Logo

ევროპის იმუნიზაციის კვირეული 26 აპრილი 2 მაისი, 2021

title ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული ოფისი 26 აპრილი – 2 მაისს აღნიშნავს იმუნიზაციის მე–16 ევროპულ კვირეულს (EIW). კვირეულის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება რუტინული ვაქცინაციის წვლილზე ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ასევე, აქცენტი გაკეთდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საშუალებაზე, რომელიც დაგვეხმარება პანდემიის დასრულებაში.

საქართველო 2007 წლიდან  აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და წელსაც, ტრადიციულად, უერთდება ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნებს და კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას თუ რა მნიშვნელობა ენიჭება იმუნიზაციას მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის სლოგანია: ვაქცინაცია გვაახლოებს!

 

მთავარი მესიჯები:

·         ვაქცინაცია გვეხმარება

o   თავიდან ავიცილოთ ისეთი დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სიკვდილი ან შეუქცევადი უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მის მომავალზე

o   ჯანმრთელი ოჯახების და ჯანმრთელი სიბერის უზრუნველყოფაში

o   თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა სახეობის კიბო

o   შევამციროთ ანტიმიკრობული რეზისტენტობის საფრთხე

 

·         COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

o   COVID-19-ის საწინააღმდეგო  ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ეფექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებაა. არავინ არის დაცული, სანამ ყველა არ იქნება დაცული.

o   წითელას შემთხვევები 2020 წელს განსაკუთრებით დაბალი იყო. ამ წარმატების შესანარჩუნებლად აუცილებელია რუტინული ვაქცინაციით მაღალი  მოცვა.

o   COVID-19 პანდემიამ დაგვანახა იმუნიზაციის მნიშვნელობა - მოდით, სრულად გამოვიყენოთ იმუნიზაციის არსებული პოტენციური სარგებელი.

o   თუ COVID-19-ის პანდემიის გამო, უგულვებელვყოფთ/დავივიწყებთ რუტინულ იმუნიზაციას, მიღებული შედეგები პანდემიის დასრულების შემდგომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეგვიქმნის პრობლემებს.

 

·         ჯანმრთელობის დაცვა

o   რუტინული ვაქცინაციის სერვისები უნდა შენარჩუნდეს პანდემიის დროსაც - ყველა ბავშვს აქვს უფლება იყოს ჯანმრთელი!

o   გახდი გმირი, ჩაიტარე ვაქცინაცია შენთვის, შენი ოჯახისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის.

o   იმუნიზაცია ევროპის ქვეყნების არჩევანი და ჯანდაცვის ფლაგმანი პროგრამაა.

o   იმუნიზაცია სიცოცხლის ყველა ეტაპზე ჯანმრთელობის დაცვის საუკეთესო არჩევანია.

o   ისინი, ვინც ვაქცინაციის მიღებისას ბარიერებს აწყდებიან, ხშირად სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებშიც უმეტესწილად ვითარდება დაავადების ყველაზე  სერიოზულ გართულები.

 

იმუნიზაციის პროგრამა საქართველოში

საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება #01-60/ნ,2019წ). იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულად უზრუნველყოფს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინების შესყიდვას და 13 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, ადამიანის პაპილომავირუსი, როტავირუსული, და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში 2000 წლიდან დღემდე დაინერგა 7 ახალი ვაქცინა, მათ შორის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით,  2019 წლიდან დაიწყო 9-11 წლის გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაცია.

2017-2019 წლებში ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით და წითელას და წითურას მასიური გავრცელების პრევენციისა და გლობალური ელიმინაციის სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად, სახელმწიფო უზრუნველყოფს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების წითელას საწინააღმდეგო ერთჯერად ვაქცინაციას. წითელასა და სხვა ვაქცინებით მართვადი დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება (#01-6/ნ, 2019) „სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“. ბრძანების ამოქმედება ხელს უწყობს  მოსახლეობაში იმუნური ფენის შექმნას და, შედეგად,  ამცირებს გადამდები დაავადებების გარცელებას, ხელს შეუწყობს კონტროლის ღონისძიებების წარმატებულად განხორციელებას სამედიცინო დაწესებულებებში და ბავშვთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას საგანმანათლებლო - სააღმზრდელო დაწესებულებებში.

მოსახლეობისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნა პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის    მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებით მშობელს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს ინფორმაცია როგორც საკუთარი, ასევე შვილის/შვილების აცრის სტატუსის, აცრების ჩატარების რეკომენდებული ასაკისა და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებ. მობილური აპლიკაციის ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა მომავალი აცრების თარიღის შეხსენება და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება/ბეჭდვა მობილური ტელეფონის საშუალებით.

ახალმა კორონავირუსმა (SARS-CoV-2) და მის მიერ გამოწვეულმა დაავადებამ (COVID-19) კაცობრიობა უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა, რადგან პანდემიამ ადამიანების დანაკარგთან ერთად უპრეცენდენტო ეკონომიკური დანახარჯები გამოიწვია. COVID-19-თან გამკლავება ყველა ქვეყნის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი გახდა.

კრიზისული გარემო პირობები უარყოფითად აისახა ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელზე ვაქცინაციის პროგრამის უწყვეტი მიმდინარეობის მიუხედავად, როგორც ქვეყნის, ასევე გლობალური მასშტაბით. აღნიშნული კი უდიდესი გამოწვევაა, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესის შეფერხება გამოიწვევს მოსახლეობის იმუნიტეტის დაქვეითებას, ვაქცინაციით მართვადი ინფექციების  ეპიდაფეთქებების პოტენციური რისკის ზრდას და, შესაბამისად, დაავადებების მასშტაბურ გავრცელებას.

მნიშვნელოვანია კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) პანდემიის პროცესში, ბავშვთა რუტინული აცრების პროცესი შეუფერხებელად განხორციელდეს; მისი უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით კი განსაკუთრებული როლი  პირველადი რგოლის სამედიცინო პერსონალს და მშობლებს ენიჭებათ.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პანდემიის დასრულების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. დღეისათვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა და უახლესი მონაცემებით ვაქცინის 1 მილიარდზე მეტი დოზაა უკვე ადმინისტრირებული.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეტაპობრივი დანერგვა პრიორიტეტულ ჯგუფებში დაიწყო 2021 წლის 15 მარტს. 2021 წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. დღეისათვის უკვე ჩატარდა 37 590 აცრა; სრულად ვაქცინირებულია 2 254 ადამიანი.

ვაქცინაცია დასრულებს პანდემიას!

ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა!

არ მივცეთ COVID-19-ს უფლება დაგვაშოროს!

ჩაიტარეთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანებისა და საზოგადოების დასაცავად!

ვაქცინაცია გვაახლოვებს!