Logo

ჰეპატიტიების მსოფლიო სამიტი - საქართველოს სესია 02.11.2017

title


2017 წლის 1-3 ნოემბერს, ბრაზილიაში, ქალაქ სან პაულოში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიაზციის, ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსისა და ბრაზილიის მთავრობის ერთობლივი ორგანიზებით იმართება ჰეპატიტების მსოფლიო სამიტი, რომელსაც ესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 900-ზე მეტი დელეგატი: პოლიტიკის შემქმნელები, სამედიცინო სფეროს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და პაციენტები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ერთიანი მიზნის - ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის - ქვეშ. სამიტის მუშაობაში მონაწილეობას იღებს წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოდან, რომელიც წარადგენს ხუთ მოხსენებასა და ხუთი პოსტერს საქართველოდან.

სამიტი გახსნა ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ რეიჩელ პეკმა და ბრაზილიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა რიკარდო ბაროსმა. გახსნითი სესიის შემდეგ გაიმართა სესია „ვაქციოთ ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაცია რეალობად“, რომელსაც ქალბატონ რეიჩელ პეკთან ერთად თანათავმჯდომარეობდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აივ/შიდსის დეპარტამენტის დირექტორი გოტფრიდ ჰირნშალი.

სესიაზე მოხსენებით წარდგა 11 ქვეყნის მინისტრი ან მისი მაღალი რანგის წარმომადგენელი (ბრაზილია, ჩინეთი, ეგვიპტე, საქართველო, ლესოტო, მალტა, მონღოლეთი, პაკისტანი, სუდანი, სირია, უგანდა და ვიდეო ჩართვა ავსტრალიიდან), რომელთაც მონაწილეებს წარუდგინეს საკუთარი გამოცდილება 2030 წლისთვის ელიმინაციის მიღწევის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰეპატიტების მსოფლიო სამიტის გლობალურ მნიშვნელობას.

მაღალი დონის პანელზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა მოკლე რეზიუმე საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პროგრესის შესახებ და საქართველო წარდგა, როგორც ერთ ერთი მოწინავე ქვეყანა C ჰეპატიტის ელიმინაციის თვალსაზრისით. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში მიმდინარე სერიოზული პროგრესის შესახებ ასევე აღინიშნა მთავარ პლენარულ სხდომაზე - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ ძირითად მოხსენებაში.

სამიტზე, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ორგანიზებით, სპეციალური სესია დაეთმო საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევებს. სესიას თავმჯდომარეობდა CDC-ის ვირუსული ჰეპატიტის განყოფილების ასოცირებული დირექტორი ფრანცისკო ავერჰოფი და ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის იმუნიზაციის, ჰეპატიტების და უსაფრთხო სისხლის დეპარტამენტის წარმომადგენელი - ჰელენ ჰარისი. 

საქართველოში ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობისა და პროგრესის და სეროპრევალენტობის კვლევის შესახებ მოხსენება გააკეთა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ამირან გამყრელიძემ. მოხსენებით გამოვიდნენ ასევე CDC-ის წარმომადგენლები: ქალბატონი ლია ღვინჯილია - ჰეპატიტის მოვლის კასკადის მონიტორინგისა და ინფორმაციული სისტემის განვითარების შესახებ და ქალბატონი თინათინ ქუჩულორია - ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში სამეცნიერო კვლევების მნიშვნელობის შესახებ, ხოლო ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორმა პიტერ ვიკერმანმა გააკეთა მოხსენება საქართველოს ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პროგნოზული მოდელირების შესახებ. ამასთან, ვირუსული ჰეპატიტის ეპიდემიოლოგიისა და რისკფაქტორების სპეციალურ სესიაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის - ანა კასრაძის მიერ გაკეთდა მოხსენება საქართველოში B ჰეპატიტის გავრცელებისა და რისკ ფაქტორების შესახებ.