Logo

ევროპის იმუნიზაციის კვირეული - პრესკონფერენცია 27.04.2022

title

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ,,ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია, რომლის მთავარი გზავნილია „ დიდხანს სიცოცხლე ყველას!“

ღონისძიებას ესწრებოდნენ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის   ხელმძღვანელი პირები. ასევე, დარგის ექსპერტები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული ბიურო 2022 წლის 24 - 30 აპრილს ევროპის იმუნიზაციის კვირეულს  აღნიშნავს. საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის  მნიშვნელობის  შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება  იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტების,   პოლიტიკოსების და  სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.