Logo

ჰეპატიტების მსოფლიო დღე - 28 ივლისი

title

ჰეპატიტების მსოფლიო დღე  ყოველწლიურად აღინიშნება 28 ივლისს და საშუალებას აძლევს მსოფლიოს, გაერთიანდეს საერთო მიზნის მისაღწევად, რათა შემცირდეს ვირუსული ჰეპატიტების გლობალური ტვირთი და ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერება.


 მიმდინარე წელს, ჰეპატიტის მსოფლიო დღის სლოგანია - „ჰეპატიტის სერვისები მოსახლეობასთან კიდევ უფრო ახლოს!“ (Bringing hepatitis care closer to you!)  და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ჰეპატიტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, მზრუნველობის სერვისების მიღების გამარტივებას პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში და საავადმყოფოების მიღმა - თემზე დაფუძნებულ სერვისის მიმწოდებლებში, რათა მოსახლეობისთვის, მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად, ადვილად ხელმისაწვდომი იყოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით უზრუნველყოფილი მომსახურება.
მსოფლიოში შეფასებითი რიცხვით დღეისათვის 354 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ვირუსული ჰეპატიტით და დაახლოებით 1 მილიონი კვდება მისი გართულების - ღვიძლის კიბოსა და ციროზის მიზეზით.


 საქართველოსთვის ვირუსული ჰეპატიტების მართვამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან 2015 წლიდან ქვეყანაში ამოქმედდა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ჯანდაცვის სფეროში ფლაგმანად თავისი რეალური დადებითი შედეგებით და ათაიათასობით გადარჩენილი სიცოცხლით. ამ პროგრამამ იტვირთა ლოკომოტივის როლი და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა B ჰეპატიტისა და აივ ინფექციის გამოვლენა გაერთიანებული სკრინინგული ტესტირების გზით.  პრევენციული ვაქცინაციისა და მართვის სხვა კომპონენტის სრულყოფით C ჰეპატიტთან ერთად რეალური ხდება B ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევა საქართველოში. 


ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შეფასების, ასევე B და C ჰეპატიტების გავრცელებისა და რისკ-ფაქტორების შესწავლის მიზნით, CDC-ის მხარდაჭერით, 2021 წელს საქართველოში ჩატარდა SARS-CoV-2-ისა და ვირუსული B და C ჰეპატიტების სეროპრევალენტობისა და რისკის ფაქტორების პოპულაციური კვლევა. კვლევის მონაცემებით, მოზრდილ მოსახლეობაში C ჰეპატიტის აქტიური შემთხვევების გავრცელებამ 1.8% შეადგინა, ხოლო ბავშვებში შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 6 წლის მანძილზე ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელებამ 67%-ით იკლო (5.4% 2015 წელს და 1.8% 2021 წელს). კვლევამ შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა B ჰეპატიტის მხრივაც. ტესტირებულთა შორის  ბავშვებში B ჰეპატიტის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა (0,03%), რაც ვაქცინაციის პროგრამის წარმატებულ მიმდინარეობაზე მიუთითებს.
ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში არის გლობალური ჯანმრთელობისთვის მაგალითი, რომელიც აჩვენებს პარტნიორობის, პოლიტიკური მხარდაჭერის, ინვესტიციებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელის გაძლიერების მნიშვნელობას ელიმინაციის პროგრამების წარმატებაში. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიაღწევს C ჰეპატიტის ელიმინაციას.


2022 წ. 28 ივლისს, 15.00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 99) გაიმართება ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა. 


ღონისძიება ტარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის  თანამშრომლობის ფარგლებში და მასზე განხილული იქნება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები, გამოწვევები  და სამომავლო გეგმები.