Logo

ტეტანუსი

title

1.ზოგადი მიმოხილვა _ ტეტანუსი მეტად მძიმე მწვავე ინფექციური დაავადებაა, ხასიათდება ჩონჩხის კუნთების გენერალიზებული რიგიდობითა და კრუნჩხვით. მას ჭრილობის ინფექციას უწოდებენ.

კლინიკის მიხედვით არჩევენ ადგილობრივ და გენერალიზებულ ტეტანუსს. თუ ვერ დგინდება ინფექციის შეჭრის ადგილი, ტეტანუსს კრიპტოგენულს უწოდებენ. ადგილობრივი ტეტანუსი იშვიათია, ძირითადად გვხვდება ტეტანუსის გენერალიზებული ფორმა. 

დაავადების მიმდინარეობაში არჩევენ სამ ფორმას: დასაწყისი, განვითარება და გამოსავალი. იშვიათად დასაწყისამდე შეიძლება გამოიხატოს პროდრომული ნიშნები ჭრილობის ირგვლივ კუნთების მცირე დაძაბულობისა და მტკივნეულობის, აგრეთვე თავის ტკივილისა და ოფლიანობის სახით.

დაავადება  ძირითადად სწრაფად იწყება. დაავადების პათოგნომური ნიშანია ტრიზმი საღეჭი კუნთების დაჭიმვის გამო ავადმყოფს უჭირს პირის გაღება და ღეჭვა, ასევე დამახასიათებელია ე.წ. „სარდონიკული ღიმილი“. ავადმყოფს უნაოჭდება შუბლი, უვიწროვდება თვალის ნაპრალი, რაც დამცინავი ღიმილის შთაბეჭდილებას ტოვებს. თანდათანობით გამოვლინდება მთელი სხეულის კუნთოვანი აპარატის დაძაბვა და კრუნჩხვები. წელისა და ზურგის კუნთების დაჭიმვა იმდენად ძლიერია, რომ ავადმყოფი საწოლს მხოლოდ თავითა და მენჯით ეხება. ეს ე.წ. ოპისტოტონუსის პოზაა. მუდმივი ტონური კრუნჩხვების გამო კუნთები ძლიერ მტკივნეულია, ავადმყოფს უჭირს მოძრაობა. ტონური კრუნჩხვის გარდა, პერიოდულად ვითარდება ტეტანური (კლონური) კრუნჩხვები, რასაც ხელს უწყობს მცირედი გაღიზიანებაც (სინათლის შუქი, ხმაური და სხვა) კი. ტეტანური კრუნჩხვის დროს ოპისტოტონუსი ძლიერდება გამოიხატება ყველა კუნთის კონტური.

 

ოპისტოტონუსი ტეტანური კრუნჩხვისას

 

„სარდონიკული“ ღიმილი და ტრიზმი ტეტანური კრუნჩხვისას

      

ნეონატალური ტეტანუსის შემთხვევაში ახალშობილს სიცოცხლის პირველი ორი დღის განმავლობაში ახასიათებს წოვისა და ტირილის ნორმალური უნარი, სიცოცხლის 3-28 დღის ასაკში წოვის შეწყვეტა და გაშეშების ან კლონური კრუნჩხვების (მათ შორის კუნთების კრთომა) ან ორივე სიმპტომის განვითარება.

 


 

გართულებები _ დაავადების ადრეულ პერიოდში დამახასიათებელია ბრონქიტი, ასპირაციული და ჰიპოსტაზური პნევმონია; მოზრდილებში ინფარქტი, გულის კუნთის დამბლა, ჰიპერტონია, ლარინგოსპაზმი, ფილტვის ემბოლია. მწვავე პერიოდშივე შესაძლოა განვითარდეს კუნთების გახლეჩა ან/და ძვლების მოტეხილობა.

პროგნოზი სერიოზულია, ლეტალობა 40-50%-ია. ახალშობილებსა და მშობიარეებში ლეტალობა 90-100%-ს აღწევს.

 

2. გამომწვევი აგენტი _ გრამდადებითი ჩხირი Clostridium tetani, ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. იგი ანაერობული მიკრობია, ჟანგბადიან გარემოში მოხვედრისას წარმოქმნის სპორებს. სპოროვანი ფორმა ძლიერ გამძლეა და ბუნებაში არახელსაყრელ პირობებში  ათეულობით წლები ძლებს.

     ანაერობულ (უჯანგბადო) გარემოში მოხვედრისას ტეტანუსის ჩხირი სპოროვანი ფორმიდან გადადის ვეგეტატიურ ფორმაში. ამ მდგომარეობაში იგი გამოიმუშავებს ძლიერ ეგზოტოქსინს, რომელიც სიძლიერით ბოტულიზმის ტოქსინის შემდეგ მეორე ადგილზეა. არჩევენ ტეტანუსის ტოქსინის სამ ფორმას: ტეტანოსპაზმინი, ანუ ნეიროტოქსინი (აზიანებს ნერვული სისტემის მამოძრავებელ ნეირონებს და იწვევს კრუნჩხვებს), ტეტანოჰემოლოზინი (იწვევს ერითროციტების ლიზისს) და ე.წ. ტოქსინის დაბალმოლეკულური ფრაქცია, რომელიც აძლიერებს ტეტანოსპაზმინის მოქმედებას.

 

3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები _ ტეტანუსის გამომწვევი მიკრობებით დაინფიცირების ძირითადი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაკავებული მიწათმოქმედებით და შინაურ ცხოველთა მოვლით, ასევე ნებისმიერი პირი, რომელსაც ავარიის ან სხვა ნებისმიერი ტრავმის შედეგად  დაუზიანდება სხეულის საფარველი. 

 

4. რეზერვუარი _ ტეტანუსის  დაავადების გამომწვევი კლოსტრიდიების ძირითად რეზერვუარს შეადგენენ ბალახისმჭამელი შინაური და გარეული ცხოველები, უფრო იშიათად ადამიანი (5-40%). ეს მიკრობები ნაწლავებში ბინადრობენ ვეგეტატიური ფორმების სახით, ცხოველმყოფელობისას მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არ შეიწოვება, ამიტომ ალიმენტური გზით ადამიანი არ ავადდება. ტეტანუსის გამომწვევი ჩხირები განავალთან ერთად ვეგეტატიური ფორმის სახით გამოიყოფიან და ნიადაგში წარმოქმნიან სპორებს, რომლებიც ბუნებაში ათეულობით წლები ძლებს.

   

5. გადაცემის გზა _ ტრავმის, დამწვრობის, მოყინვის, ელექტროტრავმების და სხვა მიზეზით დაზიანებული კანის საფარველიდან ან ლორწოვანი გარსიდან ჭრილობაში მოხვედრილი ტეტანუსის სპორები  ხელაყრელ პირობებში (უჯანგბადო არე) გადადიან ვეგეტატიურ ფორმაში, იწყებენ ცხოველმყოფელობას. ტეტანუსის გამომწვევით დაინფიცირება შესაძლებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარების დროსაც, როცა ჭრილობის გაკერვა ხორციელდება კეტგუტის ძაფით (კეტგუტის ძაფი მზადდება ცხოველის ნაწლავისგან).

 

6. ინკუბაციური პერიოდი _ 3-დან 30 დღემდეა, ძირითადად 6-14 დღე. რაც უფრო ხანმოკლეა ინკუბაციური პერიოდი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება და გამოსავალიც უფრო სავალალოა. ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია როგორც მიკრობთა გამრავლებისა და ტოქსინის წარმოშობის ინტენსივობაზე, ასევე მაკროორგანიზმის მდგომარეობაზე ინფიცირების მომენტში.

 

7. მიმღებლობა - საყოველთაო. დაავადების გადატანის შემდეგ იმუნიტეტი არამყარია. მყარი იმუნიტეტი ყალიბდება სრული იმუნიზაციის შემდეგ და ნარჩუნდება 10 წლის განმავლობაში. სრულად იმუნიზირებული დედებისგან ახალშობილები იძენენ პასიურ იმუნიტეტს, რომელიც მათ იცავს ნეონატალური ტეტანუსისგან.

 

8. გადამდებლობის პერიოდი - ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა არ ხდება.

 

9.კონტროლის ღონისძიებები     

ა) პრევენციული ღონისძიებები

ტეტანუსის პროფილაქტიკის ძირითად მიმართულებად მიჩნეულია ბავშვებში ტეტანუსის კომპონენტის შემცველი ვაქცინით იმუნიზაციის მაღალი მოცვა (>90%) და მისი შენარჩუნება,  რევაქცინაციის ჩატარება უფროსი ასაკის პირისთვის 10 წლის ინტერვალით. ტრავმებისა და ჭრილობების შემთხვევაში ზოგჯერ საჭირო ხდება სასწრაფო ღონისძიებების გატარება ანატოქსინით ან/და ანტიტოქსიური შრატით.

 

ტეტანუსის პროფილაქტიკის სქემა ტრავმებისა და ჭრილობების შემთხვევაში

 

აქტიური იმუნიზაციის ანამნეზი

ტეტანუსის ვაქცინა

ანტიტოქსიური შრატი ან იმუნოგლობულინი

მცირე ჭრილობა*

სხვა ჭრილობები

უცნობია

დიახ

არა

დიახ

არჩატარებია

დიახ

არა

დიახ

სამ დოზაზე ნაკლები

დიახ

არა

დიახ***

სამ დოზაზე მეტი

არა**

არა

არა

 

ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი

ტეტანუსის კლინიკური შემთხვევის დაფიქსირებისთანავე სასწრაფო შეტყობინების წესით 1-48 საათის განმავლობაში შემთხვევის შესახებ უნდა ეცნობოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს.

კონტაქტში მყოფი პირები კონტროლს არ ექვემდებარებიან.

 

გ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა - სოციალური კრიზისების (სამხედრო კონფლიქტები, არეულობა) და ბუნებრივი კატასტროფების (წყალდიდობა, ქარიშხალი, მიწისძვრა) დროს იზრდება ტრავმული დაზიანებები, რაც შესაბამისად ზრდის ტეტანუსის რისკს.

 

დ) საერთაშორისო ღონისძიებები - იმუნიზაცია საერთაშორისო მოგზაურთათვის.

 

 

 

______________________________________________

* ახალი, დაუბინძურებელი მცირე ჭრილობა, ტეტანუსის მიკრობით ინფიცირების ნაკლები შესაძლებლობით.

**  ანატოქსინი არ კეთდება, თუ ვაქცინის ბოლო დოზის შეყვანიდან გასულია 10 წელზე ნაკლები, დიდი ჭრილობის შემთხვევაში კი 5 წელზე ნაკლები.

*** გარდა იმ პირებისა, რომელთაც მიღებული აქვთ ტეტანუსის ანატოქსინის 2 დოზა მაინც, ხოლო ჭრილობა ახალია და ტეტანუსის მიკრობით ინფიცირების რისკი დაბალია.

შენიშვნა: ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას პრეპარატზე თანდართული ინსტრუქცია.

 

 

http://www.cdc.gov/tetanus/clinicians.html

http://www.wpro.who.int/mediacentre/factsheets/fs_20120307_tetanus/en/

http://www.privivka.ru/ru/illness/?id=7