Logo

მსოფლიო თამბაქოს გარეშე

title საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მსოფლიო თამბაქოს გარეშე დღე აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები. თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველო მრავალი წელია უერთდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და მის პარტნიორებს და ყოველწლიურად, 31 მაისს აღნიშნავს მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე (World No Tobacco Day). ყოველწლიური კამპანია შესაძლებლობას გვაძლევს გავზარდოთ ცნობიერება როგორც თამბაქოს მოწევის, ასევე თამბაქოს მეორადი კვამლის ზიანის მომტანი და სასიკვდილო გავლენის შესახებ. ამით მხარს ვუჭერთ თამბაქოს ნებისმიერი ფორმით გამოყენების შეწყვეტას. 2019 წელს ძირითადი თემაა „თამბაქო და ფილტვის დაავადებები“ თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ამავდროულად პრევენცირებადი პრობლემაა. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 1 მილიონი არამწეველია და იღუპება მეორადი კვამლის (პასიური მოწევის) გავლენის გამო. თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ საქართველოში პირდაპირი ჯანდაცვის დანახარჯები და არაპირდაპირი დანახარჯები (ნაადრევი სიკვდილი და სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები) 824.9 მილიონი ლარია, რაც ქვეყნის წლიური მშპ-ს 2.43%-ს შეადგენს. თამბაქოს კონტროლის ოთხი (თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა, საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა, თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) პრიორიტეტული მუხლის აღსრულების შემთხვევაში 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53 100 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას, რაც თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს; თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი 1 ლარით უკუ-ინვესტიციის სახით ქვეყანა მიიღებს 161 ლარს 5 წლის და 357 ლარს 15 წლის განმავლობაში. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თამბაქოს კონტროლის მდგომარეობას 2018 წლის 1 მაისიდან დღემდე, განვიხილავთ თამბაქოსთვის თავის დანებების ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიასა და მოწევის შეწყვეტის ხელშეწყობის სახელმძღვანელოს, მოწევის შეწყვეტის ხელშეწყობის ინიციატივებს, თამბაქოს კონტროლის 2019 – 2023 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებსა და სამომავლო გეგმები. დამატებით, შედგა 112-ის მობილურ აპლიკაციაში ჩაშენებული თამბაქოს კომპონენტის პრეზენტაცია. მობილური აპლიკაციის რჩევების ნაწილს დაემატა ახალი კომპონენტი „თამბაქოს კონტროლი“. ამ კომპონენტში თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია როგორც კანონის თამბაქოს კონტროლის შესახებ, ასევე თუ როგორ მოვიქცეთ როდესაც ვხედავთ კანონდარღვევას, რა მავნე გავლენა აქვს თამბაქოს ჯანმრთელობაზე და როგორ დავანებოთ მოწევას თავი. კანონდარღვევის ფაქტის დასაფიქსირებლად შეგვიძლია მივმართოთ 112-ს. ახლა 112-თან დაკავშირება კიდევ უფრო მარტივია მობილური აპლიკაციის საშუალებით. მას აქვს როგორც ზარის განხორციელების, ასევე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია. ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში უკავშირდებით ოპერატორს ცოცხალი მიმოწერის რეჟიმში (live chat). თუ გსურთ დარჩეთ ანონიმური, ამის შესახებ აცნობეთ ოპერატორს. 2017 წელს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (კანონები თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსი), რითიც საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით. მონიტორინგის შედეგებმა გვაჩვენა, რომ 2018 წლის 1 მაისიდან დღემდე კანონის აღსრულება საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს. აღსრულების დონე სამასპინძლო ბიზნესში 96%-ია.