფორმის გამო), რომელიც მიეკუთვნება Rotavirus  გვარს და Reoviridae-ს ოჯახს. როტავირუსები კლასიფიცირდება 7 სეროლოგიურ ჯგუფად (A – G). ყველაზე ხშირად დაავადებას იწვევენ  A  ჯგუფის როტავირუსები. ვირუსის გარეთა კაპსიდის სტრუქტურული პროტეინების – VP4 და VP7 -ის საფუძველზე  კლასიფიცირდება როტავირუსები G და P გენოტიპებად. დღეისათვის ცნობილია   როტავირუსის 15G და 27P  გენოტიპი. როტავირუსი გამძლეა გარემო პირობებში, იგი ინარჩუნებს ცხოველმყოფელობას რამდენიმე  კვირიდან, რამდენიმე თვემდე. ვირუსი იწვევს როგორც საკვებისმიერ, ასევე წყლისმიერ ეპიდაფეთქებებს.
მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები: დაავადების აღმოცენებისა და გავრცელების ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორები დაბალი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, უხარისხო სასმელი წყალი, ცუდად გარეცხილი ან გაურეცხავი ხილ-ბოსტნეულია. დაავადების გადაცემაში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნივთები და სათამაშოები.
რეზერვუარი: მხოლოდ სხვადასხვა კლინიკური სიმძიმით დაავადებული ადამიანია. დაავადების გავრცელებისა და ეპიდსაშიშროების თვალსაზრისით განსაკუთრებით მაღალ რისკს წარმოადგენენ მსუბუქი და უსიმპტომო ფორმით დაავადებულები, რომლებიც ჩვეულებისამებს აგრძელებენ აქტიურ ცხოვრებას.
გადაცემის გზები:  ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი, რომელიც ფეკალური მასებით გამომწვევს გარემოში დიდი ოდენობით გამოყოფს. ინფექციის გადაცემა ხდება ფეკალურ-ორალური გზით. ვირუსის მცირე მაინფიცირებელი დოზის და გარემო პირობების მიმართ მდგრადობის გამო, როტავირუსით ავადობა თითქმის თანაბრადაა გავრცელებული როგორც განვითარებად, ისე  განვითარებულ ქვეყნებში. ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი ძირითადად ფიქსირდება განვითარებად ქვეყნებში, არაადექვატური და/ან დაგვიანებული მკურნალობის  გამო. 
ინკუბაციური პერიოდი: როტავირუსით ინფიცირებისას, ინკუბაციური პერიოდის გასვლის შემდეგ (2 დღე), დაავადება იწყება მწვავედ, ღებინებითა და უხვი წყლისებური დიარეით. აღინიშნება მუცლის ყურყური და დიფუზური ხასიათის მუცლის ტკივილი. დამახასიათებელია ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებიც: სისუსტე, ადინამია, მადის დაკარგვა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შემცივნება, მაღალი ცხელება (1-2 დღე). ასეთი სახით კლინიკური ნიშნები ჩვეულებრივ 3-7 დღეს გრძელდება, თუმცა შესაძლოა 2-3 კვირაც გაგრძელდეს. გარდა ამისა, ხშირად აღინიშნება ხახის ლორწოვანის ჰიპერემია და მარცვლოვნება, სკლერების ინიცირება. მძიმე გასტროენტერიტით მიმდინარეობამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (გაუწყლოვება), რომელიც უფრო ხშირად მცირე ასაკის ბავშვებში ვლინდება. შეიძლება გამოიხატოს ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, შოკის განვითარებითა და ბოლოს, ლეტალური გამოსავლით. როტავირუსის გარჩევა გასტროენტერიტის სხვა გამომწვევებისგან მხოლოდ კლინიკური ნიშნების მიხედვით შეუძლებელია, დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება. ლაბორატორიული კვლევებისთვის გამოიყენება, სეროლოგიური, პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციები და ვირუსოლოგიური მეთოდები. პირველადი ინფექცია მწვავედ და შედარებით მძიმედ მიმდინარეობს. განმეორებითი (რეინფექცია) დაინფიცირებისას დაავადება უკვე შეძენილი იმუნიტეტის ხარჯზე გაცილებით მსუბუქად, ან საერთოდ ასიმპტომურად მიმდინარეობს.
გადამდებლობის პერიოდი:  დიარეის დაწყებამდე 1-2 დღით ადრე და კლინიკური ნიშნების დამთავრების შემდეგ 10 დღემდე პერიოდს მოიცავს.
მიმღებლობა საყოველთაოა, თუმცა დაავადებულთა უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია. მოზრდილები ბავშვობაში გადატანილი დაავადებისა და შესაბამისად  გამომუშავებული იმუნიტეტის გამო ავად იშვიათად ხდებიან.
კონტროლის ღონისძიებები:
ა) პრევენციული ღონისძიებები: როტავირუსული ინფექციის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება - როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა.
 კლინიკური ნიშნების (ფაღარათი, ღებინება, ტემპერატურის მომატება და სხვა) გამოვლენისთანავე სასურველია მოხდეს დაავადებულის ჰოსპიტალიზაცია ინფექციური პროფილის საავადმყოფოებში, რომლებიც ძირითადად განთავსებულია ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში. როტავირუსული დიარეის დიაგნოსტკა მხოლოდ ლაბორატორიული კვლევითაა შესაძლებელი.
ბ) საქართველოში, ამჟამად მოქმედი ნორმატიული ბრძანებით დაავადების ერთეული შემთხვევები სასწრაფო შეტყობინებას არ ექვემდებარება. სასწრაფო შეტყობინება ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრს (სამსახურს) ეგზავნება ჯგუფური (3 და მეტი) ერთდოულად, ერთი მიზეზით/ან ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევების დროს. ზოგადად, პრევენციული ღონისძიებები პირადი ჰიგიენის დაცვის, საკვებისა და წყლის ხარისხის მიმართებით, ანალოგიურია სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული დიარეების პრევენციისა. 
დ) რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მინიმუმამდე იქნას შემცირებული როტავირუსული ინფექციისგან თავის დაცვა? როტავირუსული ინფექციის საყოველთაო, მსოფლიო გავრცელება მიგვანიშნებს, რომ მხოლოდ ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა და ჰიგიენური პირობების დაცვა ნაკლებად ეფექტურია როტავირუსულ ინფექციასთან ბრძოლაში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას აძლევს სახელმწიფოებს, როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აცრების კალენდარში შეტანასთან დაკავშირებით. ევროპის რეგიონის მრავალ ქვეყანაში როტავირუსული ვაქცინაციის ისტორია ორ ათეულ წელს ითვლის და დაავადების შემთხვევებმაც მნიშვნელოვნად იკლო.  ვაქცინაციის ეფექტურობა ავადობის შემცირების თვალსაზრისით განსაკურებით მაღალია კარგი სანიტარიულ-ჰიგიენური და ეკონომიკური პირობების მქონე ქვეყნებში. ვაქცინაციის ფონზე ევროპის რეგიონის ქვეყნებში როტავირუსული დიარეის პრაქტიკულად ერთეული შემთხვევები აღირიცხება.  2012 წლიდან საქართველოშიც დაიწყო როტავირუსული  ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტურობით და უსაფრთხოებით გამოირჩევა. ვაქცინაციის კურსი შედგება 2 დოზისაგან. პირველი დოზით ვაქცინაცია კეთდება   8 კვირის ასაკიდან (2 თვე) 15 კვირის ასაკამდე,  ხოლო მეორე დოზა  – 12 კვირის (3 თვე) ასაკიდან   24 კვირის ასაკამდე. ვაქცინის მიღება ხდება ორალურად (პირის ღრუში ჩაწვეთებით). პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 4 კვირა.  


http://www.cdc.gov/vaccines/vpd-vac/rotavirus/default.htm#clinical http://www.who.int/immunization/diseases/rotavirus/ru/