Logo

ტრენინგი: სისხლის წარმოების ხარისხის მართვა

title

ტრენინგი: სისხლის წარმოების ხარისხის მართვა

სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „Global Healing”-თან ერთობლივად, აღნიშნულ ორგანიზაციასთან 2011 წლის 3 აგვისტოს გაფორმებული „საქართველოში სისხლის უსაფრთხოების ეროვნული სამსახურის გაუმჯობესების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, გეგმავს დისტანციური (ონლაინ) სასწავლო კურსის ჩატარებას ქვეყანაში მოქმედი სისხლის სამსახურების/ბანკების პროფესიული კადრების მზადების მიზნით. ტრენინგის თემატიკა მოიცავს სისხლის წარმოების ხარისხის მართვის საკითხებს, როგორიცაა: კარგი საწარმოო პრაქტიკა (GMP), სისხლის და სისხლის კომპონენტების წარმოება, ხარისხის მართვის პრინციპები, პერსონალი, დოკუმენტაციის წარმოება, აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურება, მასალების და რეაგენტების მართვა, დონორთა სკრინინგი და დონორთა ჯანმრთელობის დაცვა და შენარჩუნება. სასწავლო კურსში მონაწილეობას მიიღებენ 14 მოქმედი ლიცენზირებული სისხლის სამსახურის/ბანკის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ცენტრის წარმომადგენლები (სულ 100-მდე მონაწილე). ტრენინგები ჩატარდება როგორც ცენტრის, ასევე სისხლის ბანკების ბაზებზე. ტრენინგი ჩატარდება „Global Healing”-ის ტრენერის მიერ და უზრუნველყოფილი იქნება როგორც ლექციების, ასევე გამოყენებული სასწავლო მასალის (powerpoint-ის სლაიდები) თარგმანი ქართულ ენაზე. ლექციები განთავსდება ვიდეო-ჩანაწერების სახით Youtube-ზე (https://www.youtube.com/watch?v=yydl1xqYi34), რომლის დასრულების შემდეგ, ტრენერი და მონაწილეები გააგრძელებენ თემატიკის განხილვას შესაბამისი ონლაინ პლატფორმის (zoom.us) საშუალებით, კითხვა-პასუხის რეჟიმში. სასწავლო კურსი დაიწყება მიმდინარე წლის 17 სექტემბერს და დასრულდება 12 ნოემბერს (ტრენინგის მთლიანი ხანგრძლივობა შეადგენს 9 კვირას, კვირაში ერთი დღე). სასწავლო კურსის შედეგები შეფასდება პედაგოგის ვიზიტით საქართველოში და ტრენინგის შედეგების ადგილზე აუდიტით (სავარჯიშოს ჩატარება). სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.