Logo

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე

title


10 ოქტომბერი 2014

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 10 ოქტომბერს აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიო მასშტაბით ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ძალისხმევის მობილიზაცია მის მხარდასაჭერად.

ეს დღე შესაძლებლობას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს ღიად ილაპარაკოს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე და საჭიროებებზე, რომელთა შესრულებაც გახდის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ხელმისაწვდომს და რეალისტიკურს მოსახლეობისთვის.

2014 წლის მსოფლიო დღის თემაა: „ცხოვრება შიზოფრენიის დიაგნოზით“. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ძირითადი ამოცანაა  ადამიანებმა იცხოვრონ ჯანმრთელად შიზოფრენიასთან ერთად.

რა არის შიზოფრენია?

შიზოფრენია მძიმე ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნებაზე, აღქმასა და ქმედებებზე. დაავადებულ ადამიანს უჭირს განსხვავების პოვნა რეალურ და წარმოსახვით სამყაროს შორის, ლოგიკური აზროვნება, გრძნობების გამოხატვა და სათანადო ქცევა. შიზოფრენია, როგორც წესი ვლინდება გვიანი მოზარდობის ან ადრეული სრულწლოვანების ასაკში. იგი შეიძლება გამოუვლინდეს 15-35 წლის ასაკის მქონე, ათასიდან 7 ადამიანს. დაავადების ქრონიკული მომდინარეობიდან გამომდინარე, მისი ინციდენტობა დაბალი (3-10000), ხოლო პრევალენტობა მაღალია.

 

ფაქტები შიზოფრენიაზე

  • მსოფლიოში 24 მილიონი ადამიანია შიზოფრენიით დაავადებული.
  • შიზოფრენია მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებაა. მკურნალობა მეტად ეფექტურია, თუ ადრეულ ეტაპზე მოხდა მისი ინიცირება (დაწყება).
  • შიზოფრენიით დაავადებულ პირთა 50% არ იღებს შესაბამის მკურნალობას.
  • იმ ადამიანთა 90%, რომლებიც არ ღებულობენ მკურნალობას, განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს.
  • შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანთა მოვლა შესაძლებელია უზრუნველყოფილი იყოს თემის დონეზე, ოჯახისა და თემის აქტიური მონაწილეობით.

შიზოფრენიას ახასიათებს სიმპტომების მთელი რიგი ა. ის შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს ყველა დაავადებულ ადამიანში . შიზოფრენიის დიაგნოზს სვამს ექიმი ფსიქიატრი, თუმცა არსებობს დამახასიათებელი სიმპტომები, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ეჭვი მივიტანოთ დაავადების დასაწყისზე. ესენია:

  • ძილის დარღვევა
  • მადის დარღვევა
  • უჩვეულო ქცევის გამოვლენა
  • ცვალებადი და გაურკვეველი ემოციები
  • არათანმიმდევრული მეტყველება
  • უჩვეულო იდეებით გატაცება
  • წარმოდგენა, რომ რაიმე საგანს ან მოვლენას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მაგალითად, ადამიანები ტელევიზორიდან მას  ელაპარაკებიან
  • არარეალობის მუდმივი შეგრძნება
  • საგნების, ხმების, სუნის აღქმის ცვლილება

ზოგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დაავადების დასაწყისისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ არ განუვითარდეს დაავადება, ან პირიქით, შეიძლება დასაწყისი სიმპტომების გარეშე დაეწყოს იგი და შესაბამისად, არ მიეცეს მკურნალობის ადრეულ სტადიაზე დაწყების საშუალება, რასაც შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა შიზოფრენიის განვითარება.

შიზოფრენიის უმრავლესი შემთხვევა ექვემდებარება მკურნალობას. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ამ დიაგნოზით. მკურნალობის შედეგად ხდება სიმპტომების შემცირება და ადამიანს შეუძლია სრულყოფილი ფუნქციონირება სახლში, სამსახურში, სასწავლებელსა და საზოგადოებაში.

უნდა გვახსოვდეს, შიზოფრენიასთან ერთად წარმატებული თანაცხოვრებისთვის აუცილებელია დაავადებულ ადამიანთა მხარდაჭერა როგორც ამ კუთხით უკვე წარმატებული და გამოცდილი ადამიანების, ასევე ოჯახების და სრული საზოგადოების მხრიდან.

არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ან ჩვენს  ახლობელს აქვს თუ არა შიზოფრენიის ან სხვა ფსიქიკური დაავადების დიაგნოზი, ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, დაავადებულ ადამიანთა საზოგადოებაში ინტეგრაციაზე.

გვახსოვდეს, რომ ვალდებულნი ვართ დავინახოთ ადამიანები დიაგნოზისუკან! ისინიც იმსახურებენ, ჰქონდეთ შესაძლებლობა-იცხოვრონ სრულყოფილი და ღირსეული ცხოვრებით!