Logo

ევროპის იმუნიზაციის კვირეული 23 - 29 აპრილი, 2018

title


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის 23 - 29 აპრილის  პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო 2007 წლიდან  აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.

ხედვა და მიზანი

“ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისგან თავისუფალი ევროპის რეგიონი, სადაც ყველა ქვეყანა უზრუნველყოფს თანაბარ წვდომას მაღალი ხარისხის, უსაფრთხო ვაქცინებსა და იმუნიზაციის სერვისებს მთელი ცხოვრების მანძილზე“.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის იმუნიზაციის  მნიშვნელობის  შესახებ. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება  იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტების,   პოლიტიკოსების და  სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

ძალზე მნიშვნელოვანია იმუნიზაციის მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნება, რათა თავიდან ავიცილოთ ვაქცინით მართვადი გადამდები დაავადებების აღმოცენების და გავრცელების რისკი. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას იცხოვროს ჯანმრთელადვაქცინაცია კი ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპის რეგიონული სამოქმედო გეგმის (EVAP, 2015-2020) განხორციელების პროცესში; გეგმა შემუშავებულია ვაქცინების გლობალური სამოქმედო გეგმის საფუძველზე (GVAP, SIXTY-FIFTH WORLD HEALTH ASSEMBLY WHA65.17) და მისი მიზანია მართვადი ინფექციების აღმოფხვრა/ელიმინაცია ვაქცინაციის საშუალებით. გეგმის შესაბამისად ევროპის რეგიონი უნდა გათავისუფლდეს მართვადი ინფექციებისაგან, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი ფასის ვაქცინებთან და, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, თანასწორი და უნივერსალური იმუნიზაციით მომსახურებასთან მთელი სიცოცხლის მანძილზე. გლობალური სამოქმედო გეგმა ვაქცინებთან მიმართებაში თანხვედრაშია  ‘ჯანმრთელობა 2020’ პროგრამის („Health 2020: European policy framework supporting action across government and society for health and well-being”)  ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებსა  და კონცეფციებთან.

2015 - 2020  წლებისათვის რეგიონული  სამოქმედო გეგმის  მიზნებია:

          პოლიომიელიტისგან თავისუფალი სტატუსის შენარჩუნება;

          ჰეპატიტი B-ს ინფექციის კონტროლი;

          ვაქცინაციით მოცვის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა რეგიონის წევრ–ქვეყნებში ყველა ადმინისტრაციული ერთეულის დონეზე;

          მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება ახალი ვაქცინების დანერგვის მიზნით;

          იმუნიზაციის ეროვნული პროგრამების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა.

იმუნიზაციის პროგრამა საქართველოში

საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #01-57/ 19.11.2015). იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულად უზრუნველყოფს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინების შესყიდვას და 12 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში  2000 წლიდან დღემდე დაინერგა 7 ახალი ვაქცინა. ასევე, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით,  2017 წლიდან  ქალაქებში   თბილისსა და  ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში დაიწყო 2008-2009 წლებში დაბადებული გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაციის პილოტური პროგრამა.

ვაქცინების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შეისყიდის მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს.

მსოფლიოში იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი განხორციელების შედეგად მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა

-                     მსოფლიოში ყოველწლიურად ბავშვთა მოსახლეობის ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის, დიფთერიის, ტეტანუსის, ყივანახველას და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით გადარჩეილია 2,5 მილიონამდე სიცოცხლე, ხოლო B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით კი  600 000 ადამიანის სიცოცხლე;

-                     ვაქცინაციის საშუალებით 2000 - 2016 წლების განმავლობაში წითელათი გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა 84%-ით.  აღნიშნულ პერიოდში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით გადარჩენილი იქნა  20 მილიონზე მეტი სიცოცხლე;

-                     2016 წლის ბოლოსთვის  ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b-ს კომპონენტიანი ვაქცინა დაინერგა 191 ქვეყანაში, აცრების სამდოზიანი კურსი ჩაუტარდა ბავშვების  70%-ს;

-                     2016 წლის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით 1 წლამდე ასაკის  ბავშვების დაახლოებით 86%-ს ჩაუტარდა დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსის საწინააღმდეგო სამჯერადი ვაქცინაცია;

-                     186 ქვეყანაში დაინერგა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. აცრების სამდოზიანი კურსი ჩაუტარდა წლამდე ასაკის ბავშვების  84%-ს.  ასევე, 101 ქვეყანაში დაინერგა ახალშობილთა  B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია,  სიცოცხლის პირველი 24 საათის განმავლობაში აიცრა ახალშობილთა  39%;   

-                     1988-2017 წლების პერიოდში პოლიომიელიტის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა 99%-ით. პოლიომიელიტის გლობალური ერადიკაციის ფარგლებში,  16 მილიონამდე ადამიანია გადარჩენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევვებისაგან. დაავადების გავრცელება შეჩერებულია ყველა ქვეყანაში, ავღანეთის, პაკისტანისა და ნიგერიის გარდა. პოლიომიელიტის საწინააღმდეგო სამჯერადი ვაქცინაცია ჩაუტარდა  1 წლამდე ასაკის ბავშვების 85%-ს;

-                     როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა  90 ქვეყანაში, მოცვის მაჩვენებელმა შეადგინა  25%;  

-                     პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა 134 ქვეყანაში, მოცვის მაჩვენებელმა შეადგინა  42%.


 მიუხედავად ამ წარმატებებისა, საჭიროა უფრო მეტის გაკეთება, რადგან

-                     მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება  ვაქცინებით მართვადი ინფექციებისაგან, აქედან 1,5 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვია;

-                     დაახლოებით 19 მილიონ ბავშვს არ ჩაუტარდა დიფთერია - ყივანახველა - ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;

-                     შეფასებებით, 250 მილიონზე მეტი ადამიანი  დაინფიცირებული B ჰეპატიტის ვირუსით;

-                     ევროპის რეგიონში  წითელას კომპონენტიანი ვაქცინის პირველი დოზით მოცვა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შემცირდა 95%- დან  93%-მდე;

-                     ჯანმოს ევროპის რეგიონში 2017 წელს დაფიქსირდა წითელათი დაავადების 

21 315  და გარდაცვალების 35 შემთხვევა;

-                     2018 წელს რუმინეთში დაფიქსირდა წითელას  1 709 შემთხვევა  (9 გარდაცვალება),  საფრანგეთში  - 1 547 (1 გარდაცვალება)იტალიაში  - 411 (2 გარდაცვალება), საბერძნეთში - 1 532 (1 გარდაცვალება);

-                     2018 წელს   წითელას 10 000-მდე   და 7  გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირდა უკრაინაში.  ასევე ეპიდაფეთქებები მიმდინარეობს ბელორუსიაში,  სერბეთში, თურქეთში,  რუსეთში (500 შემთხვევა).

საქართველოში 2017 წელს დაფიქსირდა წითელას 94 შემთხვევა. შემთხვევების 13% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 33%  - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე.

2018 წელს დღემდე დარეგისტრირებულია  512 შემთხვევა.  შემთხვევების 14%   მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 33% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე.

გზავნილი 1 - წითელა  და წითურა

ჯერ კიდევ რჩება ადრეული ასაკის ბავშვთა გარდაცვალების ერთერთ ძირითად მიზეზად,  მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.

საქართველოში პროფილაქტიკური აცრების კალენდრის შესაბამისად, წითელას  საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაცია ტარდება 12 თვის და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით.

ქვეყანაში მიმდინარე ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით, წითელას და წითურას მასიური გავრცელების პრევენციისა და გლობალური ელიმინაციის სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად, სახელმწიფო უზრუნველყოფს წითელას და წითურას საწინააღმდეგო იმუნოპროფილაქტიკას წწყ ვაქცინით (მოქმედი დოკუმენტი -  წითელას და წითურას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით ეპიდჩვენებით იმუნოპროფილაქტიკის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ  - დკსჯეც გენერალური დირექტორის  ბრძანება 01/02/2018, #06-15/ო):

•        15 წლამდე ასაკის  არასრულად აცრილი ან აუცრელი ბავშვების ვაქცინაცია;

•    15 - 41 წლამდე ასაკის პირების ერთჯერადი ვაქცინაცია აცრის   სტატუსის  გათვალისწინებით;

•      სამედიცინო პერსონალის ერთჯერადი ვაქცინაცია;

•   წითელას სავარაუდო შემთხვევის გამოვლენისას, ოჯახისა და ორგანიზებული    კონტაქტების ერთჯერადი ვაქცინაცია აცრის სტატუსის გათვალისწინებით;

•   საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტის ერთჯერადი ვაქცინაცია.

-         წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა!

-         ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა! შეაჩერე წითელას გავრცელება საქართველოში - არ გადადო, აიცერი!

გზავნილი 3 –  ადამიანის პაპილომავირუსის  (აპვ)  საწინააღმდეგო ვაქცინაცია

 - საშვილოსნოს ყელის კიბო სიმსივნურ დაავადებებს შორის სიხშირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო  მეხუთე ადგილზე - ევროპის რეგიონში;

 -  ევროპის რეგიონში საშვილოსნოს ყელის კიბოს 67 000-ზე მეტი და 28 000 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული;

 -  საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რაც კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 2.7%-ს შეადგენს;

- საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ქალთა შორის მესამე ადგილზეა ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ;

 2017 წლიდან  ქალაქებში   თბილისსა და  ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში დაიწყო 2008-2009 წლებში დაბადებული გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაციის პილოტური პროგრამა.

აცერი და დაიცავი შენი გოგონას ჯანმრთელობა დღესვე!

გზავნილი 3 - დროული ვაქცინაცია

ყველა ბავშვი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას იცხოვროს ჯანმრთელად.  ვაქცინაცია კი ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

გახსოვდეთ, რომ იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი – სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი! ამ შემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისგან, რომლის საწინააღმდეგოდ ჩაუტარდა აცრები.

ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება. ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.

 

ვაქცინები მოქმედებს!                                                                   აცერი და დაიცავი!