Logo

2018 წლის 18 ნოემბერი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა

title

2018 წლის 18 ნოემბერი   საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა

2018 წლის 18 ნოემბერი საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფიო დღეა, მისი ძირითადი გზავნილია:

„გზებს ისტორიები ახლავს! გააუმჯობესე გზის უსაფრთხოება - უზრუნველყავი მშვიდობიანი დასასრული“

საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღის წლევანდელი თემატიკა  საგზაო უსაფრთხოების ათწლეულით გათვალისწინებული გლობალური სამოქმედო გეგმის მეორე კომპონენტს გზების უსაფრთხოებას და მობილურობას ეფუძნება.

საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღე დიდი ბრიტანეთის ინიციატივით 1993 წლიდან აღინიშნება. 2005 წლის 26 ოქტომბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო №60/5 რეზოლუცია – მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ და ნოემბრის მესამე კვირა დღე ოფიციალურად აღიარა საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის  მსოფლიო დღედ.

საგზაო შემთხვევებით პირობადებული დაშავება, სიკვდილიანობა და ინვალიდობა უეცარი, ძალადობრივი და ტრაგიკული მოვლენაა, რომელსაც მსხვერპლთა ნათესავებისა და ახლობლების დიდი მწუხარება ახლავს.

საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღეს საზოგადოება პატივს მიაგებს  დაღუპულთა ხსოვნას, უთანაგრძნობს მათ ნათესავებსა და ახლობლებს და მადლიერებას გამოხატავს სამაშველო, სამედიცინო სამსახურებისა და პოლიციელების მიმართ.  

ყოველდღიურად საგზაო შემთხვევებით მსოფლიოში  4000 ადამიანი იღუპება და ათასობით სახიჩრდება და ინვალიდდება. საგზაო შემთხვევების უდიდესი წილი მოსახლეობის ახალგაზრდა, სოციალურად აქტიურ ფენაზე მოდის და 15–29 წლის ასაკის პოპულაციაში სიკვდილიანობისა და  ინვალიდობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს.

ამ არაკეთილსაიმედო საერთაშორისო სტატისტიკაში „დიდი წვლილი“ საქართველოსაც შეაქვს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით 2017 წელს 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად  დაშავდა 8461 და გარდაიცვალა 517 ადამიანი. 2018 წლის სექტემბრის მდომარეობით რეგისტრირებულია 4194 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, დაიღუპა 307 და დაშავდა 5990 ადამიანი. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი იყო 3904 შემთხვევა, 333 დაღუპული და 5546 დაშავებული.   ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში გაზრდილი შემთხვევების მთავარი მიზეზია: გაუმართავი გზები, არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, ასევე, ქვეითების ბრალეულობით გამოწვეული შემთხვევები.

აუცილებელია პრევენციული ზომების გატარება, კერძოდ: მძლავრი საინფორმაციო კამპანია მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ. საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საკითხის საჯარო აღიარებისთვის. ამ დღის აღნიშვნა ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას საგზაო შემთხვევებით განპირობებული სიკვდილიანობის, ავადობისა და ინვალიდობის ტვირთის შესახებ და ახდენს პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებისა და მსხვერპლთა დახმარების სტიმულირებას.