Logo

ექთანთა საერთაშორისო დღე, 12 მაისი, 2022 წელი

title ექთანთა საერთაშორისო დღე – ყოველწლიურად 12 მაისს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნას საფუძველი ჩაეყარა 1974 წლიდან ექთანთა საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით და სიმბოლურად ემთხვევა ფლორენს ნაიტინგეილის, თანამედროვე ექთნის პროფესიის ფუძემდებლის დაბადების დღეს. ფლორენს ნაიტინგეილმა (1820-1910) 1860 წელს ლონდონში, წმ. ტომასის სახელობის საავადმყოფოში გახსნა პირველი სკოლა ექთნებისთვის. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ყირიმის ომის დროს მედდებისათვის ტრენინგების ჩატარებით, დაჭრილი სამხედროების ორგანიზებული მოვლის სისტემის ჩამოყალიბებით.

ნაიტინგეილის ღვაწლი სათანადოდ არის დაფასებული: დამწყები ექთნები „ნაიტინგეილის ფიცს“ დებენ, ხოლო „ფლორენს ნაიტინგეილის მედალი“ უმაღლესი ჯილდოა ექთნებისთვის. ჯანმო უერთდება პარტნიორებს მსოფლიოს მასშტაბით და ხაზს უსვამს ექთანთა მნიშვნელოვან როლს სამედიცინო სფეროში. ისტორიულად, ისევე როგორც დღეს, ექთნები ეპიდემიისა და პანდემიის წინა ხაზზე იმყოფებიან. COVID-19-ის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ექთნების უმნიშვნელოვანესი როლი. კვალიფიციური საშუალო და უცროსი სამედიცინო პერსონალის გარეშე ჩვენ ვერ დავამარცხებთ პანდემიას. ვერ მივაღწევთ მდგრადი განვითარების მიზნებს – ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა“.

მნიშვნელოვანია, რომ მთავრობებმა მხარი დაუჭერონ ინვესტიციების გაძლიერებას ექთანთა პროფესიაში. მიუხედავად იმისა, რომ ექთნები გლობალურად სამედიცინო პერსონალის თითქმის ნახევარს შეადგენენ, ჯერ კიდევ მწვავედ დგას მათი დეფიციტი, ვინაიდან არსებული შეფასებებით, დამატებით 5,9 მილიონი ექთანია საჭირო, განსაკუთრებით, დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში.

გვახსოვდეს!

საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალის ცოდნის დონის ამაღლება  პირდაპირპროპორციულია ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებასა და ეკონომიკური  მაჩვენებლების ზრდასთან.

საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალის გაძლიერება დამატებით სარგებელს მოუტანს გენდერული სამართლიანობის (SDG5) პოპულარიზაციას; ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკურ განვითარებაში (SDG8) და მდგრადი განვითარების სხვა მიზნების მიღწევაში.


2022 წლის ექთნების საერთაშორისო დღის თემაა: -  „ლიდერთა ხმა - ინვესტიციების გაძლიერება საექთნო საქმის განვითარებისათვის გლობალური ჯანმრთელობის კონტექსტში"