title
წყალი და სანიტარია
თანამედროვე საზოგადოების განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული წყლის რესურსების რაოდენობასა და ხარისხზე. წყალი ადამიანებს ეხმარება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაში, ხოლო უსაფრთხო სასმელი წყლისადმი შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა[1].
გლობალურად სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და სხვა ანთროპოგენული ზემოქმედების გამო, ადგილი აქვს წყლის რესურსების, მათ შორის სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების წყაროების ხარისხობრივი მდგომარეობის ცვლილებას, დანაკარგებსა და წყლის დეფიციტს.
ყოველივე ეს, მრავალი თაობებისათვის მძიმე მემკვიდრეობას ტოვებს ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის თვალსაზრისით, წარმოშობს რისკ-ფაქტორებს, რაც ასახვას ჰპოვებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აღნიშნულს ემატება გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების პროცესების ნეგატიური ზეგავლენა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით ევროპის რეგიონში პრიორიტეტული რჩება საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა საკმარისი რაოდენობით უსაფრთხო სასმელ წყალსა და სანიტარიაზე. ყოველ დღე, 14 ადამიანი იღუპება დიარეული დაავადების გამო არასათანადო ხარისხის წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის გამო. წყლისმიერი ინფექციების აფეთქებები ხშირია რეგიონში, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ ხარჯებს იწვევს. მიუღებელია, რომ ევროპის რეგიონის მილიონობით ადამიანისათვის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის უსაფრთხო მომსახურებებები. მიუხედავად იმისა, რომ პარმის კონფერენციის ჩატარებიდან - (2010) წლიდან დღემდე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, დღესდღეობით 14 მილიონი ადამიანი არ იყენებს სასმელი წყალის ძირითად წყაროს და 62 მილიონზე მეტ ადამიანს არ გააჩნია სანიტარული კვანძები. ჩამდინარე წყლების მნიშვნელოვან წილი დამუშავების გარეშე ხვდება გარემოში, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, გარემოსა და ეკონომიკაზე. სოფლებში და ქალაქებში, ღარიბებსა და მდიდარ თემებს შორის, განსაკუთრებით დაუცველი და მოწყვლადი პოპულაციები არსებობს.[2]. ჯანმო-ს 2013 წლის მონაცემებით გლობალურად სიკვდილიანობის 10 ძირითადი მიზეზიდან [3] დიარეით მიმდინარე დაავადებები მე -5 წამყვანი მიზეზია, ხოლო მე -2 წამყვანი მიზეზი კი ბავშვებში 5 წლამდე და მათ შორის, შემთხვევათა 88% განპირობებულია არასაიმედო სასმელი წყალით და არაადეკვატურ სანიტარიულ-ჰიგიენური პიროებებით. დადგენილია, რომ სასმელი წყლის მენეჯმენტისა და სანიტარიის გაუმჯობესების პირობებში, შესაძლებელია ყოველწლიურად სასმელი წყლით გამოწვეული დაავადებების 30 მლნ.-ზე მეტი შემთხვევის თავიდან აცილება[4].
ადამიანის უფლება წყალზე
წყალზე ადამიანის უფლება აღიარებულია არაერთი ეროვნული და საერთაშორისო სტრატეგიული დოკუმენტით. ყველაზე დეტალური და ყოვლისმომცველი განმარტება წარმოდგენილია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 1966 წელს მიღებული „ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-15 ზოგად კომენტარში, რომლის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება მიიღოს საკმარისი ოდენობის, უსაფრთხო, ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი წყალი, როგორც პირადი, ისე საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის“[5].
პაქტის ამ განმარტების თანახმად, წყალი, უპირველეს ყოვლისა, განსახილველია, როგორც სოციალური და კულტურული სიკეთე და არა როგორც ეკონომიკური სარგებლის წყარო. წყალზე ადამიანის უფლების რეალიზების ფორმა უნდა იყოს მდგრადი და ქმნიდეს არსებული და მომავალი თაობების უფლების რეალიზების შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სიტუაციაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, წყალზე უფლების რეალიზაციისათვის წყლის ადეკვატური მოხმარება შესაძლებელია განსხვავებული იყოს, ყველა შემთხვევაში გასათვალისწინებულია შემდეგი ფაქტორები:
ა. არსებობა - წყალმომარაგება უნდა იყოს უწყვეტი და მოხმარებული წყლის რაოდენობა პირადი და საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის – საკმარისი;
ბ. ხარისხი - თითოეული ადამიანის მიერ მოხმარებული წყალი უნდა იყოს უსაფრთხო;
გ. ხელმისაწვდომობა - წყალი და წყალმომარაგების სისტემები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
ხელმისაწვდომობა მოიცავს შემდეგ ოთხ ასპექტს:
1. ფიზიკური ხელმისაწვდომობა;
2. ეკონომიკური ხელმისაწვდომობა;
3. არადისკრიმინაციულობა;
4. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.
ოქმი „ წყალი და ჯანმრთელობა“
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპის რეგიონის მოსახლეობის სასმელი წყალმომარაგების, სანიტარიული პირობების გაუმჯობესების და წყალთან დაკავშირებული დაავადებების პრევენციის მიზნით 1999 წლის 17 ივნისს გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრების მე-3 ევროპულ კონფერენციაზე ქ. ლონდონში ხელმოწერილი იქნა ”წყალი და ჯანმრთელობის ოქმი“. ოქმი წარმოადგენს პირველ საერთაშორისო შეთანხმების დოკუმენტს, რომელიც სპეციალურად იყო მიღებული მოსახლეობის შესაბამისი რაოდენობისა და ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა და თითოეული ადამიანისათვის ადეკვატური სანიტარიული პირობებით უზრუნველყოფისათვის. საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე წყლის რესურსებისა და წყალმომარაგების წყაროების გამოყენებისა და დაცვის, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სისტემების შემდგომი გაძლიერების ღონისძიებების გატარებისათვის, რომელიც უნდა ხორციელდებოდეს წყლის რესურსებისა და წყლის ეკოსისტემებთან დაკავშირებული საკითხების მართვის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით.
2014 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ოქმის ხელმომწერი 41 ქვეყნიდან მისი რატიფიცირება მოახდინა 27 ქვეყანამ, ხოლო საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ ოქმის ხელმომწერი ქვეყანაა, დღემდე არ მოუხდენია რატიფიცირება.
სხვა ვალდებულებები
მნიშვნელოვანია 2010 წელს იტალიის ქ. პარმაში გამართულ „გარემოსა და ჯანმრთელობის“ [6] მინისტრთა მეხუთე კონფერენციაზე მიღებული მიმართვა, რომლის თანახმადაც, ევროპაში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისათვის გატარებული ზომები მიმართული უნდა იყოს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და გარემოს მავნე ზემოქმედების შემცირებისათვის. პარმის დეკლარაციის პირველ, რეგიონულ პრიორიტეტულ მიზანში (RPG 1) გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებმა სურვილი გამოთქვეს 2020 წლისათვის უზრუნველყონ თითოეული ბავშვისათვის უვნებელ სასმელ წყალსა და ადეკვატურ სანიტარიულ პირობებზე ხელმისაწვდომობა სახლში, სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებში, სამედიცინო დაწესებულებებსა და სარეკრეაციო წყალსარგებლობის ადგილებში.
ჯანმო-მ საფუძველი ჩაუყარა გარემოსა და ჯანმრთელობის შესახებ (Environment and Health Information System, ENHIS)12,13 ევროპის საინფორმაციო სისტემის შექმნას, რომელმაც უნდა განახორციელოს მიზნობრივი, ჩატარებული ღონისძიებების შეფასება, დაადგინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედი პრიორიტეტული გარემო ფაქტორების ინდიკატორები და ჩაატაროს ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი.
დღეისათვის საქართველო არაერთი მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმების მონაწილეა და თითოეული შეთანხმება ქვეყანას გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ აიღო ვალდებულება, მოახდინოს მისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია და დანერგოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული გარემოსდაცვითი მიდგომები, რეგულაციები და რეკომენდაციები. აგრეთვე, მიუახლოვოს წყალთან დაკავშირებული კანონმდებლობა ევროკავშირის წყლის კანონმდებლობას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ვალდებულება აიღეს გააძლიერონ თავიანთი საქმიანობა, რათა გააუჯობესონ გარემო და ჯანმრთელობა საერთაშორისო, ეროვნულ და ქვეყნის რეგიონალურ დონეებზე. გარემოსა და ჯანმრთელობის მეექვსე მინისტერიალის კონფერენციის დეკლარაციის საშუალებით, რომელიც მიღებულ იქნა ჩეხეთის რესპუბლიკაში, ოსტრავაში 2017 წლის 13-15 ივნისს. ეს დოკუმენტი მოწოდებულია წევრი სახელმწიფოებისათვის როგორც გზამკვლევი, რათა მხარი დაუჭიროს ეროვნული პორტფელიოს შემუშავებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ხაზს უსვამს დეკლარაციის მიერ განხილული თემების მნიშვნელობას, წარმოადგენს მისაღწევ ამოცანებს პრიორიტეტებთან მიმართებაში და იძლევა მათ მისაღწევ აქტივობებს. ოსტრავას დეკლარაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი/ამოცანაა: უზრუნველყოს უსაფრთხო სასმელი წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საყოველთაო (უნივერსალური), სამართლიანი (თანაბარი) და მდგრადი ხელმისაწვდომობა ყველასათვის და ყველა დაწესებულებაში.
ოსტრავას მინისტერიალის მიდინარეობის დროს გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობის მესამე მინისტერიალის კონფერენციაზე (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, 1999) მიღებული ოქმი - წყლისა და ჯანმრთელობის შესახებ რეგიონის მთავარ ინსტრუმენტად იქნა აღიარებული, რათა მოხდეს პარმის უშუალო ვალდებულებების პროგრესული განხორციელება და ასევე მდგრადი განვითარების მიზნების SDR 3 -ის და SDG 6 -ის განხორციელება, პოლიტიკური ინსტრუმენტების შეთავაზებით ეროვნული წყლის, სანიტარიის და ჯანდაცვის სფეროში აქტივობების ხელშესაწყობად და კოორდინირებული ქმედებებებისათვის სხვადასხვა სექტორებში.
პროგრესის შეფასება ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში
წყალმომარაგებისა და სანიტარიის შესახებ
პროგრესის შეფასების მიზნით ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში წყალმომარაგებისა და სანიტარიის შესახებ, გაეროს ბავშთა ფონდისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის WHO/UNICEF ერთობლივი მონიტორინგის პროგრამა (JMP) „წყალმომარაგება და სანიტარია“, გვაწვდის ინფორმაციას მიზნების მიღწევის პროგრესის შესახებ, ასევე, უზრუნველყოფს მხარდაჭერას მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით ქვეყნის დონეზე ეფექტური მართვისა და დაგეგმვისათვის.
ცხრილი 1.პროგრესი ხელმისაწვდომობაზე სასმელ წყალსა და სანიტარიაზე (JMP,WHO და UNICEF 2015)
ა) გამოყენება სასმელი წყლის წყაროები (მოსახლეობა %-ში)
* JMP მიხედვით (WHO და UNICEF, 2015), "გაუმჯობესებული" სასმელი წყლის წყაროებად მიჩნეულია გარეგანი დაბინძურებისაგან დაცული წყაროები, განსაკუთრებით ფეკალური დაბინძურებისაგან და მიეკუთვნება წყალმომარაგების შემდეგი ტექნოლოგიები: ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემებიდან სახლში ონკანების მეშვეობით, ჭაბურღილი, დაცული ჭა, დაცული წყარო, შეგროვებული წვიმის წყალი.
ბ)გამოყენებული გაუმჯობესებული სანიტარული ობიექტები (მოსახლეობა %-ში)
კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ შესახებ
2007 წელს მიიღეს საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ შესახებ, რომლის შესაბამისად ქვეყანაში წყლის მართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები გადანაწილებულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას შორის.
კეთილსაიმედო და საკმარისი რაოდენობით უვნებელი სასმელი წყალი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყოველი ადამიანისათვის. იგი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რამდენადაც სასმელი წყლით გადაიცემა სხვადასხვა ინფექციური, პარაზიტული და არაინფექციური დაავადებები. წყლით გადამდები დაავადებები გამოვლინდება, როგორც ერთეული შემთხვევების, ასევე ეპიდაფეთქებების სახით. ახასიათებს სეზონური მიმდინარეობა. დაავადებათა შემთხვევები განსაკუთრებით მატულობს ზაფხულის ცხელ პერიოდში. წყლის ხარისხობრივი და უვნებლობის მაჩვენებლები მკვეთრად შეიძლება შეიცვალოს ამინდის გაუარესებისა და ისეთი საგანგებო სიტუაციების დროს, როგორიცაა: წყალმოვარდნა, წყალდიდობა, მეწყერი, გვალვა, მიწისძვრა და სხვა.
სასმელი წყალი
სასმელად გამოყენებული წყალი უნდა იყოს უსაფრთხო ჯანმრთელობისათვის და მისი ხარისხი შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 თებერვლის დადგენილება #58 „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრულ შემდეგ მაჩვენებლებს და მათ ნორმატიულ სიდიდეებს:
- ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები;
- მიკრობიოლოგიური, ვირუსოლოგიური და პარაზიტოლოგიური მაჩვენებლები;
- ქიმიური მაჩვენებლები (ზოგადი მაჩვენებლები, არაორგანული და ორგანული ნივთიერებები);
- რადიაციული უსაფრთხოების მაჩვენებლები;
- წყლის დამუშავების პროცესის შედეგად წარმოქმნილი მავნე ქიმიური ნივთიერებების ნორმატივები.
ქ. თბილისის წყალმომარაგების და წყალარინების მომსახურებას განახორციელებს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე. ხოლო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოს გაერთიანებული წყლამომარაგების კომპანიის მიერ ქვეყნის მასშტაბით, (ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) ინტენსიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და მშენებლობის, წყლის ხარისხის გაუმჯობესების სამუშაოები, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი დღევანდელ დღეს მაინც აქტუალურია, რადგან დასახლებული ადგილების წყალსადენებისა და გამანაწილებელი ქსელების უმეტესობა ჯერ კიდევ საჭიროებს გამოცვლას, კაპიტალურ ან/და მიმდინარე შეკეთებას და სხვ. რასაც ადასტურებს ამ სფეროში ქვეყანაში მიმდინარე პროექტები[7]. მდგომარეობას ამძიმებს აგრეთვე სასმელი წყლების არარაციონალური ხარჯვა და არცთუ იშვიათ შემთხვევებში მისი არამიზნობრივი გამოყენება.
ანალოგიური მდგომარეობაა სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის სფეროში და ადგილობრივი მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების სისტემებზეც. რასაც ადასტურებს 2011-2013 წლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტისა და გერმანიის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს ხელშეწყობით განხოციელებული “მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების სისტემების არსებული მდგომარეობის შეფასების“ პროექტის შედეგები, რითაც პრაქტიკულად გამოვლინდა ის პრობლემები, რომლებიც აფერხებენ ამ სისტემების არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას და მოსახლეობისათვის გაუმჯობესებული ხარისხის სასმელი წყლის მიწოდებას.ამას ემატება ისიც, რომ არცთუ იშვიათ შემთხვევებში ამ წყალსადენებს არ გააჩნიათ სანიტარიული დაცვის ზონები [8].
უკანასკნელ წლებში ქვეყნის მასშტაბით პრაქტიკულად არ ჩატარებულა წყალმომარაგების სისტემების (მათ შორის მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების) ინვენტარიზაცია და პასპორტიზაცია. უცნობია: ამ სისტემების რაოდენობა და სანიტარიულ-ტექნიკური მდგომარეობა, წყალმომზადების წესები და მეთოდები, მომსახურე პერსონალის სპეციალური მომზადების დონე. არ მიმდინარეობს: ამ სისტემებით მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხის სისტემური კონტროლი ან/და უწყვეტი მონიტორინგი, სასმელი წყლის გაუსნებოვნება (დაქლორვა), ან ეს პროცესი მიმდინარეობს არასწორად. აღნიშნულის გამო, ამ სისტემებიდან აღებული სასმელი წყლის სინჯების 67%-დან (დუშეთის რაიონი) 72% -მდე (მარნეულის რაიონი) დაბინძურებულია საერთო კოლიფორმული ბაქტერიებით, რაც თავისთავად სერიოზულ რისკს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით;
პრაქტიკულად მოუწესრიგებელია მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების სისტემების დაქვემდებარებისა და კუთვნილების საკითხი. დაბალია მოსახლეობის ცნობიერების დონე წყლის ჰიგიენისა და წყლით გადაცემადი დაავადებების განვითარების რისკ ფაქტორების შესახებ და სხვა.
პროექტის ფარგლებში ქართულ ენაზე გადაითარგმნა და გამოიცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ორი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც პროექტის ანგარიშთან ერთად განთავსებულია ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე:
- „Water Safety Plan Manual: Step-by-step risk management for drinking-water suppliers” “წყლის უსაფრთხოების გეგმის სახელმძღვანელო(წუგ), რისკის ეტაპობრივი მართვა სასმელი წყლის მიმწოდებლებისათვის”.
- „Water safety planning for small community water supplies: step-by-step risk management guidance for drinking-water supplies in small communities~. წყლის უსაფრთხოების გეგმა თემების წყალმომარაგების მცირე სისტემებისათვის.
2004 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) შეიმუშავა უვნებელი სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფის ეფექტური მიდგომები, სახელმძღვანელო მასალების „წყლის უსაფრთხოების გეგმის (წუგ)“ სახით. იგი წყალმომარაგების პროცესზე ორიენტირებული დაკვირვების პროცესია და მიზნად ისახავს წყალმომარაგების ყველა ეტაპზე „წყალაღებიდან მომხმარებლამდე” შესაძლო რისკების გამოვლენას, შეფასებასა და შესაბამისი ღონისძიებების დასახვით, ამ რისკების შემცირებასა და თავიდან აცილებას უმოკლეს დროში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წყლის რესურსების მართვასა და სასმელი წყლის მარაგების საკითხში. ეს შეიძლება მოიცავდეს კონკრეტულ რეკომენდაციებს, თემებისა და ოჯახური შინამეურნეობების სასმელი წყლის სისტემების პროექტირებას, განვითარებასა და ხარვეზების გამოსწორებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას სასმელი წყლის მომარაგების და წყლის ხარისხის შესახებ. ასეთი პროგრამები ჩვეულებრივად მოიცავს:
- წყლის ჰიგიენის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
- ძირითად ტექნიკურ მომზადებას და ტექნოლოგიების გადაცემას წყალმომარაგების გახორციელებისა და მართვის შესახებ.
- ტრეინინგ-პროგრამების ორგანიზებას წყალმომარაგების სფეროში მოქმედი სპეციალისტებისათვის წყლის რესურსების მართვის, კვლევების, შეფასების და თანამედროვე მიდგომების გასაცნობად.
- განხილვა და მიდგომების შემუშავებას, რათა გადალახულ იქნეს სოციალურ-კულტურული ბარიერები სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიღწევის გზაზე.
- მოტივაციას, მობილიზაციას და ქმედებებს სოციალური მარკეტინგის სფეროში.
- მუდმივი ხელშეწყობის სისტემას, თანმიმდევრულ ღონისძიებებს ინფორმაციის გავრცელებას სასმელი წყლის ხარისხის შესახებ, განსახორციელებელ პროგრამებს სასმელი წყლის ხარისხის მდგრადობის შესანარჩუნებლად.
- კოორდინაციის ჩამოყალიბებას სასმელი წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გაცვლისათვის სხვადასხვა უწყებებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელია სასმელი წყლის ხარისხის მართვასა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე.
სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდური ხელმძღვანელობით საქართველოში გახორცილა და კოორდინაცია გაწია სასმელი წყლისა და სანიტარიისა გლობალური ანალიზისა და შეფასების პროცესს (GLAAS 2016/2017). სასმელი წყლისა და სანიტარიის გლობალური ანალიზი და შეფასება (Global Analysis and Assessment of Sanitation and Drinking Water - GLAAS) წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წყლის ინიციატივას (UN-Water initiative), რომელსაც ახორციელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. გლობალურად GLAAS-ი აკონტროლებს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია წყლისა და ადექვატური სანიტარიის უზრუნველსაყოფად. GLAAS-ის პროცესი ხელს უწყობს მაქსიმალურად შესაძლო თანამშრომლობას და სინერგიას რეგიონალურ და გლობალურ ინიციატივებთან. საქართველო პირველად ჩაერთო GLAAS-ის შეფასებაში. საქართველოს მონაცემები შევიდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გამოცემაში, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე.
http://www.who.int/water_sanitation_health/monitoring/investments/glaas-2016-2017-cycle/en/
არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა ქვეყნის ზოგადსაგანამანათლებლო საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამელი წყლითა და სანიტარიული პირობებით უზრუნველყოფის სფეროშიც. რასაც ადასტურებს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით 2013 წელს საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სააგენტოს მიერ ქვეყნის 600 საჯარო სკოლაში სასმელი წყლით მომარაგების მდგომარეობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების კვლევის შედეგები. დადგინდა, რომ სკოლებში დღეისათვის არასახარბიელო მდგომარეობაა სასმელი წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) საერთაშორისო სტანდარტის ყველა ძირითადი პუნქტის მიხედვით. კერძოდ: ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით სარგებლობს საჯარო სკოლების მხოლოდ 70%. სკოლების 4% ქალაქად და 12% სოფლად სასმელი წყალმომარაგების ძირითად წყაროდ არაგაუმჯობესებულ[9] წყაროებს იყენებს[10]. სოფლის სკოლების 80%-ს წყალმომარაგების სისტემები შენობის გარეთ აქვთ განთავსებული, ხოლო 6%-ს საერთოდ არ გააჩნია ეს სისტემები. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, სადაც ყოველ მეოთხე სკოლას საერთოდ არ გააჩნია, ხოლო ზემო სვანეთის რეგიონში კი ყოველი მეათე სკოლა წყალმომარაგების ძირითად წყაროდ არაგაუმჯობესებულ8 წყაროებს იყენებს.
„წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების კვლევა საჯარო სკოლებში“ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელ-მისამართზე http://unicef.ge/kvlevebi_da_angarishebi/115
სანიტარია – სანიტარია სისუფთავისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა ერთობლიობა. დასახლებული ადგილების სანიტარიული დაცვა გულისხმობს ღონისძიებათა კომპლექსს, რომელთაგან მთავარია:
- ნიადაგის ბუნებრივი თვისებების დაცვა;
- ხელოვნური საფარის მოწყობა;
- ნიადაგის დაცვა ორგანული და არაორგანული ნივთიერებებითა და მათი გადანაყრებით გაბინძურებისაგან;
- დასახლებული ადგილების დასუფთავება;
- შენობებში კანალიზაციის მოწყობა.
არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა მუნიციპალური ჩამდინარე წყლების გაწმენდის სფეროშიც, რადგან გაუწმენდავი და არასაკმარისად გაწმენდილი მუნიციპალური ჩამდინარე წყლების 75% საქართველოში ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი წყაროა. ბიოლოგიური ტიპის გამწმენდი ნაგებობები ფუნქციონირებენ მხოლოდ 2 ქალაქში (საჩხერე, ბათუმი). ხოლო ქქ. თბილისი-რუსთავის რეგიონულ გამწმენდი ნაგებობა კი უზრუნველყოფს მხოლოდ ჩამდინარე წყლების პირველად, მექანიკურ გაწმენდას. გამწმენდი ნაგებობის მფლობელს („ჯორჯიან უოტერ&პაუერი“) ვალდებულება აქვს 2018 წლამდე ჩაატაროს გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია.
[1] 2011 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით პაქტი, რატიფიცირებულია 160 ქვეყნის მიერ. საქართველო პაქტს შეუერთდა 1994 წელს.General comments No.15 to the UN International Covenant “On Economic, Social and Cultural Rights”1, adopted in 1966 at the UN General Assembly.
[2] http://www.who.int/water_sanitation_health/hygiene/en/
[3] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs310/en/index.html
[4] http://www.csrdg.ge/upload/editor/file/biuletenebi/117/wkali.pdf „წყალი და ჯანმრთელობის პრობლემები საქართველოში“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.ბიულეტენი #117, 2010. http://www.csrdg.ge/upload/editor/file/biuletenebi/117/wkali.pdf
[5] 2011 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით პაქტი, რატიფიცირებულია 160 ქვეყნის მიერ. საქართველო პაქტს შეუერთდა 1994 წელს.General comments No.15 to the UN International Covenant “On Economic, Social and Cultural Rights”1, adopted in 1966 at the UN General Assembly.
[6]გარემოსა და ჯანმრთელობის მინისტრთა მე-5 კონფერენცია ქ.პარმა, იტალია, 2010 წელი. http://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0011/78608/E93618.pdf
[7] http://water.gov.ge/geo/about-us/company
[8] მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების სისტემების არსებული მდგომარეობის შეფასება დუშეთისა და მარნეულის რაიონებში,
თბილისი 2013. http://www.ncdc.ge/uploads/publications/angarishebi/mciremasStabiani_wyalmomaragebis_sistemebi.pdf
[9] JMP Progress on Sanitation and Drinking-Water 2013 Report, page 12-13.
[10] ჰიგიენური პირობების კვლევა საჯარო სკოლებში. საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფტასტრუქტურის განვითარების ეროვნული სააგენტო, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისი, საქართველო, 2013.
http://unicef.ge/uploads/_-___.2013.pdf