Logo

სურსათის უვნებლობის დღე, 7 ივნისი

title

„სურსათის უვნებლობა - ყველა ჩვენთაგანის ვალია“.

Food Safety – Everyone’s Business


2018  წლის დეკემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით,  2019 წლის 7 ივნისს პირველად აღინიშნება სურსათის უვნებლობის დღე, რომლის სლოგანია: „სურსათის უვნებლობა - ყველა ჩვენთაგანის ვალია“. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, მოუწოდებს ქვეყნებს დაიწყონ და მომავალ წლებშიც განაგრძონ სურსათის უვნებლობის დღის აღნიშვნა.    

საკმარის და უსაფრთხო სურსათზე ხელმისაწვდომობას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ადამიანის კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის. საკვებისმიერი დაავადებები ხელს უშლის ქვეყნების სოციო-ეკონომიკურ განვითარებას, ზიანს აყენებს ჯანდაცვის სისტემას, ეკონომიკას, ტურიზმს და ვაჭრობას.

მსოფლიოში დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი (თითქმის ყოველი მე-10) დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად ავადდება; საკვებისმიერი დაავადებების ტვირთის 40% 5 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის (სიკვდილის 125,000 შემთხვევა ყოველწლიურად)

სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, რომელიც დაფუძნებულია მთავრობების, მეწარმეებისა და მომხმარებელთა მხრიდან ერთიან პასუხისმგებლობაზე. სურსათის უსაფრთხოებისა და უვნებლობის საკითხში უდიდესი როლი ეკისრება ყველას -  სურსათის წარმოებიდან მომხმარებლამდე.

ამ დღის აღნიშვნით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ხაზს უსვამს საკვების უსაფრთხოების პრიორიტეტულობას და ხელს უწყობს საკვებისმიერი დაავადებების ტვირთის შემცირებას.