Logo

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

title

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

1) რა არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები?

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) არის სხვადასხვა პათოგენებით გამოწვეული ინფექციების ჯგუფი, რომელიც კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. ყველაზე გავრცელებული ინფექციებია სიფილისი, გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონიაზი, გენიტალური ჰერპესი და ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია.

2) რამდენად საყურადღებოა სგგი?

ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 357 მილიონი ადამიანი ინფიცირდება სქესობრივი გზით გადამდები ოთხი მთავარი ინფექციიდან ერთ-ერთი ინფექციით (სიფილისი, გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონიაზი). საყურადღებოა, რომ ხშირად ეს ინფექციები ფარულად, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფექცია მაინც შეიძლება იყოს გადამდები. სქესო­ბრივი გზით გადამდებ ინფექციებს აქვთ სერიოზული გავლენა სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და წარმოადგენენ საშვილოსნოსგარე ორსულობების, თვით­ნე­ბუ­რი აბორტების, ნაადრევი მშობიარობების, ახალშობილთა პათოლოგიების განვითა­რე­ბის რისკ-ფაქტორებს. ორსულ ქალებში არანამკურნალები სიფილისი იწვევს მკვდრადშობადობას შემთხვევათა 25%-ში და ნეონატალურ სიკვდილობას შემთხვევათა 14%-ში.

3) როგორია საქართველოში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელება?

სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლებში საქართველოში აღინიშნება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შემთხვევათა რაოდენობის მატება. შემთხვევათა ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩევა ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი და სიფილისი, რომელთაც მოყვება გენიტალური ჰერპესი და გონორეა.

4) როგორ უნდა გავიგო, რომ ვარ ინფიცირებული?

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ხშირი სიმპტომებია ვაგინალური გამონადენი, გამონადენი შარდსადენიდან ან გენიტალური წყლულები, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ინფექციები სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ საჭიროა პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება სარისკო ქცევის შემთხვევაში.

5) როგორ უნდა მოვიქცე დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში?

სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ან შემთხვევითი დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. არსებობს ამ ინფექციების სპეციალური სადიაგნოსტიკო ტესტები, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა სიმპტომების გარეშე მიმდინარე შემთხვევებში. სიფილისის დიაგნოსტიკისთვის არსებობს იაფი და სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტები, რომლებითაც შესაძლებელია ანალიზის პასუხის გაგება 15-20 წუთში. სხვა ინფექციების სადიაგნოსტიკო ტესტები შედარებით ძვირადღირებულია და პასუხის მიღებას მეტი დრო სჭირდება.

6) რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ინფიცირების რისკი?

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების უმეტესობისგან ეფექტური თავდაცვის საშუალებაა ბარიერული მეთოდები (პრეზერვატივი). პრეზერვატივის სწორად და მუდმივად გამოყენება წარმოადგენს დაცვის ეფექტურ მეთოდს როგორც ზემოთნახსენები ინფექციების, ასევე აივ-ინფექციის საწინააღმდეგოდ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაინფიცირების შემთხვევაში ადამიანმა დროულად მიმართოს ექიმს, რადგან ამ ინფექციების უმეტესობა (სიფილისი, გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონიაზი) სრულად ექვემდებარება მკურნალობას და მედიკამენტების დროულად მიღების შემთხვევაში ადამიანის სრული გამოჯანმრთელებით სრულდება.

7) გამოყენებული წყაროები

1. http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs110/en/

2. http://www.who.int/topics/sexually_transmitted_infections/en/

3. http://www.cdc.gov/std/

4. http://www.cdc.gov/std/prevention/default.htm