title
„...და შექმნა ღმერთმან კაცი იგი სახედ თვისად
და ხატად ღმრთისა შექმნა იგი...“
(დაბ.1.26-27)
შიში შეუცნობელი საკითხების მიმართ ადამიანის ბუნებრივი ინსტიქტია. ამ ინსტიქტის „წყალობით“ საუკუნეების მანძილზე ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად აზროვნებდნენ და/ან იქცეოდნენ, საზოგადოებისაგან გარიყულნი ხდებოდნენ, მათ შორის, ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობებითაც.
ინფორმაციის დეფიციტი, შეზღუდული შესაძლებლობების გამომწვევი მიზეზების არცოდნა სხვადასხვა სტერეოტიპების ჩამოყალიბებას და შემდგომში ამ ადამიანების საზოგადოებისაგან გამიჯნვას უწყობდა ხელს: ასე, მაგალითად, ქალის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვის გაჩენა ამ ადამიანების, ან მათი წინაპართა ცოდვებს მიეწერებოდა. არასწორ წარმოდგენებს დამატებული ის ფაქტორი, რომ ასეთი ბავშვის აღზრდა გარკვეულ სირთულეებთან (ფსიქოლოგიურ, პრაქტიკულ და სხვა) იყო დაკავშირებული, ხშირად, მშობლები მათ სპეციალიზირებულ თავშესაფრებში ტოვებდნენ, ან დამალული ყავდათ საზოგადოებისგან. ნორმალურ, სოციალურ ურთიერთობებს მოკლებულ პატარებში კი დროთა განმავლობაში მყარად იდგამდა ფესვებს საკუთარი თავის მიმართ „უსარგებლოს“ და „ჩვეულებრივი ადამიანისაგან განსხვავებულის“ წარმოდგენები. საკუთარი შესაძლებლობების უგულვებელყოფას ხელს კიდევ უფრო უწყობდა საზოგადოების მხრიდან მათი მიმართულებით წამოსული ზიზღი, აგრესია, არაადეკვატური დამოკიდებულება.
ადამიანები სახეობებად არ ვიყოფით, მითუმეტეს, არაბუნებრივია გარკვეული ნიშან-თვისებებით ჩვენი კატეგორიებად დაყოფა: ოჯახი, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პიროვნებაა, ჩვეულებრივი ოჯახია; მშობლები, რომლებთან შეზღუდული შესაძლებლობების შვილი ყავთ, ჩვეულებრივი მშობლები არიან; ადამიანი რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია - ადამიანია ისეთივე მოთხოვნილებებით, სურვილებით და საჭიროებებით, როგორც მილიონობით სხვა ადამიანი...
ღირებულებათა გადაფასებამ, ცოდნის გაღრმავებამ თუ გამოცდილებამ საზოგადოებას აჩვენა, რომ ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობებით ისეთივე უფლებები და მოვალეობები აქვთ, როგორც ე.წ. „ნორმალურ“ ადამიანებს. სამწუხაროდ, წარსულს უკვალოდ არ ჩაუვლია - სტერეოტიპები იმაზე, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ინდივიდები უსარგებლონი არიან, რომ მათ დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეუძლიათ ან/და ინდივიდს კონკრეტული შეზღუდული უნარით აუცილებლად მენტალური პრობლემებიც უნდა ქონდეს და ასე შემდეგ, ჯერ კიდევ არსებობს. 21-ე საუკუნეში, სადაც ადამიანები მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით საზრდოობენ, ხშირად სწორედ მედია ხდება ჩვენს ცნობიერებაზე უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი მთავარი ფაქტორი. ხშირ შემთხვევაში, მედია საშუალებები არ ერიდებიან ამა თუ იმ მოწყვლადი ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციული ან მასტიგმატიზირებელი სცენების ჩვენებას, რადგან ეს შეიძლება მათთვის მომგებიანი იყოს;[i] სარეკლამო სააგენტოები არცთუიშვიათად იგნორს უკეთებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რაც ამ ადამიანების, როგორც მომხმარებლების უარყოფა და მათი საზოგადოებისგან გამიჯნვაა; სხვა შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების წარმოჩენა ხდება „საბრალო“, სხვაზე დამოკიდებულ, პირადი ცხოვრების არმქონე, მუდმივად მოწუწუნე ადამიანებად, ან სხვა არასახარბიელო კუთხით. ეს კი სტერეოტიპის - შეზღუდული შესაძლებლობის ანუ უნარშეზღუდულის - გენერალიზებას და ამ ადამიანების სტიგმატიზირებას განაპირობებს. უნარი და შესაძლებლობები, რასაკვირველია, სრულიად განსხვავებული დატვირთვის მქონე ტერმინებია, მითუმეტეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ინდივიდებს უხშირესად აქვთ უნარი, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობები გამოავლინონ ეს უნარი. ამგვარად, ტერმინი „უნარშეზღუდული“ დისკრიმინაციული დატვირთვის მტარებელია.
დისკრიმინაცია[ii] (ლათ. Discriminatio - განსხვავება) რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ უთანასწორო და უსამართლო მოპყრობას ნიშნავს. რაც შეეხება ტერმინს „სტიგმა“ (ძვ. ბერძნული სიტყვა),ის მონის, ტუსაღის თუ მოღალატის სხეულზე სპეციალურად დასმული დაღის აღმნიშვნელი იყო. სტიგმის მატარებლები საზოგადოებისგან გარიყული უნდა ყოფილიყო.[iii] მოგვიანებით, ქრისტიანობაში ამ ტერმინს წმინდა დატვირთვა მიეცა და მორწმუნის სხეულზე ქრისტეს სხეულზე აღბეჭდილი ჭრილობის მსგავს ჭრილობას გულისხმობდა. დღეს, ეს ტერმინი თავისი პირვანდელი დანიშნულებით მოიაზრება. მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი სოცილოლოგი, ამერიკელი ერვინ გოფმანი „სტიგმას“"უწოდეს მოვლენას, რომლის საშუალებითაც სხვა ადამიანების რეაქცია ამახინჯებს ნორმალურ იდენტობას.[iv]
მართალია, სტიგმა და დისკრიმინაცია თითქოს განსხვავებული მცნებებია, თუმცა საზოგადოებაში არსებული სტიგმა დისკრიმინაციის მიზეზი ხდება (ადამიანების უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას[v]) - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ არსებული სოციალური სტიგმა კი ამ ადამიანებს სწორედ რომ გაუფასურებულ სოციალურ იდენტობას ანიჭებს.
საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და სტიგმას კარგად ასახავს დიდ ბრიტანეთში შეზრუდული შესაძლებლობების მქონე შვილების მშობლებში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგები. გამოკითხულ მშობელთათა 70%-მა აღნიშნა საზოგადოების მხრიდან მათი შვილებისადმი არაადეკვატური დამოკიდებულება, რაც ვერბალური, ემოციური, ვიზუალური ან ფიზიკური ნეგატიური ქცევებით, ან სრულებითაც ბავშვების უგლვებელყოფით, ზოგ შემთხვევაში კი გადამეტებული, ზედმეტი მზრუნველობით გამოიხატებოდა.[vi] ხშირად, დისკრიმინაცია მხოლოდ უარყოფით დამოკიდებულებას არ მოიცავს, ის შესაძლოა, პოზიტიური სახისაც იყოს. სიბრალური, გადამეტებული ყურადღება ან თუნდაც ზედმეტი ჩარევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრებაში პოზიტიური დისკრიმინაციის მეტად დამთრგუნველი გამოხატულებაა. არაადეკვატური და ხშირად უადგილო, თუნდაც დადებითი ემოციები კიდევ უფრო ამწვავებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ინდივიდებში სტიგმას და გარიყულობის გრძნობას.[vii]
მსოფლიოს მოსახლეობის 15%-ს, ანუ დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს ესა თუ ის შეზღუდული შესაძლებლობა (ფიზიკური თუ მენტალური) აქვს; 15 წლის და მეტი ასაკის 110-190 მილიონ ადამიანს ფუნქციონირებაში საკმაოდ სერიოზული შეზღუდვა აღენიშნება[viii]. სამწუხაროდ, ამ ადამიანთა უმრავლესობა მოკლებულია დასაქმების, განათლების და რეაბილიტაციის შესაძლებლობებს. ეს საკითხი განსაკუთრებულად მწვავეა განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ჩვენს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ არ გაგვაჩნია, რამდენდაც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში მხოლოდ იმ ადამიანთა სტატისტიკური მონაცემები აღირიცხება, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვთ შშმპ სტატუსი და იღებენ შესაბამის პენსიას. 2012 წლის მონაცემებით კი მხოლოდ 127 491 პირი იღებს პენსიას. რეალურად, საქართველოში სპეციფიკური მოთხოვნილებების მქონე ადამიანთა რიცხვი გაცილებით მეტია.[ix]
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის I-ლი მუხლის მიხედვით შშმპ-ს (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები) მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთაც ხანგრძლივმა ფიზიკურმა, მენტალურმა, ინტელექტუალურმა და სენსორულმა დარღვევებმა დამატებით ბარიერებთან ურთიერთქმედებაში შესაძლოა, შეაფერხონ მათი საზოგადოების ცხოვრებაში სრულფასოვანი, ეფექტური ან თანასწორი მონაწილეობა.[x] თუმცა, აქვე, საზოგადოების თანაცხოვრებაში სრულფასოვანი და ეფექტური ჩართვის შეფერხება სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს არ შესწევთ ძალა და უნარი (შესაბამისი გარემოს არსებობის შემთხვევაში) კონკურენცია გაუწიონ ჯანმრთელ ადამიანს. ისტორიას არაერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის პიროვნება ახსოვს, რომლებმაც მიუხედავად ფიზიკური თუ ინტლექტუალური დარღვევებისა, თავიანთი შესაძლებლობებით ბევრად გაუსწრეს ჩვეულებრივ, „ნორმალურ“ ადამიანებს: მაგ, ფარდობითობის თეორიის ავტორი, აინშტაინი, თანატოლებს გონებრივ განვითარებაში მნიშვნელოვნად ჩამორჩებდა. მას, თავისი უცნაური ქცევებიდან გამომდინარე, მშობლებიც კი გონებაჩამორჩენილად მიიჩნევდნენ (თანამედროვე მედიცნის ენით აინშტაინს ასპერგერსის სინდრომი ანუ აუტიზმის საშუალო ფორმა ქონდა); ლუი პასტერს (ფრანგი ქიმიკოსი და ბიოლოგი, რომელმაც პასტერიზაციის მეთოდი აღმოაჩინა, ასევე გამოიგონა ცოფის და ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინა და თავისი გამოგონებებით უთვალავი სიცოცხლე იხსნა) სწავლის პრობლემები და დისფაგია (ყლაპვის პრობლემები), ხოლო [xi] ნაპოლეონ ბონაპარტეს - აუტიზმის გამოხატული ნიშნები ქონდა. [xii] ეტლს მიჯაჭვული ფრანკლინ რუზველტი, ამერიკის 4 გზის პრეზიდენტი იყო, ხოლო ტომ კრუზი დისლექსიის (დასწავლის უუნარობა) მძიმე ფორმით დაავადებული გახლავთ, თუმცა ტომისთვის ამას სრულებითაც არ შეუშლია ხელი მსოფლიო დონის მსახიობი გამხდარიყო..[xiii]
დიახ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სუსტ, სხვებზე დამოკიდებულ ადამიანებად აღქმა ნამდვილად დიდი შეცდომაა. ისინი მუშაობენ, მართავენ თავიანთ ცხოვრებას, ქმნიან სრულფასოვან ოჯახებს და იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ყველაფრის საწინდარი, საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლასთან ერთად, სწორი განათლებაა. სამწუხაროდ, განვითარებად ქვეყნებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა 98% სკოლაში არ დადის, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში, განათლებულობის დონე მოზრდილებში მხოლოდ 3%-ია (მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში - 1%-ზე ნაკლებიც კი)[xiv]. ისევე როგორც ბევრ განვითარებად ქვეყანაში, საქართველოშიც, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი სტიგმა და დისკრიმინაცია ხდება მიზეზი იმისა, რომ ეს ადამიანები გაურბიან საზოგადოებასთან ურთიერთობას, ხოლო მათი ახლობლები და მშობლები კი ცდილობენ დამალონ ის ფაქტი, რომ მათი ოჯახის რომელიმე წევრს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ეს კი თავისთვად განაპირობებს იმას, რომ ეს ადამიანები მიუხედავად თავიანთი უნარისა, მოკლებულნი არიან საგანმანათლელო სისტემაში ჩართვის შესაძლებლობას. კვლევები კი ადასტურებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სასწავლო სისტემაში ჩართვა სხვა თანატოლებთან ერთად (ინკლუზია) აკადემიურ განათლების პარალელურად, სხვა მოსწავლეებზე დაკვირვებით, მნიშვნელოვნად ავითარებს სოციალურ ქცევებს. ეს კი აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოებაში მათი სრულყოფილი ინტეგრირებისთვის. რაც შეეხება ჩვეულებრივი განვითარების მოსწავლეებს, ინკლუზია მათში ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ბავშვები სწავლობენ, რომ ნორმალური საზოგადოება მრავალფეროვნია, სადაც ყველას ერთნაირი უფლებები აქვთ და მიუხედავად სხვადასხვა შესაძლებლობებისა, შეუძლიათ იყვნენ მეგობრები.[xv]
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო
[i] http://disability-studies.leeds.ac.uk/files/library/Barnes-Media.pdf
[ii] http://dictionary.reference.com/browse/discrimination
[iii] http://www.minddisorders.com/Py-Z/Stigma.html
[iv] Erving Goffman. “Stigma and Social Identity.” Stigma: Notes on the Management of Spoiled Identity. Prentice-Hall, 1963.
[v] http://www.un.org/en/documents/udhr/
[vi]http://www.cafamily.org.uk/media/392373/research_and_reportswhat_makesmyfamilystrongerwhatmakes_families_with_disabled_children_stronger_socially__emotionally_and_practically2009.pdf
[vii]http://www.cerebra.org.uk/English/getinformation/researchpapers/Pages/Dealingwithstigmaastheparentofachildwithdisabilities.aspx
[viii] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs352/en/
[ix] http://ssa.gov.ge/files/01_GEO/statistika/EXCEL/12/2012/2012.pdf
[x] http://www.un.org/disabilities/documents/convention/convoptprot-e.pdf
[xi] http://www.gemmlearning.com/blog/reading_and_dyslexia/famous-people-with-learning-disabilities/
[xii]http://www.vmi.edu/uploadedfiles/academics/academic_support/disabilities_services/famous%20people%20with%20learning%20disabilities%20-%20updated.pdf
[xiii] http://hcdg.org/famous.htm
[xiv] http://www.ohchr.org/en/issues/discrimination/pages/discrimination_disabilities.aspx
[xv] http://www.disabilityworld.org/05-06_01/children/inclusiveed.shtml