title
პირის ღრუს ჯანმრთელობის დღე 20 მარტს, მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში, სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით აღინიშნება. საერთაშორისო კამპანია ითვალისწინებს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას პირის ღრუს ჰიგიენის საკითხებზე და ხაზს უსვამს ჯანსაღი კბილების მნიშვნელობას, როგორც ახალგაზრდა, ასევე ასაკოვანი ადამიანებისათვის. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ,,იცხოვრე გონივრულად, რომ გქონდეს ჯანსაღი პირის ღრუ”.
რატომ არის მნიშვნელოვანი პირის ღრუს ჯანმრთელობის დღის აღნიშვნა?
მოსახლეობის 90%-ს სიცოცხლის მანძილზე შესაძლოა გამოუვლინდეს პირის ღრუს დაავადებები, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია ადამიანთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებითა და სხვადასხვა პრევენციული თუ სამკურნალო პროგრამების განხორციელებით. გარდა ამისა, პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე სტომატოლოგებსა და საზოგადოების სხვა ფენებს სთავაზობს სამოქმედო გეგმის პლატფორმას, რათა დაავადებათა გლობალური ტვირთის შემცირებას მივაღწიოთ.[i]
ვინ არის პირის ღრუს ჯანმრთელობის დღის აუდიტორია?
პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნაში სასურველია მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების თითოეულმა წევრმა, სხვადსხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, როგორიცაა პროფესიული ასოციაციები, სპეციალისტთა ჯგუფები, სხვადასხვა პროფესიული გაერთიანებები, ამ შემთხვევაში სტომატოლოგიური ორგანიზაციების წევრები, სახელმწიფოს წარმომადგენლები, მედია-საშუალებები, საგანმანათლებლო ასოციაციები: სკოლები, უნივერსიტეტები და ა. შ. თითოეულ მათგანს გარკვეული როლი აკისრია პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის გაზრდის თვალსაზრისით. [ii]
რას წარმოადგენს 2017 წელს პირის ღრუს ჯანმრთელობის დღის თემა?
2017 წელს პირის ღრუს ჯანმრთელობის დღის თემას წარმოადგენს ,,იცხოვრე გონივრულად, რომ გქონდეს ჯანსაღი პირის ღრუ“. ადრეული ასაკიდან პირის ღრუს ჰიგიენასთან დაკავშირებული სწორი ქცევითი უნარების ჩამოყალიბება, რისკ-ფაქტორების თავიდან აცილება და პირის ღრუს რეგულარული პროფილაქტიკური გასინჯვა, ხანდაზმულ ასაკში ჯანმრთელი პირის ღრუს გარანტიაა. [iii]
პირის ღრუს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ისტორია.
პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე პირველად ოფიციალურად 2007 წლის 12 სექტემბერს აღინიშნა. იგი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის დამფუძნებლის დოქტორ ჩარლზ გოდონის დაბადების დღეს უკავშირდებოდა, თუმცა სტომატოლოგთა გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 2013 წლიდან კამპანია 20 მარტს ტარდება, რადგან:
- ბავშვებს აქვთ 20 სარძევე კბილი.
- მოხუცებს, ცხოვრების დასასრულს, უნდა ჰქონდეთ სულ ცოტა 20 საკუთარი კბილი.
- თუ „20 მარტს“ გამოვხატავთ რიცხვებით 3/20 ის შეესაბამება ჯანმრთელი მოზრდილი ადამიანის მდგომარეობას, რომელსაც უნდა ჰქონდეს 32 კბილი და 0 კარიესი.[iv]
რა წარმოადგენს პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკის სტრატეგიისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის შესახებ მნიშვნელოვან მიგნებებს?
- პირის ღრუს დაავადებების ტვირთისა და ინვალიდობის შემცირება, განსაკუთრებით კი მოსახლეობის დაუცველ და მარგინალურ ჯგუფებში.
- ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური და ქცევითი რისკ-ფაქტორების ზემოქმედების შემცირება.
- პირის ღრუს ჯანმრთელობის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც თანაბრად გააუმჯობესებს მოსახლეობის პირის ღრუს ჯანმრთელობასა და უპასუხებს მოსახლეობის ლეგიტიმურ მოთხოვნებს და ფინანსურ სამართლიანობას.
- პირის ღრუს ჯანმრთელობის პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომელიც ეფუძნება და ინტეგრირებულია ჯანმრთელობის ეროვნულ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში და ხელს უწყობს ჯანმრთელი პირი ღრუს პოპულარიზაციას.
- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საერთო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, პრიორიტეტებისა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა.
მნიშვნელოვანი ფაქტები პირის ღრუს მოვლისა და დაავადებების შესახებ.
- მსოფლიო მოსახლეობის 90%-ს ცხოვრებაში ოდესმე უვლინდება პირის ღრუს დაავადებები, ეს შესაძლოა იყოს კარიესი, პარადონტოზი, პირის ღრუს სიმსივნე და სხვა.
- მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 60%-თვისაა ხელმისაწვდომი ჯანმრთელი პირის ღრუ;
- მსოფლიოში სკოლის მოსწავლეების 60-90%-ს აქვს კარიესი;
- მრავალ ქვეყანაში პირის ღრუს სიმსივნეების ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე
1-დან 10-მდე მერყეობს;
- პირის ღრუს სიმსივნე 8 ფართოდ გავრცელებულ სიმსივნეებს შორის გვხვდება და სამკურნალოდ ყველაზე ძვირადღირებულია;
- თამბაქოსა და ალკოჰოლის ერთობლივი მოხმარებისას პირის ღრუს სიმსივნეების განვითარების რისკი 15-ჯერ იზრდება;
- მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 5-10% პირის ღრუს დაავადებებს უკავშირდება;
- ბევრ ქვეყანაში სკოლებში გაცდენების უპირველეს მიზეზს, კბილის ტკივილისგან გამოწვეული დისკომფორტი წარმოადგენს;
- შაქრის ჭარბი გამოყენება უპირველესი რისკ-ფაქტორია კარიესისა და დიაბეტის განვითარების თვალსაზრისით;
- აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ 30-40 მილიონი ადამიანი ცდილობს თავი აარიდოს სტომატოლოგიურ მომსახურეობას შიშის გამო;
- განვითარებულ ქვეყნებში პირის ღრუს დაავადებათა ტვირთი მცირდება, თუმცა ღრძილების გართულებები უმეტესად ხანშიშესულ ადამიანებშია გავრცელებული, რომელთა რისკ-ფაქტორებს თამბაქოს მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, მაღალი ცხიმოვანი დიეტა, მარილისა და შაქრის ჭარბი გამოყენება წარმოადგენს;
- თამბაქოს მოხმარება პერიდონტიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია. პერიდონტიტი წარმოადგენს პირის ღრუს ინფექციურ დაავადებას, რომელიც აზიანებს ძვლის ქსოვილს და ძვლოვან ნაწილს, რომელზეც მიმაგრებულია კბილები. პერიდონტიტმა შეიძლება გამოიწვიოს კბილების დაზიანება ან დაკარგვა, გაზარდოს ინფარქტის, ინსულტის და სხვა სერიოზული პათოლოგიების რისკი;
- პირის ღრუს ჯანმრთელობა უდიდეს ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარებაზე და აგრეთვე ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თვითდაჯერებულობა, სოციალური ურთიერთობები, ძილი და საუბარი;
- უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება სწორი ქცევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა კბილების სწორი გახეხვა და რეგულარული დათვალიერება;
- მსოფლიოში ერთ მილიონზე მეტი სტომატოლოგია, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ თანამედროვე სამკურნალო და ტექნიკური საშუალებები სტომატოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად, თუმცა ეს არასწორადაა გადანაწილებული, რის შედეგადაც მსოფლიოს ღარიბ რეგიონებში ყოველ 30000 მოსახლეზე ერთი სტომატოლოგი მოდის, შესაბამისად, სტომატოლოგიური მომსახურება არარაციონალურად ხდება[v].
[iv] http://www.worldoralhealthday.com/about