title
„ვარდისფერი
ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, განსაკუთრებით
ქალებში, ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ.
სკრინინგის მიზანია ჯანმრთელი,
ასიმპტომური პოპულაციის გამოკვლევა და ცვლილებების ადრეული აღმოჩენა სიმპტომების გამოვლენამდე.
კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების და სიკვდილობის
რისკის მკვეთრ შემცირებას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის
მონაცემებით, ევროპის რეგიონში ძუძუს კიბო ქალებში კიბოთი სიკვდილობის წამყვანი მიზეზია.
2020 წელს, ევროპის რეგიონში ძუძუს კიბო დაუდგინდა
576 337 ქალს, 157 111 კი ამ დაავადებით დაიღუპა.
საქართველოში ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის კიბოს წარმოადგენს
და რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთერთი მთავარი მიზეზია.
2022 წელს საქართველოში ქალებში
რეგისტრირებულია ძუძუს კიბოს 1 936 ახალი შემთხვევა, რაც ქალებში რეგისტრირებული ყველა
ახალი შემთხვევის 35.3%-ს შეადგენს. 2018 წელს დიაგნოსტირებულ ქალებში სარძევე ჯირკვლის
კიბოს ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელმა დაახლოებით 75% შეადგინა. 2022 წელს სარძევე
ჯირკვლის ახლად გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობაში I და II
სტადიაზე გამოვლენის წილმა 48% შეადგინა.
სკრინინგი ეფექტური საშუალებაა
გამოვავლინოთ ძუძუს კიბო ადრეულ ეტაპზე, დაავადების პროგრესირებამდე, რაც მკურნალობის
ეფექტურად წარმართვის და განკურნების საშუალებას იძლევა.
საქართველოში მოქმედებს „დაავადებათა
ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში ხორციელდება
ძუძუს, საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის ინტერვენციები მიზნობრივ
პოპულაციებში.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
კიბოს სკრინინგი უფასოა, კერძოდ:
ძუძუს კიბოს
სკრინგი ტარდება 40-70 წლის ქალებში 2 წელიწადში ერთხელ, რაც მოიცავს: მამოგრაფიას, პათოლოგიური
ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას და, საჭიროების
შემთხვევაში, ექოსკოპიის კონტროლით ძუძუს ბიოფსიას; აღებული ბიოფსიური მასალის ციტოლოგიურ
კვლევას.
საშვილოსნოს
ყელის სკრინგი ტარდება 25-60 წლის ქალებში 3 წელიწადში ერთხელ და მოიცავს: PAP-ტესტის ჩატარებას ბეტესტას
მეთოდზე დაყრდნობით; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას და საჭიროების
შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებას; აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტო-მორფოლოგიურ
კვლევას.
მსხვილი ნაწლავის
სკრინინგი ტარდება 50-70 წლის ქალებსა და მამაკაცებში 2 წელიწადში ერთხელ, რაც მოიცავს:
კოლორექტიული
კიბოს სკრინგის პროგრამა მოიცავს: ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარებას;
პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლონოსკოპიას (გაუტკივარებისა გარეშე ან გაუტკივარებით)
და საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას; აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტო-მორფოლოგიურ
კვლევას. კოლონოსკოპიის დროს შესაძლებელია პოლიპექტომიის ჩატარებაც;
სკრინინგის
პროგრამის ფარგლებში სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში.
კიბოს სკრინინგის პროგრამებით
სამიზნე მოსახელობის მოცვის გაუმჯობესების მიზნით, 2023 წლის მარტიდიდან მოქმედებს
ორგანიზებული სკრინინგი, რაც მოიცავს: ძუძუს,
საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტული კიბოს სკრინინგის ჩატარების მიზნით ოჯახის/სოფლის
ექიმების მიერ ბენეფიციარებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო
სამუშაოების ჩატარებას, სკრინინგის პროგრამაში მონაწილეობის შეთავაზებას, ვიზიტის წინასწარ
დაჯავშნას. ორგანიზებულ სკრინინგში ამჟამად ჩართულია 87 დაწესებულება.
სკრინინგის პროგრამის
ფარგლებში ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც ოჯახის ექიმის დახმარებით, ასევე ონლაინ
რეგისტრაცის საშუალებით შემდეგ ბმულზე: https://booking.moh.gov.ge/
ონკოლოგიურ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის
გაუმჯობესების მიზნით საქართველოში 2015 წლის 1 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა
კიბოს პოპულაციური რეგისტრი. 2019 წელს შეიქმნა კიბოს ერთიანი საინფორმაციო სისტემა,
რომელმაც გააერთიანა კიბოს სკრინინგის, კიბოს რეგისტრის და ლაბორატორიული კვლევების
მონაცემები.
ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების
კამპანიის ფარგლებში ოქტომბრის განმავლობაში,
ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია კონფერენციები და შეხვედრები პირველადი ჯანდაცვის სერვისების
მიმწოდებლებთან, კიბოს სკრინინგში ჩართულ სამედიცინო პერსონალთან, მუნიცილაპალური საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ცენტრების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და სხვა
ოქტომბერი შესანიშნავი
დროა დავეხმაროთ მათ, ვისაც სკრინინგი ესაჭიროება,
დროულად მიმართონ ექიმს.
ჩაიტარე ძუძუს კიბოს სკრინინგი დღესვე შენი ჯანმრთელი
ცხოვრებისათვის!
#ვარდისფერი ოქტომბერი
#კიბოსსკრინინგი