title
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
1. რას წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები?
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს მიეკუთვნება:
▫ პირის ღრუს, სანერწყვე ჯირკვლებისა და ყბების ავადმყოფობები
▫ საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ავადმყოფობები
▫ ჭია ნაწლავის ავადმყოფობები
▫ თიაქარი
▫ არაინფექციური ენტერიტები და კოლიტები
▫ ნაწლავების სხვა ავადმყოფობები
▫ პერიტონეუმის ავადმყოფობები
▫ ღვიძლის ავადმყოფობები
▫ ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის ავადმყოფობები
▫ საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ავადმყოფობები[i]
საჭმლის მონელების მნიშვნელოვანი ასპექტებია:
▫ საჭმლის მონელების საშუალებით საკვები იშლება საკვებ ნივთიერებებად, რომელსაც ორგანიზმი გამოიყენებს ზრდა-განვითარებისა და უჯრედების შენებისათვის.
▫ კუჭ-ნაწლავის (გასტრო-ინტესტინულ) ტრაქტში გადაადგილებისას საკვებს ერევა საჭმლის მომნელებელი წვენები, რომლებიც საკვებს შლიან მცირე მოლეკულებად, ხოლო ეს მოლეკულები, წვრილი ნაწლავის კედლის გავლით, ხვდება სისხლძარღვებში, საიდანაც გადაიტანება მთელ ორგანიზმში.
▫ წვრილი ნაწლავი შეიწოვს მონელებული საკვები მოლეკულების უდიდეს ნაწილს, წყალს და მინერალებს, რომლებიც იგზავნება შემდგომი ქიმიური გარდაქმნისათვის ან სხეულის რომელიმე ნაწილში შესანახად.
▫ მონელების პროცესი კონტროლდება ნერვული და ჰორმონული რეგულატორების საშუალებით.[ii]
- 2. რატომ არის საყურადღებო საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები?
საქართველოში გავრცელების მიხედვით, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები მესამე ადგილს იკავებს (დაახლოებით 15-17% საერთო ავადობაში), ახალი შემთხვევების სიხშირის მიხედვით კი - მეორე ადგილზეა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია: პირის ღრუს სანერწყვე ჯირკვლებისა და ყბების დაავადებები, საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები და ნაღვლის ბუშტის სანაღვლე გზებისა და პანკრეასის ავადმყოფობები. დაავადებათა ქვეჯგუფებიდან მაღალი პრვალენტობით გამოირჩევა ქოლეცისტიტი და ქოლელითიაზი (1119,4), გასტრიტი და დუოდენიტი (996,8) და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული (455,4). საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებიდან მაღალი ლეტალობით გამოირჩევა ღვიძლის ავადმყოფობები, პერიტონიუმის ავადმყოფობები და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები.
ვინაიდან საქართველოში საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებიდან მაღალი გავრცელებით ქოლეცისტიტი, გასტრიტი და კუჭის წყლულოვანი დაავადებები გამოირჩევა, ამიტომ მოკლედ მიმოვიხილავთ ამ დაავადებების განვითარების რისკის ფაქტორებს.
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. განასხვავებენ ალიმენტურ, ალკოჰოლურ, ალერგიულ, ანაციდურ, ანტრალურ, კატარალურ, კოროზიულ, მწვავე, ზედაპირულ, პოლიპოზურ, ქრონიკულ, ეროზიულ, წყლულოვან და სხვა ტიპის გასტრიტებს. კუჭის ლორწოვანი დამცავი გარსის დასუსტებას და დაზიანებას მრავალი ფაქტორი იწვევს. ესენია: თამბაქო, ზოგიერთი მედიკამენტი, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, სტრესი, კაუსტიკური ნივთიერებები, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, თამბაქოს წევა, ასპირინი და ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები.[iii]
კუჭის წყლულის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა Helycobacter pylori-სა და მედიკამენტურ ფაქტორს ენიჭება. ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია თამბაქოს წევის მავნე ჩვევა. რიგ შემთხვევაში წყლულის მიზეზად კუჭის წვენის გაძლიერებული სეკრეცია გვევლინება. სხვა ფაქტორებია: სხვადასხვა მუკოტროპული ვირუსით (ჰერპესვირუსები, ციტომეგალოვირუსი) ლორწოვანის ინფიცირება, ფსიქოლოგიური სტრესი, კვების არასწორი რეჟიმი და რაციონი, გენეტიკური მიდრეკილება და სხვა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებიდან ასევე გავრცელებულია ინფექციური ბუნების დიარეული დაავადებები.
- 3. რომელია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების ძირითადი სიმპტომები?
გასტრიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ვარირებს ინდივიდთა შორის, ზოგჯერ ის შესაძლოა სიმპტომების გარეშეც მიმდინარეობდეს; თუმცა ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს მიეკუთვნება:
- მუცლის შებერილობა
- ტკივილი მუცლის არეში
- გულისრევა
- ღებინება
- დისპეფსიური (საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები) მოვლენები
- ბოყინი
- მადის დაქვეითება
წყლულოვანი დაავადების ძირითადი სიმპტომია ტკივილი, რომელიც განსხვავდება იმის მიხედვით, წყლული არის კუჭში თუ თორმეტგოჯა ნაწლავში:
- კუჭის წყლულის დროს ტკივილი არის ეპიგასტრიუმის არეში, რომელიც იწყება ჭამიდან 5-15 წუთის შემდეგ და გრძელდება კუჭის შიგთავსის გადასვლამდე თორმეტგოჯა ნაწლავში ან ღებინებამდე.
- თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისთვის დამახასიათებელია რითმული ტკივილი, რომელიც იხსნება საკვების ან ანტაციდების (სიმჟავის დასაქვეითებელი პრეპარატები) მიღების შემდეგ. ტკივილი იწყება უზმოზე ანუ “მშიერ ტკივილი” ან ჭამიდან 1,5-4 საათის შემდეგ, ტიპიურია ღამის ტკივილი. ტკივილი გადაეცემა მარჯვენა ფერდქვეშა არეში.
- წყლულოვანი დაავადების დროს ზოგჯერ აღინიშნება დისპეფსიური მოვლენები: გულძმარვა, ღებინება, გულისრევა და ბოყინი.
ქოლეცისტიტის დროს, თანდართული დაავადების სახით დისკინეზია ანუ ნაღვლის ბუშტის მოტორიკის (შეკუმშვის უნარის გაძლიერება ან შესუსტება) მოშლა გვხვდება. ნაღვლის ბუშტის მოტორიკის შესუსტების დროს დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: პირში მწარე გემო, ბოყინი, გულისრევა (შესაძლოა პირღებინება ნაღვლის მინარევით), ყრუ ხასიათის მუდმივი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, რომელიც პირღებინების ან საკვების მიღების შემდეგ (ნაღვლის ბუშტის დაცლის გამო) რამდენადმე მცირდება. ნაღვლის ბუშტის მოტორიკის გაძლიერების შემთხვევაში კლინიკური სურათი განსხვავებულია. დამახასიათებელია მარჯვენა ფერდის ქვეშ ტკივილის ხანმოკლე შეტევა, რომელიც წამლების გარეშეც სწრაფად ქრება. ამ დროს ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეზე ხელით ზეწოლისას მკვეთრი ტკივილი აღინიშნება. ქოლეცისტიტს შეიძლება თან სდევდეს ცხელება, ოფლიანობა, შემცივნება და მუცლის შებერილობა. ჩვეულებრივ ქოლეცისტიტის ნიშნები გამოვლინდება ჭამის შემდგომ დიდი რაოდენობით ან ცხიმიანი საკვების მიღებისას.[iv]
- რა უნდა გავაკეთო თუ ეს სიმპტომები მაწუხებს?
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს პაციენტმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს თვითმკურნალობა, მან უნდა მიმართოს სპაციალისტს (ოჯახის ექიმს ან სპეციალიზებულ კლინიკას), რომელიც გაუწევს შესაბამის რეკომენდაციებს.
იმისათვის, რათა თავიდან აიცილოთ გამწვავებები, საჭიროა, დაიცვათ დიეტა. რემისიის პერიოდში მიზანშეწონილია საკვების ხშირი მიღება. დღეში 4-5-ჯერ, მცირე ულუფებით, მკაცრად ფიქსირებულ საათებში. მშრალი საკვები და სწრაფად მირთმეული კერძი საჭმლის მონელების პროცესს არღვევს. ამიტომ, ნაღველი არასაკმარისი რაოდენობით გამოიყოფა, რასაც საკვების არასრული შეთვისება მოსდევს. ნაღვლის ბუშტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის მიზანშეწონილია, ყოველდღიურ რაციონში 30-50 გრამი მცენარეული ცხიმი შედიოდეს. მისი რაოდენობა კალკულოზური (კენჭოვანი) ქოლეცისტიტის შემთხვევაში 20-30 გრამამდე იკლებს. ცხარე და მწარე საკვები იკრძალება. ცხოველური ცხიმებიდან შეიძლება მხოლოდ კარაქი, დღეში 15-20 გრამის ოდენობით. უმჯობესია გამომშრალი, თეთრი პური.
- რისი გაკეთება შემიძლია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების თავიდან ასაცილებლად ან რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად?
- თუ ხართ ჭარბი წონის, დაიკელით წონაში თანდათანობით. წონის სწრაფმა დაკლებამ შესაძლებელია გაზარდოს ნაღვლ-კენჭოვან დაავადების განვითარების რისკი. სწორება აიღეთ კვირაში ნახვარი კილოგრამის დაკლებაზე
- შეინარჩუნეთ ოპტიმალური წონა. ჭარბი წონა და სიმსუქნე ზრდის კენჭების წარმოქმნის რისკს. ჭარბი წონის და სიმსუქნის შემთხვევაში შეამცირეთ მიღებული კალორიების რაოდენობა და გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა.
- იკვებეთ ჯანსაღად, რეგულარულად. ჭარბი რაოდენობით ცხიმის შემცველი საკვები და უჯრედისის დეფიციტის მქონე დიეტა ზრდის ნაღვლ-კენჭოვან დაავადების განვითარების რისკს. აირჩიეთ ისეთი საკვები რომელიც შეიცავს ბოსტნეულს, ხილს, არარაფინირებულ მარცვლოვნებს.
მეტი ინფორმაცია ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ http://www.ncdc.ge/index.php?do=fullmod&mid=154
[i] http://classifications.moh.gov.ge/Classifications/Pages/ViewICD10.aspx
[ii] http://digestive.niddk.nih.gov/ddiseases/pubs/yrdd/index.aspx
[iii] http://www.mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/gastroenterologia/3769-mtsvave-gastriti.html